USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
«Berliner Zeitung» (გერმანია): „ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში? ზეწოლის ქვეშ პუტინი კი არა, ტრამპი იმყოფება“
дата:  367

არასწორი იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტა ვლადიმერ პუტინს უხერხულ სიტუაციაში აყენებს, - წერს გერმანული „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით „ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში? ზეწოლის ქვეშ პუტინი კი არა, ტრამპი იმყოფება“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი). „რუსეთის პრეზიდენტს აქვს საკუთარი მკაფიო მოთხოვნები და კოზირები, დონალდ ტრამპი კი, თავისი ინიციატივის წარუმატებლობის შემთხვევაში, რისკავს პოლიტიკური ქულები დაკარგოს და მსოფლიოს თვალში მხოლოდ მკვეხარად გამოჩნდეს“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბევრი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებაში „ბურთი ნამდვილად კრემლის მხარეზეა“, მაგრამ ეს ასე არ არის. უკრაინაში სიტუაციაცია ვლადიმერ პუტინისათვის არცთუ ცუდად მიდის, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ. პირიქით, დონალდ ტრამპი აღმოჩნდა სრულიად არამომგებიან სიტუაციაში.

30-დღიანი დაზავება, სამწლიანი შეუჩერებელი სისხლისმღვრელი ომის ფონზე, რასაკვირველია, ერთგვარ შვებას წარმოადგენს. მაგრამ ისინი, ვინც ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ანალენა ბერბოკის მსგავსად ვარაუდობს, რომ აწი რუსეთმა უნდა გადადგას სამშვიდობო ნაბიჯიო, ძალიან სცდება.

ვლადიმერ პუტინი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებს. და საერთოდ, რატომ უნდა იჩქაროს? რუსეთის არმია დონბასში თითქმის ყოველდღიურად წინ მიიწევს, იკავებს დასახლებულ პუნქტებს, კურსკის ოლქიდან აძევებს ოკუპანტებს... გარდა ამისა, ერ-რიადის მოლაპარაკებებმა ცხადჰყო, რომ რუსეთი შეუცვლელი მოთამაშეა მსოფლიო გეოპოლიტიკურ არენაზე. ანუ კრემლმა რეპუტაციული წარმატება მოიპოვა. სანამ დასავლეთი იმედით ელოდება მოსკოვის რეაგირებას, ვლადიმერ პუტინი თავისი საკუთარი გეგმით მოქმედებს, თანაც საკვირველი ცივსისხლიანობით.

ცეცხლის შეწყვეტა უნდა უზრუნველყოს ტრამპმა და არა პუტინმა

უკრაინაში ცეცხლის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებული ეიფორია ნაადრევია. იმ დროს, როცა აშშ-ს სიტუაციის სწრაფი დარეგულირების იმედი აქვს, რუსეთის ხელმძღვანელობა აჩვენებს, რომ როცა საქმე უკრაინას ეხება, მას თამაშის წესების კარნახი თვითონ სურს. „რუსეთის პოზიციის ფორმირება საზღვარგარეთ კი არ ხდება რომელიღაც მხარეთა რაღაც მოლაპარაკებების შედეგად, არმედ რუსეთის შიგნით, რუსეთის ხელისუფლების მიერ“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამრიგად, რეალური ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე კი არ ხორციელდება, არამედ დონალდ ტრამპზე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ამომრჩევლებს რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფ დამთავრებას პირდებოდა ცეცხლის შეწყვეტის თავის გეგმით და, როგორც ჩანს, მან შეძლო ვოლოდიმირ ზელენსკის გადაბირება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, თუ პუტინი ტრამპ-ზელენსკის შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს?

დონალდ ტრამპის წინაშე დილემა გაჩნდა: თუ იგი ვერ შეძლებს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს, მაშინ მისი დაპირება ომის სწრაფ დასრულებაზე საკუთარ კარში პოლიტიკური გოლის გატანად გადაიქცევა. კრემლი არ არის დაინტერესებული ნახევარზომებში, რომელთა შესრულება ათწლეულები გაჭიანურდება. რუსი დიპლომატებმა უკვე მიანიშნეს, რომ მათ არ აწყობთ არანაირი „დროებითი შეთანხმებები“ და რომ მათ სურთ ისეთი „ხელშეკრულება დაიდოს, რომლის შესრულება სავალდებულო იქნება საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“. ამ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს რუსეთის ინტერესების დაცვა არა დროებით, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივით. არადა, კრემლის ასეთ პოზიციას დონალდ ტრამპი ჩიხში შეჰყავს.

რა ბერკეტები აქვს ტრამპს პუტინის წინააღმდეგ?

საკითხი იმაში არაა, დაუთმობს თუ არა ვლადიმერ პუტინი, არამედ იმაში, საკმარისი აქვს თუ არა ტრამპს ისეთი შესაძლებლობები და ისეთი ბერკეტები, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს? რის გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს მოსკოვის დასარწმუნებლად ცეცხლის სწრაფი შეწყვეტის თაობაზე - დამატებითი ეკონომიკურ-ფინანსური სანქციების გამოცხადება? უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაფართოება? იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცეცხლის შეწყვეტა სამშვიდობო პროცესის დაწყებას კი არა, შეიძლება უფრო უარესს - ახალი პოლიტიკური დრამის დაწყებას ნიშნავდეს.

მიმდინარე სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით გვეჩვენება. სანამ მთელი მსოფლიო უკრაინაში სისხლისღვრის შეცერებას ელოდება, დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, მოუწევს თავისი პოლიტიკური ინსტრუმენტების არსენალი გააფართოვოს. სხვანაირად მისი -დაპირებები ცარიელ სიტყვებად გადაიქცევა. ვლადიმერ პუტინს კი შეუძლია საკუთარ თავს მოლოდინის ნება მისცეს და მოვლენების განვითარებას დააკვირდეს.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати