USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
„ერთი გმირის ისტორია“ - კახაბერ წინამძღვრიშვილი
თარიღი:  3568
კახაბერ წინამძღვრიშვილი დაიბადა 1973 წლის 2 დეკემბერს, მცხეთაში, სოფელ ძალისში. 1992-1993 წლებში მსახურობდა პირველი საარმიო კორპუსის, პირველ ბრიგადაში, რიგით ჯარისკაცად. გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს, 19 წლის ასაკში. დაკრძალულია ძალისში, მამის გვერდით, საგვარეულო სასაფლაოზე.
 
დალი წინამძღვრიშვილი, ბიძაშვილი: "ომი რომ დაიწყო, სამხედრო სავალდებულო სამსახური ახალი მოხდილი ჰქონდა, მაშინვე მოინდომა წასვლა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგი იყო. 19 წლის იყო 20-ის ვერც გახდა. ბოლოს მაინც წავიდა. კახას გაცნობიერებული ჰქონდა თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ომში მის წასვლას, მაგრამ ერთი წუთითაც არ უფიქრია უკანდახევა. ამბობდა, წინამძღვრიშვილი ვარ, სახლში როგორ გავჩერდები, წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლოო. ბევრი თხოვნის მიუხედავად დაგვემშვიდობა და წავიდა ბედისწერასთან პირისპირ შესახვედრად. თურმე რა სასტიკი ყოფილა ბედისწერა კახასთვის...
 
ერთი წუთით არ მიუტოვებია განსაცდელში სამშობლო და მეგობრები. ბავშვობიდან გამორჩეული იყო სითბოთი და სიყვარულით მოყვასის მიმართ. უშიშარი მეომარი იყო კახა, სამხედრო მანქანით ემსახურებოდა მებრძოლებს. ბოლო წასვლის წინ, მეგობრები შეიკრიბნენ, იქ უთქვამს - "მე შეიძლება ცოცხალი ვეღარ დავბრუნდე და არ დამივიწყოთო." თითქოს გული უგრძნობდა იმ განსაცდელს, რაც ელოდა.
სამი დღე ფრენა არ იყო, ნაწილში იყო, ვერ მიფრინავდა, ვურეკავდი და ვთხოვდი, არ წასულიყო, თითქოს მეც ვგრძნობდი, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. ამბობდა, წინამძღვრიშვილი ვარ, სახლში როგორ გავჩერდები, წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლოო.
არ უღალატა თავის სამშობლოს და მეგობრებს. 1 ივლისს ჩაფრინდა, სოხუმში და ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს, 2 ივლისს, გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.10 დღის შემდეგ დავიბრუნეთ ჩვენი ნაწამები, პატარა გმირი და მამის გვერდით დავკრძალეთ, თავის სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე.
 
გამორჩეულად მამაცი და ვაჟკაცური იყო, უშიშარი... საუკეთესო ახალგაზრდები შეეწირნენ ამ ომს, ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე."
 
გოჩა წინამძღვრიშვილი, ძმა: "კახა ყველაზე პატარა იყო ძმებს შორის. ბავშვობაშიც გამორჩეული იყო გამბედაობით და ვაჟკაცობით. მახსოვს, ერთხელ სკოლაში, უფროს კლასელებთან ჩხუბი მოუვიდათ. სხვებს შეეშინდათ და კახა 5 უფროსკლასელ ბიჭთან მარტო დარჩა საჩხუბრად. უკანდახევა არ უყვარდა, მეგობარს გასაჭირში არასდროს მიატოვებდა, არც არაფრის ეშინოდა.
ომის დროს მანქანაზე იჯდა, ტყვია-წამალს, იარაღს, საკვებს აწვდიდა ჯარისკაცებს. რამდენჯერმე იყო ჩამოსული ომიდან და ერთი ტყვიაც კი არ მოუტანია სახლში. ერთხელ სახლში იყო, მანქანას აწესრიგებდა და ე.წ "კუზაოზე" ახალთახალი ავტომატი იპოვა. გადაირია, ეს იარაღი ვის დარჩა ნეტაო, არც არავინ იცოდა იმ იარაღის არსებობის შესახებ, მაგრამ მაშინვე თავის უფროს ჩაუტანა, დატოვებას როგორ ვიკადრებო. ასეთი იყო პატიოსანი, წესიერი და სამართლიანი
 
რაც შეეხება მისი დაღუპვის ამბავს, ზუსტად ეს რა ვითარებაში მოხდა არავინ იცის, რადგან, ვინც მასთან ერთად იყო ყველა დაიღუპა. წესით კახა არ უნდა ყოფილიყო იქ, სხვა ბატალიონში იყო. ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ჩვენ და რამდენად მართალია არ ვიცი. მებრძოლებს, ვინც ტამიშში იყვნენ დისლოცირებული, ტყვია-წამალი და საჭმელი სჭირდებოდათ და ჩემი ძმა წასულა, წაუღია. შემდეგ უკან უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ რაციები ჰქონიათ დამჯდარი და დილამდე დარჩი, მანქანის "აკუმლატორით" დავტენითო და კახაც დარჩენილა. სწორედ იმ ღამეს მოხდა ტამიშის დესანტის გადმოსხმა და თავდასხმა.
 
10 დღე არაფერი არ ვიცოდით მის შესახებ, შემდეგ გავიგეთ მისი დაღუპვის ამბავი და 12 ივლისს გადმოვასვენეთ, სახეც კი არ ეტყობოდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო... ჩვენ სოფელში საგვარეულო სასაფლაოზეა დაკრძალული..."
 
კახას ხსოვნის უკვდავსაყოფად მშობლიურ სკოლაში აგებულია მისი სახელობის მემორიალური ძეგლი.
საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის