USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Berliner Zeitung» : „ქართული საიდუმლო სპეცსამსახური ამერიკელებს არეულობების გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებს: მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია საქართველოში?“
Date:  311

„საქართველოს წინ მნიშვნელოვანი კვირეები ელოდება: უახლოეს ხანში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება - მისცემს თუ არა ევროკავშირი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული საშინაოპოლიტიკური სიტუაცია  ოპოზიციასა და ნაციონალ-კონსერვატიულ მთავრობას შორის  სულ უფრო მწვავდება“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ქართული საიდუმლო სპეცსამსახური ამერიკელებს არეულობების გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებს: მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია საქართველოში?“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს სადაზვერვო უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SSSG) მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სერბეთის სამი მოქალაქე ბრალდებულად არის შერაცხული, რომ ისინი, თურმე, სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში მასობრივ უწესრიგობების გამოწვევას გეგმავდნენ. საკმაოდ პიკანტური მომენტია: ე.წ „სტაჟიორი“ სერბების საქმიანობა, როგორც გაცხადდა, დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ, რომლის მთავარი ოფისი ვაშინგტონშია.

ბრალდება მიმართულია აგრეთვე გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების ცენტრის (შემოკლებით - Canvas) მიმართაც. ეს ისეთ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც დაკავებულია არაძალადობრივი წინააღმდეგობის პოპულარიზებით და აქტივისტებს მთელ მსოფლიოში ამზადებს. ქართული დაზვერვის ხელთ არსებული მონაცემებით, სერბეთის სამივე მოქალაქე Canvas-თან არიან დაკავშირებულნი.

„ეს არის შავი დღე საქართველოსთვის აშშ-ის მიერ გაწეული დახმარების ისტორიაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, - „ჩვენ ვხედავთ: როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხის ფული გამოყენებულია, რომ მოხდეს რევოლუციური პროცესების დაგეგმვა, ადამიანების მიზანმიმართული მომზადება არეულობისთვის და ძალადობის პროვოცირებისთვის“.

საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირეების განმავლობაში არაერთხელ აცხადებდა, რომ „საშემოდგომოდ ოპოზიცია რევოლუციური სცენარების რეალიზებას ამზადებსო“. ასევე აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა-არმიცემის საკითხი უნდა განიხილოს. იმ დროს, როცა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი (გამოკითხვების მიხედვით), ევროინტეგრირების მომხრეა, ქვეყნის მთავრობა, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, კრემლთან ახლოს მდგომად ითვლება.

საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია, დამკვირვებელთა აზრით, ბეწვის ხიდზე იმყოფება. ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საქართველო, თავისი მმართველობის პერიოდში, ევროკავშირთან მიიყვანა, ამჟამად საპყრობილეშია - მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ქართული სპეცსამსახურის განცხადება ოპოზიციურ პარტიებში ავტორიტარული რეჟიმების გახსენებას იწვევს, როცა ხშირი იყო განცხადებები - „რევოლუციები გარედან ფინანსდება და მათ ინიციატორს ხშირად ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენსო“. „ერთადერთი, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში შეიძლება დავინახოთ, ესაა ჰიბრიდული ომის გაგრძელება საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ“, - ამბობს ოპოზიციური პოლიტიკოსი მიხეილ დაუშვილი.

თავის მხრივ, USAID-ის ქართული ქვედანაყოფმა გამოაქვეყნა საპასუხო განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ჩარჩოებში, ვთანამშრომლობთ რიგ ორგანიზაციებთან.  მათგან ერთ-ერთია Canvas-ის ცენტრი. ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მუშაობენ, თავიანთი დაწესებულებების თავისუფალი საქმიანობის უზრუნველსაყოფად. USAID-ის პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ჩვენი ფართო ძალისხმევის ნაწილს შეადგენს, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც მათ აღელვებთ“.

ამ სიტუაციის შესახებ თბილისში არსებულმა აშშ-ის საელჩომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ბრალდება ყალბია. საელჩომ დაგმო „უსაფუძვლო, გაუმართლებელი თავდასხმა“ და დაადასტურა, რომ „გააგრძელებს საქართველოს ორგანიზაციებისადმი დახმარების გაწევას, რომელიც ეხმარება მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული თავიანთი უფლებების დაცვაში“.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/georgien-geheimdienst-wirft-amerikanischer-behoerde-vor-unruhen-zu-stiften-li.609821

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way