USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
«Der Standard» (ავსტრია): „თურქეთი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს; ისლამური, ავტორიტარული და ექსპანსიონისტური“.
Date:  468

როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკად დაარსებიდან ასი წელი შესრულდა - 1923 წლის 29 ოქტომბერს მუსტაფა ქემალმა „ახალი თურქული სახელმწიფოს“ შექმნა გამოაცხადა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ამ დღეებში უცხოურ პრესაში ბევრი მასალა გამოქვეყნდა. გთავაზობთ ერთ-ერთს - ავსტრიულ გაზეთ „დერ სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებულს სათაურით „თურქეთი რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს; ისლამური, ავტორიტარული და ექსპანსიონისტური“ (ავტორი - იოზეფ კირხენგასტი).

„თურქეთი - ეს მხოლოდ თურქეთი არ არის“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა 2016 წელს ერთ-ერთი გამოსვლის დროს. მისი აზრით, ქვეყანა, როგორც ოსმალეთის სამართალმემკვიდრე, პასუხისმგებელია ყველა იმ მიწებზე, რომლებიც ოდესღაც იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. პრეზიდენტი კონკრეტულად ასახელებს: ერაყი, სირია, ლიბია, ყირიმი, ჩერნოგორია და ბოსნია. თურქი ისტორიკოსები, რომლებიც ხელისუფლებასთან ახლოს არიან, ამ სიას ამატებენ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქებს - მოსულს, კირკუკს და ერბილს, საქართველოს შემადგენლობაში არსებულ ბათუმს, ბერძნულ სალონიკს, ბულგარულ ყირჯალს და ვარნას, კვიპროსს და ბერძნულ კუნძულებს ეგეოსის ზღვაში.

რეჯეფ ერდოღანის დოქტრინა

მართალია, რეჯეფ ერდოღანი ახალ საზღვრების დაწესებას ჯერ არ ცდილობს, მაგრამ მას აშკარად სურს თურქული უმცირესობებისა და ოსმანების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ასეთი მიდგომა ზალია ჰგავს რუსულ „ახლო საზღვარგარეთის“ დოქტრინას, რომელიც მეზობლებზე პირდაპირ გავლენასა და ზეწოლას გულისხმობს. ეს დასტურდება რუსეთ-უკრაინის ომითაც. სხვათა შორის, რეჯეფ ერდორანი დღემდე კატეგორიულ უარს აცხადებს კრემლის აგრესიული მოქმედების დაგმობაზე. მისი პოლიტიკური კურსი „ერდოღანის დოქტრინით“ არის ცნობილი, ხოლო კონცეფცია „ლურჯი მამული“ პრეტენზიულია და ითვალისწინებს ხმელთაშუა ზღვაში (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში) თურქეთის ეკონომიკურ ინტერესებს.

2018 წელს, რეფერენდუმიდან ერთი წლის შემდეგ, როცა თურქეთში ავტორიტარული საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა იქნა შემოღებული, იმ დროიდან რეჯეფ ერდოღანი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკიტხებში. ოპოზიცია დასუსტებულია, მთავრობის კრიტიკოსებს და ოპონენტებს „პირს უკრავენ“ და მათ წინააღმდეგ რეპრესიებს აწყობენ, მასმედია შევიწროვებულია. ისლამური ფასეულობები განსაზღვრავს სოციალურ და კულტურულ ორიენტირებს.

გარდაქმნა ერდოღანისებურად

თურქეთის პრეზიდენტის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა ხშირად ანტინატოურ ნიშნებს შეიცავს (ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1952 წელს გაწევრიანდა). ანკარა ხშირად მოსკოვის საამებელ განცხადებებს აკეთებს, თუმცა რუსეთისაგან გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს. თურქეთი პირდაპირ სამხედრო ინტერვენციებს ახორციელებს სირიაში, ლიბიაში, დიპლომატიურად „აწვება“ აფრიკის ქვეყნებს, ოკუპირებული აქვს კვიპროსის ნახევარი.

იმავდროულად ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ინფლაცია ბატონობს, ეკონომიკა კრიზისში იმყოფება.  და ამ დროს, ყველასათვის საკმაოდ მოულოდნელად, რეჯეფ ერდოღანმა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა - მართალია, მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც. შეიძლება ითქვას, რომ იმ თურქეთისაგან, რომელზეც მუსტაფა ქემალ ათა-თურქი ოცნებობდა - საერო სახელმწიფოზე, დემოკრატიულზე და დასავლურზე - მხოლოდ გარე სიმბოლოებიღა დარჩა.  

ამას წინათ გერმანელმა ექსპერტებმა გიუნტერ ზეფერტმა და ქრისტოფერ კუბასეკმა გამოსცეს წიგნი „დამშვიდობება ათა-თურქთან: ერდოღანისეული ახალი თურქეთის კრიზისები და კონფლიქტები“, რომელშიც ვრცლად არის აღწერილი და გაანალიზებული თურქეთის რესპუბლიკის მეტამორფოზები, თუმცა იმავდროულად ავტორები თავს იკავებენ საბოლოო დასკვნებისაგან.

ღრმა განხეთქილება

ავტორების აზრით, თურქული საზოგადოება დღეს ორადაა გაყოფილი - სეკულიარულ-დემოკრატიულად და ისლამისტურ-კონსერვატიულ ბანაკებად. სამხედროები, რომლებიც ოდესღაც ქვეყანაში გადამწყვეტ პოლიტიკურ ფაქტორს წარმოადგენდნენ და თურქეთის კურსს განსაზღვრავდნენ - ქემალისტების მემკვიდრეობას იცავდნენ, დღეს პოლიტიკოსების მკაცრ კონტროლქვეშ იმყოფებიან. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა 2016 წელს მომხდარი წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ (მისი ჭეშმარიტი მიზნები დღემდე გაურკვეველი რჩება). თურქეთში ამჟამად დასავლეთისადმი გაღიზიანება და მტრობაც იგრძნობა. ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაღრმავდა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების გამო. თურქეთს რეგიონში პრეტენზიები აქვს და ამ ყველაფერს პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ხელს უწყობს - მისთვის ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია ხელსაყრელია.

ევროკავშირისათვის თურქული პოლიტიკა გადაუჭრელი დილემის წინაშე ყოფნას ნიშნავს: როგორ ქვეყნად ჩათვალოს თურქეთი - ისეთად, რომელიც ახლოაღმოსავლელ ლტოლვილებს აკავებს, რომ ისინი ევროკავშირში არ შევიდნენ თუ ისეთად, რომელიც შეიძლება უკვე პოტენციურ მოწინააღმდეგედ იქნას განხილული?

ევროკავშირმა, უპირველეს ყოვლისა, თურქეთის მიმართ ერთი საერთო პოლიტიკური ხაზი უნდა იპოვოს. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ევროპელთა ცნობილი ტრადიციული აზრთა სხვადასხვაობა თურქების მიმართ კიდევ ერთი კოზირია დღევანდელი სულთნის ხელში, რომლის პოლიტიკას თანამედროვეობასთან არავითარი საერთო არ აქვს.

წყარო: https://www.derstandard.de/story/3000000192863/blaues-vaterland-8211-wohin

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way