USD 2.7157
EUR 2.9273
RUB 2.8101
თბილისი
«Der Standard» (ავსტრია): „რუსეთის როლი საქართველოში: „ქართველებს ზემოდან ყოველთვის ვიღაც აკონტროლებდა“ (საუბარი მწერალ ნინო ხარატიშვილთან)
თარიღი:  319

„უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებაზე დამოკიდებულნი არიან არამარტო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიც - მაგალითად, ჯანდაცვის, მეცნიერების, განათლების სფეროში. სუბსიდიების გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებას კრახი ემუქრება. დასავლეთის [ფინანსური] მხარდაჭერის გარეშე საქართველო შეიძლება რუსეთის სატელიტი-სახელმწიფო, ან სულაც კოლონია გახდეს. შესაბამისად, ქართველების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, დემოკრატიისა და ევროპული ფასეულებების გათავისებისათვის, რომელიც უკვე 33 წელია მიმდინარეობს, ზოგჯერ სისხლისღვრითაც კი, ამაო იქნებოდა“, - ნათქვამია ავსტრიულ გაზეთ „დერ სტანდარდში“ (Der Standard) გამოქვეყნებულ ინტერვიუში მწერალ ნინო ხარატიშვილთან, სათაურით „რუსეთის როლი საქართველოში: „ქართველებს ზემოდან ყოველთვის ვიღაც აკონტროლებდა“ (ესაუბრება ჟურნალისტი ტიგრან პეტროსიანი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

- საქართველომ გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამჟამად ევროპული გზა საფრთხის ქვეშ არის, რადგან სამხრეთკავკასიური ქვეყანა რუსეთთან დაახლოებას ცდილობს. 26 ოქტომბერს ქართველები პარლამენტის ახალ შემადგენლობას აირჩევენ. იქნება თუ არა ეს შეცდომების გამოსწორების შანსი?

- იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ვერ წამომიდგენია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს. ბოლო თვეებში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად. მათ იცოდნენ, რისთვისაც - ისინი ოქტომბრის არჩევნებში მხარს ოპოზიციას დაუჭერენ. თავის მხრივ, ოპოზიციური ძალები არჩევნების წინ აუცილებლად უნდა გაერთიანდნენ, თორემ სხვაგვარად ისინი წააგებენ, ვერ გაიმარჯვებენ.

- თქვენ გჯერათ, რომ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იქნება?

- არ არის გამორიცხული რომ მთავრობა შედეგების გაყალბებას შეეცადოს, თუმცა მე მსგავსი სცენარის დაჯერება არ მსურს. დასავლეთმა რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უნდა გამოგზავნოს. (...) დღეს ყველამ აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთის გავლენის ზრდას საქართველოში, ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ბოიკოტი უნდა გამოეცხადოს. ამჟამად ასე აკეთებენ, მაგალითად, მწერალთა სახლისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები. კულტურის სფეროს მოღვაწეები - ცნობილი მწერლები და რეჟისორები უკვე აღარ მონაწილეობენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსებში და ფესტივალებში. მწერლები უარს ამბობენ საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ამ ბოიკოტს მეც ვუერთდები, რადგან ეს არის მთავრობის არასწორი კურსის მხილების საშუალება, რომლის შედეგად [„ქართული ოცნება“] ხელისუფლებას დაკარგავს.

- როგორ შეაფასებთ რუსეთის როლს საქართველოში?

- ამჟამად ყველაზე უფრო სწორედ რუსეთის როლი მადარდებს: რა ხდება კულისებში? არის თუ არა გარიგება რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის?   რატომ მიიღო პარლამენტმა სწორედ ახლა კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“? ან კანონი, რომელიც „ლგბტ“-საზოგადოების საქმიანობას კრძალავს? ჩემი აზრით, ასეთი კანონების მიღებით  მმართველმა პარტიამ თავის თავს თვითონ მიაყენა ზიანი და ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა.

- რატომ აკეთებს ამას ის მთავრობა, რომელიც ევროპისაკენ ისწრაფვოდა და იბრძოდა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ახლა კი ევროპულ კურსს და ფასეულობებს ზურგს აქცევს? რით ახსნით ასეთ ცვლილებას?

- როცა 2012 წელს არჩევნებში „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა, ის არ იყო არც მემარჯვენე, არც მემარცხენე, არც პრორუსული პარტია. „ოცნება“ ისეთ პოლიტიკას ატარებდა, როგორსაც მოსახლეობა ითხოვდა. ერთი მხრივ, ქართველთა დიდი ნაწილი ევროპაზე იყო და არის ორიენტირებული და არა რუსეთზე. მეორე მხრივ, საქართველო არ შეუერთდა დასავლეთის ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც უკრაინის ომმა გამოიწვია. ასეთი პოლიტიკით საქართველოს მთავრობა იმ ავტოკრატიულ სახელმწიფოს იცავს და მხარს უჭერს, რომელმაც 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების ოკუპირება მოახდინა. ეს ქართული წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გამოვლენას წარმოადგენს. ასეთი რამ ყოველთვის ხდება, როცა საქმე რუსეთთან ბიზნესს და ვაჭრობას ეხება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობას მიკერძოებული და პირადული ხასიათის მიზნები აქვს, რომელშიც ერთი ადამიანის ინტერესები დომინირებს. ყველაფერი მის ფულს და სურვილს უკავშირდება.

- თქვენ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ, „ქართული ოცნების“ დამაარსებელ მილიარდერს?

- დიახ, მას ვგულისხმობ. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს კერძო ბაღად თვლის, სადაც იგი მიწის ნახევარი ფლობს. მისი მომხრეები ოლიგარქის ფულზეა არიან დამოკიდებულები. ის პარლამენტარები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უცხოური აგენტებისა და „ლგბტ“-საზოგადოების ამკრძალავ კანონებს, ისინი ერთგულებას თავიანთი მფარველი მეფის მიმართ გამოხატავენ. ჩნდება კითხვა: ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ის არის ისეთი მილიარდერი, რომლის ქონებრივი მდგომარეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან.

- თბილისში გამართული დემონსტრაციების დროს ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „ბრილკას ისტორიას ჩვენ თვითონ დავწერთ“, რომელიც უკავშირდება თქვენს რომანს „მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)“. წიგნში გადმოცემულია ექვსი თაობის ისტორია - მეფის რუსეთის, საბჭოურ და პოსტსაბჭოურ ეპოქაში, სტალინური საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამოუკიდებლობის ჩათვლით...

- დიახ, რომანი მთავრდება იმით, რომ ბრილკა, ახალგაზრდა, შეძლებს თავისი ცხოვრება თვითონ განსაზღვროს - კრემლის, დიქტატურის, ძალაუფლების მოყვარული ადამიანების გარეშე. ბრილკას უკვე შეუძლია თავისი ისტორია თვითონვე შექმნას. 1219 გვერდიან წიგნში იმ ადამიანებზეა ლაპარაკი, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება თვითონ ვერ შექმნეს. ასეთია საქარტველოს ისტორია - საზოგადოებას ზევიდან ყოველთვის ვიღაც აკონტროლებს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ახალგაზრდობა, ბოლოს და ბოლოს, თავისი ქვეყნის მომავალს თვითონ განსაზღვრავს. ის, რომ ახალგაზრდებს ჩემი წიგნის პათოსის ამსახველი პლაკატები უჭირავთ, ეს ის მოვლენაა, რომელიც ყოველი მწერლისთვის დიდ ბედნიერებას წარმოადგენს - ხელოვნება მოულოდნელად ცხოვრებაში ცოცხლდება, გამოგონილი რეალური ხდება...

- თქვენ ახლახან ახალი პიესა დაასრულეთ სამუშაო სახელწოდებით „წმინდანი მონსტრები“. ვინ არიან მონსტრები?

- ეს ინტერპრეტაციის საკითხია. მე ქალის - მედეას - სახე მყავს გამოყვანილი ძველბერძნული მითოლოგიიდან. პიესაში ბევრია საუბარი ბავშვებზე - მეტაფიზიკური და ფიზიკური თვალსაზრისით - რომლებიც მსხვერპლად ეწირებიან, მაგალითად, უკრაინაში და ღაზას სექტორში. მე ამას ვუკავშირებ ჩემს სამშობლოსაც და ქართველ ხალხს ვეკითხები: მზად ხართ გაწიროთ თქვენი მომავალი თუ დაიცავთ ეროვნულ ინტერესებს? მე ეს პიესა ამ გაზაფხულზე საქართველოში მომხდარი ამბების შთაბეჭდილების ქვეშ დავწერე.

- რამდენად აქტუალურია პიესის იდეები?

- ეს არც ბიძინა ივანიშვილს და არც ვლადიმერ პუტინს არ ეხება, მაგრამ ეს არის გარკვეული ადამიანების საქმიანობის შეჯამება, დასკვნების გაკეთება. საქმე ეხება მამაკაცებს, რომლებიც ომებს აწარმოებენ, რომლებიც ქალებს ჩაგრავენ და თვით იმ ქალებსაც, რომლებიც ძალადობას სჩადიან. ამ მიზნით მე გარკვეული ისტორიული კვლევებიც ჩავატარე: არსებობდნენ ისეთი ქალებიც, რომლებიც საკუთარ და სხვის შვილებს კლავდნენ. მაგალითად, ჩეჩენი ტერორისტი ქალი ბესლანში, ან თუნდაც მაგდა ჰებელსი, ნაციონალ-სოციალისტ იოზეფ გებელსის ცოლი, რომელიც ფანატიკოსი იყო. მე ასევე გამოვიკვლიე მარგარეტ გარნერის ისტორია, რომელიც შავკანიანი მონა ქალი იყო მე-19 საუკუნის აშშ-ში. იგი შვილთან ერთად გაიქცა, მაგრამ დაიჭირეს და შვილს რომ მონობაში არ ეცხოვრა, ის თვითონ მოკლა - მდინარეში გადააგდო. (...)

წყარო: https://www.derstandard.at/story/3000000230963/haratischwili-ueber-georgien-immer-kontrolliert-jemand-von-oben

 

რეგიონი
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.