„თბილისის ურბანული ტყე“ მასშტაბური გარემოსდაცვითი პროექტი დასრულების ეტაპზეა. 2020 წელს დაწყებულ პროექტს, რომელიც მწვანე სივრცეების გაფართოებასა და დაზიანებული ტყის აღდგენას ისახავს მიზნად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. სამუშაოებს პროფესიულად უწევდნენ ზედამხედველობასა და შეფასებას დარგის ექსპერტები და სპეციალისტები. კიდევ ერთხელ შეაჯამეს მიღწეული შედეგები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც „თბილისის ურბანული ტყის“ შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ტერიტორია დაათვალიერეს ნიადაგმცოდნეებმა და ფიტოსოციოლოგებმა.
„თბილისის ურბანული ტყე“ მთაწმინდის, ნარიყალას, სოლოლაკის, ვერის, ბაგების, წავკისისა და ოქროყანის ტყის მასივებს აერთიანებს. უკვე აღდგა 700 ჰექტრამდე ტერიტორია, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. პროექტის მიზანი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერის ხარისხის დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა.
„ის, რაც ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა, იქნება ჩვენი შვილების, შვილიშვილების სანახავი და ისინი მოიმკიან ამ პროექტის შედეგებს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირინე დანელიამ.
„როცა შედეგი დავინახე, რომ ასეთი გამწვანებულია, სახეობებიც რომ ამოვიცანით, აზრებიც რომ გავუზიარეთ ერთმანეთს, მივხვდი, რომ ამ პროექტმა და საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა მკვლევარმა კონსტანტინე კერესელიძემ.
„ვეღარ ვიცანი ეს ადგილები, იმდენად არის შეცვლილი. უზარმაზარი ბიომრავალფეროვნებაა. მარტო ის რად ღირს, რომ აქ უკვე ხოხბებისა და კაკბების ბუდეებია“, - განაცხადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბესიკ კალანდაძემ.