USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Der Standard» (ავსტრია): „უკრაინის წინასაზამთრო იმედგაცრუება: კონტრშეტევის კრახი და სიცივის მოლოდინი“
дата:  512

ავსტრიული გაზეთი „დერ სტანდარდი“ (Der Standard) ბეჭდავს სამხედრო მიმომხილველის ფლორიან ნიდერნდორფერის სტატიას სათაურით „უკრაინის წინასაზამთრო იმედგაცრუება: კონტრშეტევის კრახი  და სიცივის მოლოდინი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ომის მეორე ზამთარი უკრაინაში მძიმე პროგნოზებით ახლოვდება, რაც პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: უეჭველია, რომ რუსეთი შარშანდელივით ისევ გააგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის - ენერგოსისტემის ობიექტების დაბომბვას, რომელიც ისედაც დაზიანებული 20-თვიანი ომით. წინ უკრაინას ისევ სიბნელე და სიცივე ელოდება. არსებული მონაცემების თანახმად, ბოლო თვეებში რუსეთის არმია სპეციალურად აგროვებდა ამ მიზნით ასობით ფრთოსან რაკეტას, რომლებსაც ყირიმში ინახავს.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა ისეთი სუსტი არარ არის, როგორიც შარშან იყო. დასავლეთმა უკრაინის საჰაერო სივრცის ეფექტური გაკონტროლებისათვის კიევს თანამდროვე სისტემები გადასცა. შედეგიც არ აყოვნებს: რუსეთის მიერ გაშვებული დრონების უმეტეს ნაწილს უკრაინელთა რადარები დროულად პოულობენ, ხოლო სარაკეტო დანადგარები და საზენიტო ქვემეხები ასევე დროულად ანადგურებენ.

ამის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით უკრაინას არ ჰყოფნის ისეთი შეიარაღება, რომ რუსეთის არმიის მიწისქვეშა საწყობები გაანადგუროს (გერმანია უარს აცხადებს კიევისათვის „ტაურუსის“ რაკეტების გადაცემაზე), ამასობაში კი თბილი შემოდგომა იწურება და ცივი ზამთარი დგება: ფრონტის ხაზზე ჰაერის ტემპერატურა თანდათან ნულს უახლოვდება.

პოზიციური ომი ფრონტებზე

დღეს უკრაინის ფრონტებს, განსაკუთრებით სამხრეთის ფრონტის ჯარებს, რომლებიც კონტრშეტევის წარმატების შემთხვევაში ყირიმისა და აზოვის ზღვის სანაპიროს დაბრუნებას გეგმავდნენ, პოზიციური ომი ელოდება - ეს სწორედ ისაა, რაც კიეველ სამხედრო სტრატეგებს და მათ დასავლელ მოკავშირეებს არ მოსწონთ. მართალია, უკრაინის არმია ჯერ კიდევ აყენებს დარტყმებს რუსეთის გამაგრებულ პოზიციებს (მაგალითად, დნეპრის მარცხენა ნაპირზე), მაგრამ კიევის ძალები სუსტდება, განსაკუთრებით კონტრშეტევის ჩაშლის კვალობაზე.

ამჟამად უკრაინის არმიას იარაღის დიდი რაოდენობა ესაჭიროება. ამიტომაც უკრაინის ხელმძღვანელობა ცდილობს ისე მიუდგეს იარაღით მომარაგების საქმეს, რომ დასავლეთი აიძულოს და თავისი დაპირება შეასრულოს, კერძოდ, ამერიკული რაკეტების და F-16 ავიაგამანადგურებლების  მიწოდების საქმეში.

დღეისათვის არც დასავლეთში და არც უკრაინაში არავინ აღარ ამბობს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს მთლიანად გაათავისუფლებენ და დაიბრუნებენ. მხედველობაშია მისაღები, რომ სანამ უკრაინის არმია დასავლეთის დახმარებას ელოდებოდა, რუსები გამალებული ტემპით აგებდნენ თავდაცვით ზღუდეებს ქვეყნის სამხრეთში - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე. რუსების მიერ შექმნილი „სუროვიკინის ხაზი“ ისეთი ძნელად მისადგომი აღმოჩნდა, რომ უკრაინის არმიამ ვერც ქალაქების - ტოკმაკისა და მელიტოპოლის დაკავება ვერ შეძლო და ბუნებრივია, ვერც აზოვის ზღვის ნაპირზე ვერ გავიდა, ყირიმზე და დონბასზე რომ არაფერი ვთქვათ.

მძიმე ზამთრისა და „სასწაულებრივი იარაღის“ მოლოდინში

უკრაინის ხელისუფლებაში არ მალავენ, რომ წინ ურთულესი ზამთარი ელოდებათ. „სიმართლეს გეუბნებით: ზამთარი ძალიან მძიმე იქნება“, - აცხადებს ანდრეი ერმაკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი. მართლაცდა, ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა შარშანდელი დაბომბვებისაგან ჯერ წელში არ არის გამართული და თუ მას წლევანდელი დაბომბვების შედეგად მიყენებული ზიანიც დაემატება, მაშინ უკრაინელებს უარესი ბედი ელოდებათ.

ცხადია, მოსახლეობას მეტ-ნაკლებად უკვე მომარაგებული აქვს დიზელ-გენერატორები და საწვავი, ენერგეტიკოსებიც უქმად არ ისხდნენ და დაზიანებულ ობიექტებს აღდგენდნენ, მაგრამ ზაფხულის რამდენიმე თვეში ყველა დანგრეული თბოელექტროსადგურისა და გადამცემი ხაზების კაპიტალური აღდგენა შეუძლებელია. კიევს კიდევ დაჭირდება დიზელ-გენერატორები და სხვა დამხმარე საშუალებები, რათა თავიდან აიცილოს სრული კოლაფსი.

უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის განსამტკიცებლად და დაბომბვების თავიდან ასაცილებლად ერთგვარი „სასწაულებრივი იარაღი“ ჭირდება, რომელიც ეფექტურად დაბლოკავს რუსული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების მოქმედებას, მაგრამ სადაა ასეთი იარაღი? ჯერ-ჯერობით, კიევი მკაცრი რეალობის წინაშე რჩება, გრძელდება იარაღის მწვავე დეფიციტი.

ვის აწყობს ომის გაჭიანურება?

კონტრშეტევის ჩაშლით გამოწვეული იმედგაცრუების ფონზე არის რამდენიმე დამაიმედებლი მოვლენა, რომელიც ოპტიმიზმისათვის მეტ-ნაკლებ საფუძველს იძლევა: უკრაინის არმია ცდილობს დნეპრის მარცხენა ნაპირზე გამაგრებას. ჯარისკაცებმა მოახერხეს დესანტის გადასხმა და უფრო მეტიც - წინ რამდენიმე კილომეტრითაც წაიწიეს. მართალია, თანამედროვე სადაზვერვო დრონებს დაპირისპირებული მხარეების გადაადგილებას ვერ გამოაპარებ, მაგრამ როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მდინარის მარცხენა ნაპირზე მათ მძიმე ტექნიკაც გადაიტანეს. ასე რომ, არ არის გამორიცხული მოვლენები უკრაინის არმიის სასარგებლოდ განვითარდეს.

ის ფაქტი, რომ რუსეთის არმია მძიმე დანაკარგებს განიცდის, როგორც ჩანს, მოსკოველ სამხედრო სარდლობას არ ადარდებს. რაც უფრო მეტად გაჭიანურდება ომი, მით უკეთესი იქნება კრემლისათვის - ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინა ვერ გაუძლებს და საბოლოოდ დაქანცული ძირს დაეცემა.

წყარო: https://www.derstandard.de/story/3000000195889/ern252chterung-vor-dem-winter

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати