USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია, Hyundai-ს წყალბადზე მომუშავე საბრძოლო ტანკი - გასული კვირის მთავარი ავტოსიახლეები
თარიღი:  343

წყარო:https://bm.ge/

კვირის მთავარ ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია

ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ $1 ტრილიონს მიაღწია - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ ილონ მასკის კომპანიები ამიერიდან განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ, რადგან თავად მასკი ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
პარასკევს Tesla-ს აქციებზე ფასები 8.2%-ით, $321.22-მდე გაიზარდა, რითაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ, 2 წლის შემდეგ პირველად, $1 ტრილიონს მიაღწია. მხოლოდ ამ კვირაში, Tesla-ს კაპიტალიზაციას $230 მილიარდი მიემატა.
Reuters-ს წყარომ ასევე განუცხადა, რომ მილიარდერს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მისთვის სასურველი რეგულაციების მხარდაჭერა და აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ პოტენციური შეზღუდვების პრევენციაც შეუძლია.ამჟამად ილონ მასკის კომპანია აქტიურად მუშაობს თვითმართვადი ავტომობილების დახვეწაზე, თუმცა ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაციას, სხვა ფაქტორებთან ერთად, მარეგულირებელი ორგანო აფერხებს.
ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ილონ მასკი ერთ დღეში $26 მილიარდით გამდიდრდა, Forbes-ის თანახმად, ბიზნესმენის ქონება ამჟამად $300 მილიარდს აღწევს.

"შექმენი შენი ოცნება" - BYD-მ კვარტალური შედეგებით ამერიკულ Tesla-ს გადაუსწრო

"შექმენი შენი ოცნება" - ეს ჩინური ავტო გიგანტი BYD-ია, რომელმაც პირველად ისტორიაში კვარტალური შედეგებით მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ავტო მწარმოებელს, ამერიკულ Tesla-ს გადაუსწრო.
BYD-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $28.2 მლრდ შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ია. შედარებისთვის, ილონ მასკის Tesla-მ III კვარტალში $25.2 მლრდ შემოსავალი მიიღო. თუმცა, მესამე კვარტალში Tesla-მ რაოდენობრივად მეტი ელექტრო ავტომობილი გაყიდა, ვიდრე BYD-მ. აღსანიშნავია, რომ BYD-მა სექტემბრის თვეში გაყიდვების რეკორდი დაამყარა, რაც გაყიდვების მზარდი ტენდენციის დასტურია. ჩინური ბაზრისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ელის ჩინურ მწარმოებელს ევროპულ ბაზარზე, რადგან გასული კვირის ოთხშაბათიდან, EU-მა ტარიფები აამოქმედა, კონკრეტულად BYD-ის შემთხვევაში განაკვეთი 17%-ია. ასევე, ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებლებს უკვე ემუქრებიან 100%-იანი გადასახადით შეერთებული შტატებიდან და კანადიდან.
ინფორმაციისთვის, ჩინური ავტომწარმოებლების წინააღმდეგ მიმართული ტარიფები, ევროპული ავტოწარმოების დაცვისათვის არის მიმართული, რადგან შიშობენ, რომ მთავრობის მიერ სუბსიდირებულ ჩინურ ავტო წარმოებას კონკურენციას ვერ გაუწევენ.

ჩინეთის სარჩელი ევროკავშირის წინააღმდეგ

ევროკავშირის მიერ, ჩინურ ავტომწარმოებლებზე დაწესებული მაღალი ტარიფების საპასუხოდ, ჩინეთმა ჯერ კომპანიებს ევროპის ქვეყნებში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდა, ახლა კი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ოფიციალური სარჩელიც შეიტანა. პეკინი ევროკავშირს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. როგორც ჩანს, ჩინეთი ევროკავშირის მაღალ ტარიფებთან შეგუებას არ აპირებს. თავის მხრივ კი ევროკავშირი, შიდა მწარმოებლების დასაცავად, ჩინურ EV-ების იმპორტის შეზღუდვას განაგძობს.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს სპიკერის განცხადება გამოცემა Bloomberg-მა გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, ჩინეთი ევროკავშირს „შეცდომების“ დაუყოვნებლივი გადახედვისკენ და „უკანონო პრაქტიკის" გამოსწორებისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყნებმა ერთად შეძლონ და შეინარჩუნონ, როგორც ელექტრომომარაგების გლობალური ქსელის სტაბილურობა, ასევე ჩინეთ-ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობა.
ჩინეთი სარჩელში მიუთითებს, რომ ევროკავშირმა, მაღალი ტარიფები რაიმე კონკრეტული „ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის" გარეშე დააწესა. სახალხო რესპუბლიკის მტკიცებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება WTO-ს წესდებას არღვევს და „სამართლიანი ვაჭრობის დასაცავად შემუშავებული ზომების ბოროტად გამოყენებაა “. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლებამ სარჩელი „ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებისა და გლობალურ მწვანე ტრანსფორმაციაზე თანამშრომლობის დაცვის“ მიზნით შეიტანა.

Mazda ახალი ძრავის შემუშავებას გეგმავს - Skyactiv-z

იაპონური ავტომწარმოებელი Mazda-ს ახალი ბენზინის ძრავა, სახელად Skyactiv-Z. Skyactiv-Z-ით კომპანია Skyactiv-G-ისა და Skyactiv-X-ის ჩანაცვლებას გეგმავს. პირველი მათგანი საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა მეორემ - თავისი HCCI ტექნოლოგიის გამო - დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა. კომპანია ამ ძრავების ეტაპობრივად Skyactiv-Z-ით ჩანაცვლებას დაიწყებს, რომელიც ასევე 4-ცილინდრიანი ძრავა იქნება. ამის შემდგომ კი, კომპანია უკვე მიღებული გამოცდილებით, 6-ცილინდრიან ძრავაზე მუშაობასაც დაიწყებს.
სხვა დეტალები კომპანიის ახალი ბენზინის ძრავასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის უცნობია. ცნობილია მზოლოდ ახალი ძრავის წარმოებაში ჩაშვების თარიღი, რომელიც ამჟამინდელი მონაცემებით მაზდას 2027 წლის მოდელებში გამოჩნდება.
Skyactiv-Z-ში კომპანია „ლამბდა ერთის“ წვის მეთოდს გამოიყენებს, რაც ნიშნავს, რომ „ძრავა, ფართო დიაპაზონზე დაბალი და მაღალი ბრუნის რეჟიმებში, მაქსიმალურ თერმულ ეფექტიანობას უზრუნველყოფს“. შედეგად, ძრავა, გარემოსდაცვით პოლიტიკასაც უფრო მეტად მოერგება. Skyactiv-Z თავდაპირველად ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე გამოვა. ინჟინრები აქტიურად მუშაობენ, რომ ეს ძრავა Euro 7-ის და აშშ-ის EPA-ის Tier 4-ის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

Audi-მ ახალი საავტომობილო კომპანია დააარსა, სახელად AUDI

Volkswagen Group-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ბრენდი Audi, ჩინეთში ახალი საავტომობილო კომპანიის შესაქმნელად ჩინურ ავტომწარმოებელ SAIC-თან გაერთიანდა. Audi-ის, ამ შემთხვევაში, ახალი კომპანიის ლოგოდ ოთხი რგოლი არ გამოუყენებია, თუმცა მარკეტინგის გუნდს, როგორც ჩანს სახელზე ბევრი არ უფიქრია.
ეს არის AUDI, ვერბალურად განსხვავება არ არის, უბრალოდ ახალი ბრენდის სახელი დიდი აოსებით იწერება და როგორც ტრადიციული გერმანული ბრენდის. დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, SAIC-თან თანამშრომლობით შექმნილი კომპანიის ლოგოც მხოლოდ AUDI იქნება.
პირველი მოდელი, რომელსაც Audi და SAIC-ი ერთობლივი თანამშრომლობით წარმოგვიდგენენ, AUDI E კონცეფცია იქნება. ხოლო ამის შემდეგ, მომავალ წელს უკვე სამ ახალ, სერიული წარმოების ავტომობილს ვიხილავთ. ამ მოდელების პარალელურად კი, Audi, ცალკე, თავისი მოდელების წარმოებასაც გააგრძელებს.
ანალიტიკოსთა ნაწილი, კომპანიისთვის სახელის შენარჩუნებას, მარკეტინგულ გეგმებს უკავშირებს. ჩინეთში ახალი ბრენდები თითქმის ყოველ კვირას ჩნდება, შესაბამისად მაღალკონკურენტული გარემოც იქმნება. სახელის შენარჩუნება ამ კომპანიის კონკურენტებისგან გამორჩევას და ბაზარზე დამკვიდრებას შუწყობს ხელს.

Hyundai-ს წყალბადზე მომუშავე საბრძოლო ტანკი

ეს ფუტურისტული დიზაინის ტანკი Hyundai-ის ხედვაა, თუ როგორი იქნება შემდეგი თაობის საბრძოლო ტანკი, რომელიც წყალბადის საწვავის უჯრედებს გამოიყენებს. ამ ტანკის კონცეფცია, სახელწოდებით Main Battle Tank, მაგრამ ასევე ცნობილი როგორც K3, ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ პირველად 12 თვის წინ წარადგინა. მაშინ, ფართო საზოგადოებას Hyundai-მ მისი ხედვები სეულის აერონავტიკისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენაზე გააცნო. შემდგომში, ევროპისა და კორეის რამდენიმე სხვა ღონისძიებაზე, ტანკი Hyundai Rotem-ის პრეზენტაციის ფარგლებშიც გამოჩნდა.
Hyundai-ის მომავლის ტანკი უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ამ ტანკის კორპუსი სრულად ფოლადის, კერამიკისა და კომპოზიტური ჯავშანისგანაა შექმნილი. საბრძოლო ველზე კი, სავარაუდოდ, Hyundai-ის K3-ს ავტონომიური მართვის ფუნქციების გამოყენებაც შეეძლება.
გასულ წელს ვარაუდობდნენ, რომ K3 სრულიად უპილოტო ტანკი იქნებოდა, რომლის გაკონტროლებაც დისტანციურად იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ახალი ანგარიშების თანახმად, ტანკში სამი ადამიანი თავისუფლად განთავსდება. მას ასევე ექნება დრონებს განლაგების შესაძლებლობა, რაც შეიძლება საკმაოდ მოსახერხებელი იყოს სადაზვერვო მისიებში.

კორეის სამხედროები ამჟამად K2 Black Panther-ს იყენებენ. ტანკი 1500 ცხენის ძალის მქონე 12-ცილინდრიანი დიზელის ძრავითაა აღჭურვილი. თავდაპირველად, ავტომწარმოებელმა შესაძლოა K3-იც დიზელის ძრავით გამოუშვას, თუმცა ეტაპობრივად, მას წყალბადის ენერგია ჩაანაცვლებს, რაც მას ბევრად ეკომეგობრულსაც გახდის.
მიუხედავად იდეის წარდგენისა, დიდი ალბათობით, Hyundai მომავლის ტანკებს 2030 წლამდე რეალობაში ვერ მოიყვანს. კორეის სამხედრო არსენალში კი, ამ ვადებით, მათ 2040 წლამდე ვერ ვიხილავთ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის