USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
ერთი გმირის ისტორია - მურმან ჯანელიძე
дата:  516

ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ ერთი გმირის ისტორიას

მურმან ჯანელიძე

დაიბადა 1972 წლის 4 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყალში. იქვე დაამთავრა სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახურში იყო, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და წავიდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ირიცხებოდა ორხევის ბატალიონში; დაიღუპა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ‘’ატარა არმიანსკოეში’’ 1992 წლის 26 დეკემბერს...

გია გაფრინდაშვილიმურმან ჯანელიძის თანამებრძოლი’’ ომში, ყველას მეტსახელები გვქონდა, მურმანს, ყველა’’სიკვდილას’’ ვეძახდით. ხუმრობდა ხოლმე ბიჭებო, საქართველოს მტრებს ჩავასიკვდილებთო და ამიტომაც შეარქვეს ეს მეტსახელი.

ორხევის ბატალიონის განაყოფის მებრძოლი ვიყავი; ჩვენი მეთაური, სულგანათლებული ვასიკო ამირიძე გახლდათ. მურმანიც იქ გავიცანი, 1992 წლის სექტემბერშიაფხაზეთში, ომი ახალდაწყებული იყო. შენაერთში, სულ 30 კაცამდე ვიყავით, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულნი და თუ გავითვალისწინებთ, რომ არაპროფესიონალი მეომრები გახლდით, ძირითადად, გულანთებული მოხალისეები, არც თუ მოკრძალებული წვლილი კი გვაქვს შეტანილი ქვეყნისთვის ბრძოლაში. მურმანიც ჩვენსავით, ასე, გამოუცდელი მეომარი იყო, მაგრამ სიყვარულით სავსე გულით; სოხუმის აეროპორტში ჩამოფრინდა თუ არა, ჩვენს შენაერთში მოვიდაჩვენ, მაშინ, სწორედ ბაბუშერას აეროპორტს ვიცავდით; ჩვენი კურატორი გენერალი ზურაბ ნაირაშვილი გახლდათლეგენდარული მფრინავის, ჯიმი მაისურაძის ახლო მეგობარი და თუ რამე რჩევა-დარიგება გვჭირდებოდა, ორივე დაუზარელად მზად იყო, ჩვენთვის ყველანაირი თანადგომა გაეწია. რამდენიმე სერიოზული ბრძოლაც გადაგვხდა ადიუბჟაში, კოდორში, კინდღში, ‘’ატარა არმიანსკოე’’-შიამ ბრძოლებში სხვა, უფრო მსხვილ შენაერთებთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენთან ერთად იყო მურმანიც. (1993 წლის მარტში, უკვე, ჩვენი შენაერთი, სადესანტო-მოიერიშე ბატალიონს შეუერთდა) გამოცდილი მებრძოლი არც ერთი არ ვყოფილვართ, იქ, აფხაზეთში მივიღეთ ‘’საბრძოლო ნათლობა’’.. მე ინჟინერი ვარ (ამიტომაც მეტსახელი’’ინჟინერა’’დამარქვეს, ვასიკო ამირიძე მხატვარი იყო..) ყველას განსხვავებული პროფესიები გვქონდა, მაგრამ ერთმა, ყველაზე მთავარმა ჩვენი სამშობლოს სიყვარულმა გაგვაერთიანა!

ჩვენი შენაერთიდან, პირველი, ზაზა აფციაური დაიღუპა, შემდეგ იყო ‘’სიკვდილა’’... სხვათა შორის, მურმანი იმ დღეს დაიღუპა, როცა ჯიმი მაისურაძე...

მურმანი იყო თავისი ლამაზი კუთხისიმერეთის ტიპური წარმომადგენელი, ქუთაისური კილოთი, ქუთაისელებისთვის დამახასიათებელი ხალასი იუმორით; ძალიან ლაღი იყო, სუფთა, მოსიყვარულე. სულ ხუმრობდა, სულ ცდილობდა, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, გავემხიარულებინეთ და დარდი დაგვვიწყებოდა. ერთხელ, მახსოვს, ბრძოლით დაღლილები ვიყავით და უცებ, მურმანი, ცხენზე ამხედრებული გამოგვეცხადა სადღაც შარვალ-კოსტუმი უშოვია, ოღონდ, შარვალი მოკლე ჰქონდა (ტანმაღალი იყო) და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა; რომ შევხედეთ, დარდი და დაღლილობა ყველას დაგვავიწყდა. მას, სამწუხაროდ,შთამომავლობა არ დარჩენია; ერთი და ჰყავდა მხოლოდ...

მამამისი, მურმანის გასვენების მეორე დღეს, დარდით, ლოგინად ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა. დედამ კი იცოცხლა ერთ ხანს, მაგრამ ისიც გადაიყოლა შვილის მონატრებამ. ერთხელ ჩავედით ბიჭები მის ოჯახში, თანადგომა გავუწიეთ. დედამისის ცრემლებს, გოდებას ვერ გავუძელით და დიდ ხანს ვერ გავჩერდით. აღარ გვინდოდა, ჩვენს იქ ყოფნას, მასში, შვილზე მოგონებები გაემძაფრებინა.

ისე დავკრძალეთ მის მშობლიურ სოფელში, მისი საფლავის გათხრისას, ბარი არ გამოგვიყენებია შიშველი ხელებით ვთხრიდით მის სამუდამო განსასვენებელს...ასე გამოვხატეთ მის მიმართ უდიდესი სიყვარული, რასაც ნამდვილად იმსახურებდა...’’

 მალხაზ მამედოვი თანამებრძოლი ‘’ატარა არმიანსკოეში’’ იყო ბრძოლა, სროლით მივიკვლევდით გზას. მთელი ღამის უძილოები ვიყავით, მარცხენა მხარეს, გია გაფრინდაშვილი იყო მეტყვიამფრქვევე, მარჯვენა მხარეს ჩვენი მეორე მებრძოლი, შუაში მივდიოდით ქვეითები. იმ დღეს, მურმანმა, პირველად გაისროლა ყუმბართმყორცნიდან. იგი გზასთან ახლოს იმყოფებოდა და იქიდან გახსნა ცეცხლი. დასახლებულ პუნქტთან ახლოს ვიყავით, საიდანაც, გზა, ტყეში შედიოდა. ტყე რომ მთავრდებოდა, იქიდან გადასახედი იყო და, თურმე,აფხაზებს იქ პოზიციები ჰქონდათ, რის შესახებაც,ჩვენ, არ ვიცოდით. მურმანმა ორჯერ გაისროლა და ალბათ, ამით მიიპყრო მოწინააღმდეგის ყურადღება, რადგან ბრძოლისას, მეტყვიამფრქვევეს და ყუმბართმტყორცნელს უმიზნებს პირველ რიგში მტერი. მესამედ რომ გაისროლა, მაშინ დაიჭრა ‘’აკაესის’’ ტყვიით. ძალიან ახლო მანძილზე ვიმყოფებოდით ერთმანეთთან ჩვენ და მტრის მებრძოლებიფაქტობრივად, ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ჩვენი ტანკი როცა მოვიდა, მურმანი უკვე დაჭრილი იყო. დავინახე, დაჭრილს, სისხლი როგორ სდიოდა, მაგრამ პოზიციას ვერ მივატოვებდი; ტყვია მხარში მოხვდა და სახის არემდე ააღწია. დაჭრილი მურმანი ჩვენს ექთანს და კიდევ ორ თანამებრძოლს მოჰყავდა; მესმოდა მისი ხმა გამაყუჩებელი გამიკეთეთ, მტკივაო... გაუჩერებლად ისროდა მოწინააღმდეგე მხარეტყვიების წვიმა გეგონებოდათ. ჩვენი შენაერთის ტანკამდე მიიყვანეს იგი... ტანკის კორპუსზე დააწვინეს და სწორედ იქ დალია სულიღიმილით.. ამ ქვეყნიდან ღიმილით გავიდა!.. ‘’

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати