USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
"ერთი გმირის ისტორია" - უფროსი ლეიტენანტი მურმან ჩანქსელიანი
Date:  681
დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმისთვის ბრძოლაში... დაიბადა 1950 წლის 7 მარტს, ლენტეხის რაიონის სოფელ ბავარში. სკოლა დაამთავრა ლენტეხის რაიონში. მოგვიანებით,მისი ოჯახი, საცხოვრებლად გადავიდა ხონის რაიონის სოფელ პატარა კუხში. 1993 წლის 26 ივლისიდან მსახურობდა 21-ე მექანიზებული ბრიგადის მეორე ბატალიონში, ნაღმმტყორცნელთა ასეულის პირველი ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე; 1993 წლის 21 სექტემბერს, საბრძოლო დავალების შესასრულებლად, მივლინებულ იქნა სოხუმში; 1993 წლის 25 სექტემბერს, დაიღუპა სოხუმის ახალ რაიონში, სოხუმის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლაში.
 
ლიანა ჩანქსელიანი-მეუღლე _ ‘’30 წლის შემდეგაც არ შემიძლია მურმანზე ცრემლების გარეშე საუბარი... დღემდე გულით ვატარებ იმ დიდ სიყვარულს, რასაც ის ჩვენ გვჩუქნიდა. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლე, გამორჩეული პიროვნება გახლდათ_ წესიერი, ძალიან განათლებული, 3 არაჩვეულებრივი შვილის მოსიყვარულე მამა და ჩემთვის კი_მზრუნველი მეუღლე. სამივე შვილი ისე გავზარდე, რომ უმამობით გამოწვეული უდიდესი ტკივილი, მამაზე მოგონებით, მისი ვაჟკაცობით და გმირული საქციელით ოდნავ მაინც დაეამებინა...
მურმანი და მისი დედმამიშვილები, ბავშვობიდან, რაიონისა და სკოლის ბიბლიოთეკის კარს არ მოშორებიან_ კითხვა უყვარდათ,მთელ დროს წიგნებთან ატარებდნენ. მურმანს განსაკუთრებით უყვარდა საქართველოს ისტორია, თავისი სამშობლოს თითოეული კუთხე; ყველა ისტორიული ძეგლი იცოდა, ამაყობდა თავისი ქვეყნის მდიდარი ისტორიით და ბედნიერი იყო, რომ საქართველოს შვილი გახლდათ! სამშობლოს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები რომ დაიწყო, არც კი დაფიქრებულა, ისე მივიდა 21-ე ბრიგადაში, აიღო იარაღი ხელში და ქვეყნის დასაცავად წავიდა. ცრემლიანი ვევედრებოდი_ არ წახვიდე, დარჩი და ბავშვებს მივხედოთ-მეთქი; ‘’სახლში ვერ დავჯდები!.. ჩემი ბიჭების გვერდით უნდა ვიყო, მათ არასოდეს მივატოვებო’’,- მპასუხობდა. თავი გადადებული ჰქონდა, თითქოს... და ასეც დაასრულა თავისი ლამაზი სიცოცხლე!.. როცა მისი შენაერთი სოხუმისთვის საბრძოლველად გაემართა, თანამებრძოლებს ისე გაჰყვა, ჩემთვის არაფერი უთქვამს! ღამის 2 საათზე შეიტყო, რომ სოხუმში მიდიოდა, სახლში არც მოსულა, არ დამემშვიდობა, მამამისთან მივიდა, თავისი ძმა ნახა და უთხრა: “მე, ბიჭებთან ერთად, სოხუმში მივდივარ; ჩემს ოჯახს შენ გიტოვებ, მიმიხედე... ლიანასთან ვერ მივდივარ გამოსამშვიდობებლად და ნურც შენ ეტყვი, რომ სოხუმში წავედი, თორემ, ინერვიულებს. რომ ჩამოვალ, თავად ავუხსნი ყველაფერს...ჩემზე კი, არ იდარდოთ, მშვიდობით დაგიბრუნდებითო.’’ თუმცა, ვეღარ დამიბრუნდა! მე კი დავრჩი ხერხემალში გადატეხილი_ 3 შვილის ამარა, რომელთაგან უფროსი, 14 წლის იყო და პირველმა, სწორედ მან შეიტყო მურმანის დაღუპვის ამბავი. როცა მეუღლის შესახებ ვერაფერი გავიგე, ჩემი უფროსი ვაჟი გავუშვი სამხედრო ნაწილში, რომ იქნებ, რაიმე ინფორმაცია შეეტყო. ხონში იყო სამხედრო ბაზა, მისულა ბავშვი იქ და ჭიშკართან შეკრებილი მეომრები უნახავს; ამ დროს, ავტობუსი ჩამომდგარა, იქიდან გადმოსული ჯარისკაცები, ცრემლებით გადაეხვივნენ, თურმე, ეზოში შეკრებილთ_მურმანი აღარ გვყავსო... ჩემს ბიჭს გაუგია ეს საზარელი ამბავი, გული მოუკვდა, მაგრამ მე არაფერი მითხრა! გაურკვევლობაში ჩავარდნილს, სულ ცრემლებით მქონდა თვალები სავსე. მე რომ ვტიროდი, მომიჯდებოდა გვერდით და ისიც ტიროდა! შენ რაღატომ ტირი, დედი-მეთქი, ვეკითხებოდი და შენ რომ ტირი, გული მიკვდება და ამიტომ ვტირი მეცო... მთელი კვირის განმავლობაში, გულით დაატარებდა ამხელა ტკივილს...
 
ჩემი ოჯახის უბედურების შესახებ მთელს სოფელს სცოდნია, თურმე, უკვე გადმოსვენებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ მე არავინ არაფერს მეუბნებოდა... მურმანი, ჩვენს სოფელში, პატარა კუხში დავკრძალეთ. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩემი ცხოვრება, ერთ დიდ მონატრებად და ცრემლად იქცა, მაგრამ ამ ცრემლებს არავის ვაჩვენებდი_ ლექსებს ვწერდი და ასე ვცდილობდი მონატრების და ტკივილის დაამებას... 8 შვილიშვილი მყავს, მათგან ერთი ვაჟია და ისიც ჩემი მურმანის მოსახელე... 30 წელია, სულ იმის მოლოდინში ვარ, როდის შევხვდები ჩემს მეუღლეს მარადისობაში; ბევრი მაქვს მისთვის სათქმელი...
 
მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, უპირველეს ყოვლისა კი იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც სამშობლოს და ოჯახის მიმართ ჰქონდა! არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და პირადად თქვენი_საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიმართ იმ ღვაწლისთვის, რომელსაც ასე უშურველად გასწევთ სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების სახელების უკვდავსაყოფად! ‘’
 
ივანე ჯანჯღავა-თანამებრძოლი_ ‘’მურმანი, ჩვენს შენაერთში, 1992 წლის ბოლოს მოვიდა. 21-ე ბრიგადის მეორე ბატალიონი ხონში იყო დისლოცირებული. მანამდე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პოზიციურ ბრძოლებში ოჩამჩირეში, კერძოდ, მერკულაში. ოფიცერი გახლდათ. გემზე ჰქონდა სამსახური გავლილი და იქ ჰქონდა მიღებული უფროსი ლეიტენანტის წოდება. 1993 წლის სექტემბრის დასაწყისში, პატაკი დაწერა ჯარიდან წასვლის თაობაზე; ჯერ, გათავისუფლებული არც იყო, როცა სოხუმში ჩვენი ბატალიონის წასვლასთან დაკავშირებით განგაში გამოცხადდა. მურმანი ავიდა კანცელარიაში, გამოითხოვა თავისი პატაკი და დახია: ’’სადაც თქვენ ხართ, მეც იქ ვიქნები ბოლომდეო,’’ თანამებრძოლებს გვითხრა... სოხუმში 1993 წლის 22 სექტემბერს ჩავფრინდით. ორი ბატალიონი ვიყავით ერთად_ 21-ე ბრიგადის მეორე და მესამე ბატალიონი. მებრძოლების ნაწილს მოუწია გუმისთის მიმართულებით წასვლა, ჩვენ კი_სოხუმში, ახალ რაიონში განვლაგდით. მურმანი იმ ჯგუფში იყო, ვისაც ფუნიკულიორის დაცვა დაევალა; შენაერთი იქ მიემართებოდა, როცა მეთაური, ალეკო ლეჟავა დაიჭრა, სწორედ მაშინ დაიღუპა მურმანი_ 1993 წლის 25 სექტემბერს... როგორც ჩვენი თანამებრძოლები ამბობენ, იგი, დაჭრილი მეთაურისა და თანამებრძოლების ბრძოლის ველიდან გამოსაყვანად შევიდა ტყვიების წვიმაში და იქიდან ვეღარ დაბრუნდა!... მას შეეძლო, არ წამოსულიყო საბრძოლო მოქმედებების ზონაში, მით უფრო მაშინ, როცა შეიარაღებული ძალებიდან წასვლაზე პატაკი დაწერილი ჰქონდა, მაგრამ ისეთი ვაჟკაცი იყო, სამშობლოს და თანამებრძოლების ისეთი ერთგული, რომ თანამებრძოლების გვერდით დადგა ბოლომდე! სამშობლოს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უერთგულა და სიცოცხლეც გაწირა! აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები რომ დაიწყო, კარგი სამსახური მიატოვა, იარაღი აიღო ხელში და ომში წავიდა_საქართველოსთვის ომში! მურმან ჩანქსელიანი უაღრესად წესიერი, პატიოსანი, გულანთებული პატრიოტი იყო. თავისი ოჯახი და სამშობლო უზომოდ უყვარდა და ეს სიყვარული თავისი სიკვდილითაც დაამტკიცა!’’
 
მურმან ჩანქსელიანი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა მედლით’’მხედრული მამაცობისათვის’’.
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way