USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ეს დღე ისტორიაში - 2 სექტემბერი
Date:  229

2 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 245-ე დღე (ნაკიან წლებში – 246-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 120 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 31 : აქციუმის კუნძულებთან ბრძოლაში ოქტავიანემ დაამარცა მარკუს ანტონიუსის და კლეოპატრას ფლოტი,
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ბეჭედი
  • 1666 : ლონდონის დიდი ხანძარი იწყება, რომელიც სამი დღის განმავლობაში 10,000 ნაგებობას ანადგურებს, წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის ჩათვლით.
  • 1752 : დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადადის, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.
  • 1789 : დაარსდა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი (სურათზე ბეჭედი).
  • 1870 : ფრანკო-პრუსიის ომი - პრუსიელებმა შეიპყრეს ნაპოლეონ III სედანის ბრძოლაში; საფრანგეთის მეორე იმპერია რამდენიმე დღეში დაიშალა.
  • 1945 : ვიეტნამი დამოუკიდებლობას აცხადებს, და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკად (ჩრდილოეთ ვიეტნამი) ყალიბდება.
  • 1991 : აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნების: ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის დამოუკიდებლობას ცნობს.
  • 2008 : კომპანია გუგლმა ვებ-ბრაუზერი Google Chrome შექმნა.
  • 2009 : იოლუ აბილის ინაუგურაცია შედგა ვანუატუს პრეზიდენტის პოსტზე.
  • 2013 :
    • კომპანია Microsoft-მა ფინური Nokia-ს მობილურების მწარმოებელი ქვედანაყოფი 7,2 მილიარდ $-ად შეიძინა.
    • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან 3:2 გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
  • 2014: არქეოლოგებმა გიბრალტარში, გორჰამის მღვიმეში, ნეანდერტალელების მიერ შესრულებული აბსტრაქტული ნახატები აღმოაჩინეს.
  • 2018 : ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი ხანძარმა გაანადგურა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1805 : ეჩევერია, ესპებან — არგენტინელი მწერალი
  • 1838 : ლილიუოკალანი — ჰავაის სამეფოს დედოფალი
  • 1853 : ოსტვალდი, ვილჰელმ — გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1856 : ჰარა ტაკასი — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე (გ. 1921)
  • 1877 : სოდი, ფრედერიკ — ბრიტანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1894 : როტი, იოზეფ — ავსტრიელი მწერალი
  • 1926 : ლეონოვი, ევგენი — საბჭოთა და რუსი მსახიობი
  • 1950 : იუენ ვაჰ — ჩინელი მსახიობი
  • 1953 : ზორნი, ჯონ — ამერიკელი მუსიკოსი
  • 1964 : კიანუ რივზი — ჰოლივუდის კინო-მსახიობი 

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 421 : კონსტანტიუს III — რომის იმპერატორი
  • 1274 : პრინცი მუნეტაკა — იაპონიის სიოგუნი
  • 1651 : ქიოსემ სულთანი — ოსმალეთის სულთნის, აჰმედ I-ის მეუღლე.
  • 1540 : ლებნა დენგელი — ეთიოპიის იმპერატორი
  • 1768 : დეპარსიო, ანტუან — ფრანგი მათემატიკოსი
  • 1813 : მორო, ჟან ვიქტორ მარი — ფრანგი გენერალი
  • 1820 : ჟიაქინგი — ჩინეთის იმპერატორი
  • 1865 : ჰამილტონი, უილიამ როუან — ირლანდიელი მათემატიკოსი
  • 1937 : კუბერტენი, პიერ დე — ფრანგი საზოგადო მოღვაწე
  • 1969 : ჰო ში მინი — ვიეტნამის ლიდერი
  • 1973 : ტოლკინი, ჯონ რონალდ რუელ — ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი (დ. 1892)
  • 1991 : გარსია რობლესი, ალფონსო — მექსიკელი დიპლომატი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1992 : მაკ-კლინტოკი, ბარბარე — ამერიკელი გენეტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 2011 : ზინაიდა კვერენჩხილაძე — საქართველოს სახალხო არტისტი.
  • 2016 : ისლამ ქარიმოვი — უზბეკეთის პრეზიდენტი.

დღესასწაულები

ეროვნული

  •  ვიეტნამი — დამოუკიდებლობის დღე
  • რუსეთი — მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღე.

რელიგიური

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • სამოელ წინასწარმეტყველი
    • წმინდა სევეროსი და მემნონი და მათ თანა 37 მოწამე
    • წმინდა ლუკიუსი
    • წმინდა ილიოდორე და დოსე
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way