USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რევოლუცია ადამიანის აზროვნებაში" — გია დვალი კვანტური ფიზიკის შესახებ
თარიღი:  987

ავტორი: ნინო გიორგობიანი

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ სულხან მეტრეველთან ჩაწერილ ახალ ვიდეოინტერვიუში ქართველმა ფიზიკოსმა, გია დვალმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის სამყაროს ციკლურობასა და კვანტური ფიზიკის პრობლემებზე.

ყოველთვის, როცა კოსმოსის პირველსაწყისზე ვსაუბრობთ, მივდივართ მომენტამდე, საიდანაც ბუნდოვანებას ვაწყდებით, რადგან მიზეზ-შედეგობრიობის ჩვენთვის გაურკვეველ ზღვრამდე მივდივართ. უკვე დიდი ხანია, არსებობს იდეა სამყაროს ციკლურობის შესახებ, რომელიც ამ დაბრკოლებას, ასე თუ ისე, ხსნის. აღნიშნული ჰიპოთეზა დასაწყისის ნაცვლად, მუდმივ ციკლს გვთავაზობს, ანუ დაუსრულებელ კვლავწარმოებას, მაგრამ რამდენად შეიძლება, რომ ეს მართლაც ასე იყოს?

ამის გასაგებად, გია დვალი, პირველ რიგში, სამყაროს გაფართოების "ენერგეტიკულ ბიუჯეტზე" ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კოსმოსის მომავალს გასაზღვრავს. ის სამნაირია: კრიტიკული, კრიტიკულზე ნაკლები და კრიტიკულად მაღალი. პირველი და მეორე ნიშნავს, რომ სამყარო არასდროს შეიკუმშება (შესაბამისად, აღარც ხელახლა გაფართოვდება), მესამე კი საპირისპიროზე მიუთითებს.

ამჟამად ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ზემოხსენებული ბიუჯეტი კრიტიკულთან საოცრად ახლოსაა, ხოლო ციკლურობა მხოლოდ შეკუმშვის შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა სამყარო ისევ გაცხელდება, ციური სხეულები დაიშლება, პლაზმად იქცევა და მივალთ მდგომარეობამდე, რომელსაც სინგულარობა ეწოდება.

"იმისათვის, რომ ეს მოხდეს, სამყაროს ენერგეტიკულ ბალანსში უნდა არსებობდეს სუბსტანცია, რომელიც არღვევს ე.წ. ენერგიის პირობებს. უხეშად რომ ვთქვათ, უნდა არსებობდეს სუბსტანცია, რომელიც ანტიგრავიტაციას იწვევს", — ამბობს დვალი.

ფიზიკოსის თქმით, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც ფიზიკაში ვიცით, რადგან ასეთი სუბსტანციის არსებობა ყველანაირ მიზეზ-შედეგობრიობას დაარღვევდა. საერთოდ არ ვიარსებებდით, რადგან ვაკუუმი არ იქნებოდა სტაბილური.

"მეცნიერების სიძლიერე ზუსტად ის არის, რომ არსებობს იდეა, მაგრამ იდეა, ეს არ არის თეორია. სანამ მეცნიერული იდეა გახდება თეორია, მან უნდა გაიაროს უზარმაზარი წყება გამოცდებისა და ლოგიკური თვითშეთანხმებულობის. ასეთი ტიპის იდეების 99.99% 1 საათში კვდება. როგორც კი კოლეგასთან ერთად დასხდებით და მათი ვალიდურობის შემოწმებას დაიწყებთ", — აცხადებს ქართველი მკვლევარი.

საქმე იმაშია, რომ ასეთი ჰიპოთეზები ძალიან ბევრ დაშვებას ეფუძნება, თეორია კი უამრავ შემოწმებას გადის, არაფერს უპირისპირდება, ლოგიკურად შინაგანი წინააღმდეგობა არ აქვს და შეიცავს წინასწარმეტყველებას, რომელსაც ექსპერიმენტულად გამოვცდით

ამასთან დაკავშირებით დვალი კოლეგის ნათქვამს იხსენებს — "პროგრესს სწორედ იმიტომ ვაღწევთ, რომ იდეების უმეტესობა არ მუშაობს, ყველა იდეა რომ მუშაობდეს, პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა".

ფოტო: cloudfront

ის კვანტურ მექანიკაზეც საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს მისადმი უნდობლობაზე, კლასიკურ ფიზიკასთან დაპირისპირებულობაზე, რომელსაც არ ეთანხმება. მეტიც, დვალის აზრით, თანამედროვე ფიზიკა სწორედ მასზეა დაფუძნებული. კერძოდ, კვანტური ველის თეორიაზე, რომლის გამოცდადაც შეგვიძლია მთელი მეცნიერული პროგრესი მივიჩნიოთ, ადრეული სამყაროს გაგებიდან დაწყებული, ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენით დამთავრებული.

"ფუნდამენტურად შეუძლებელია, რაიმე წინააღმდეგობამ იარსებოს", — აცხადებს დვალი და მაგალითად მოჰყავს ის, რომ კვანტურ ველს მხოლოდ ლაბორატორიებში არ ვცდით, არამედ თანამედროვე მოწყობილობების მუშაობაც ერთგვარი გამოცდაა.

მისი თქმით, ეს უნდობლობა დისკომფორტის საკითხია, რადგან კვანტურ მექანიკას ზოგი ადამიანი კომფორტის ზონიდან გამოჰყავს.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რევოლუცია ადამიანის აზროვნებაში, როდესაც კლასიკურიდან კვანტურ აზროვნებაზე გადავედით... სამყაროს აღქმაში ყოველთვის ვიყენებთ რაღაცა ენას, ამ ენაზე ვცდილობთ, სამყარო აღვიქვათ. ის კი ყოველთვის ეფუძნება ჩვენს ფსიქოლოგიას, რაობას... ჩვენ ვართ მაკროსკოპული ობიექტები, შესაბამისად, ჩვენთვის კარგად მუშაობს კლასიკური ფიზიკა", — ამბობს მკვლევარი.

ფოტო: makeagif

ამ ენაში იგულისხმება, რომ ევოლუციის ყველა ეტაპზე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგალითად, სხეულების მოძრაობა და მდებარეობა, ის, რომ ერთდროულად 2 ადგილზე ვერ იქნებიან, რაც მაკროსკოპულ არსებებში ამართლებს. ამიტომ კვანტური სუპერპოზიცია ზოგისთვის ცოტა გაუგებარი შეიძლება იყოს და პარადოქსად აღიქმებოდეს. გამონაკლისი არც დიდი მეცნიერები არიან.

”აინშტაინმა უდიდესი ბიძგი მისცა კვანტურ მექანიკას, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაუგო, სულ პარადოქსებს ეძებდა. ეს ძალიან კარგია, რადგან, როდესაც ჭკვიანი ადამიანი პარადოქსებს ეძებს, ყოველთვის რაღაც ახალს პოულობს”, — აღნიშნავს ფიზიკოსი.

უკეთ რომ გავიგოთ, არსებობს უმცირესი ალბათობა, რომ, ვთქვათ, ვეფხვი სუპერპოზიციაშია, მაგრამ მისთვის ეს ალბათობა იმდენად მცირეა, რომ შეგვიძლია დავივიწყოთ და მას ჩვენი ნორმალური ინტუიცია მივუყენოთ. ელემენტარული ნაწილაკების შემთხვევაში, ამას ვეღარ ვიზამთ, რადგან მათთვის სწორედ სუპერპოზიცია არის მთავარი, რასაც კვანტურ კომპიუტერებში კუბიტების ორმაგი მნიშვნელობაც ცხადყოფს (0 და 1).

დვალი ამბობს, რომ თუნდაც ერთუჯრედიანი ამება უდიდესი რაოდენობის კვანტური ნაწილაკებისგან შედგება, ხოლო რაც უფრო მეტია ამ ნაწილაკების რიცხვი, მით უფრო კლასიკურია ობიექტი. ამების სუპერპოზიციაში გადაყვანის დასაწყებად იმხელა პერიოდია საჭირო, რომ ის თავად სამყაროს ასაკს მრავალ მილიარდჯერ აღემატება, ამიტომ ვერ ვაკვირდებით მას სუპერპოზიციაში. ამასთან, ასეთ ექსპერიმენტში ცდისპირი გარემოსგან მთლიანად იზოლირებული უნდა იყოს, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ის ასკვნის, რომ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მაკროსკოპულობაშია.

სრული ინტერვიუს სანახავად, გადადით ამ ბმულზე.

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის