USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
«Der Standard» (ავსტრია): „პატარა მოსკოვი თბილისში: ქართველებს საქართველოში რუსების ყოფნა არ მოსწონთ“
თარიღი:  502

ავსტრიის გაზეთი „დერ სტანდარდი“ (Der Standard) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატარა მოსკოვი თბილისში: ქართველებს საქართველოში რუსების ყოფნა არ მოსწონთ“ (ავტორი - ნიკოლაი ატეფი), რომელშიც თბილისში რუსი ემიგრანტების ცხოვრებაა აღწერილი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თბილისში მდებარე სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე თუ გაივლი, თავი შეიძლება მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში გეგონოს. აქ ძირითადად რუსულად ლაპარაკობენ, არის ორი კაფე, რომლის მფლობელები და მენეჯერები რუსი ქალები არიან. წიგნის მაღაზია „აუდიტორიაში“ იყიდება რუსულენოვანი ლიტერატურა, სარდაფში მოწყობილ კინოდარბაზში კი რუსული ფილმების ცვენება ხდება. იქვე მეზობლად, Easy Art-ში რუსი ბავშვები დაბადების დღის აღსანიშნავად, წვეულებებს აწყობენ, მშობლები კი ბარში სასმელს მიირთმევენ. ცხოვრება ისე მიდის, თითქოს ის ადამიანები სახლში არიან და არაფერიც არ ხდება.

ბევრი ქართველისათვის ასეთი სიტუაცია მაპროვოცირებელია: „რუსების გასაგონად! ილაპარაკეთ წყნარად, ნუ ხმაურობთ. ხმამაღლა ლაპარაკი მხოლოდ თქვენს საკუთარ იმპერიაში შეგიძლიათ“. ძნელია თბილისში ისეთი კვარტლის მოძებნა, სადაც ანტირუსული განწყობა არ არსებობს. კედლებზე რუსების საწინააღმდეგო წარწერებია. ზოგიერთი ქართველი ცდილობს რუსებთან დამოკიდებულებაში ერთგვარი დიფერენცირება გააკეთოს: „მე რუსებს კი არ ვაგინებ, არამედ რუსეთს, კრემლს“. ყველაზე რბილი ანტირუსული გამონათქვამი ასე ჟღერს: „რუსეთო, თავი დაგვანებე!“.

ემიგრაციაში - იძულებით

უკრაინაში შეჭრაზე ვლადიმერ პუტინის ბრძანების შემდეგ რუსეთიდან მილიონობით რუსი გაიქცა საზღვარგარეთ და ისინი იძულებით ემიგრანტებად გადაიქცნენ - რათა თავი აერიდებინათ არმიაში (ფრონტზე) გაწვევისათვის. მათ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი არ მოსწონთ. ისინი საქართველოში იმიტომ არიან, რომ აქ უფრო მოსახერხებელია ცხოვრება, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფ სამშობლოში. 2022 წლის თებერვლისათვის საქართველოში დაახლოებით ასი ათასი რუსი იმყოფებოდა, ამჟამად კი ზუსტი ციფრები არ არსებობს. რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმია დაწესებული, რუსული პასპორტით საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივად შეიძლება იცხოვრო.

რუსებიდან წამოსულთა უმრავლესობას საკმარისი ფინანსური რესურსები აქვთ, რაც საქართველოს დედაქალაქში ფასებზე გავლენას ახდენს - გაძვირდა საკვები პროდუქტები, მოიმატა ბინის ქირავნობისა და ყიდვის ფასებმა - უძრავ ქონებას ახლა თბილისში ისეთივე ფასები აქვს, როგორიც ვენის გარეუბანში. ეს იმ ფონზე, როცა ადგილობრივი მოსახლეობის საშუალო ხელფასი 600 ევროს შეადგენს.

რუსებთან ურთიერთობას ბევრი ქართველი თავს არიდებს. მათთან ძირითადად მხოლოდ ის ადამიანები თანამშრომლობენ, რომლებიც საცხოვრებელ ბინებს არემოტებენ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა დავითი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში თანამშრომლებს ელოდება, რომ შემდეგ ისინი რუსების მიერ ნაყიდი ბინების სარემონტოდ წაიყვანოს. „რუსებთან მუშაობა კატასტროფაა, ისინი არასოდეს არ იხდიან დანახარჯის მიხედვით... იშვიათად თუ შევხვედრილვარ კეთილსინდისიერ და პატიოსან რუსს“, - ამბობს იგი, თუმცა რუსების ფულზე უარს მაინც არ ამბობს. დავითი, ისევე როგორც 40 წელს გადაცილებული სხვა ქართველები, რუსულად თავისუფლად ლაპარაკობს.

ზოგიერთი ქართული კაფეს შესასვლელში წარწერებია, რომ რუსების შესვლას არ მიესალმებიან. რუსებს ამრეზით უყურებენ კავკასიის უდიდეს ტექნოკლუბ „ბასიანში“. ზოგჯერ ხდებოდა ხოლმე, რუსებს ანტიპუტინურ დეკლარაციაზეც ხელს აწერინებდნენ.

ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე რუსული კაფეს მენეჯერი, ეროვნებით რუსი ელენე ჰყვება, რომ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დამატებით ფულს ახდევინებენ მათ, ვინც რუსულად ლაპარაკობს. „ამბობენ, რომ ეს იმ ტერიტორიის საფასურად, რომლებიც რუსეთ აქვს ოკუპირებული“.

ომის გამოძახილი

რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ომს ბევრი ქართველის ცნობიერებაში ღრმად აქვს ფესვი გადგმული. 15 წელზე მეტი ხნის წინ მომხდარი ომის დროს რუსეთის ავიაციამ რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მათ შორის თბილისთან ახლოს მდებარე აეროდრომი და რადარი, განახორციელა საქართველოს რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და შემდეგ ორივე „დამოუკიდებლად“ აღიარა.

რუსი მესაზღვრეები „სამხრეთ ოსეთში“ „მცოცავი საზღვრის“ პოლიტიკას ახორციელებენ: როგორც ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელი კლაას მაესი ამბობს, ისინი ადმინისტრაციულ საზღვარს თანდათან წინ სწევენ და მავთულხლართებს ამაგრებენ. ასეთი „საზღვრები“ ადგილობრივ მოსახლეობას ბევრ პრობლემას უქმნის. ყოველ ორ თვეში ერთხელ, ეუთოს ხელშეწყობით, ორივე მხარე ერთმანეთს ხვდება, რომ ეუთოს შუამდგომლობით, წამოჭრილი საკითხები მოგვარდეს - ეს ეხება სარწყავი წყლით სარგებლობას, ნათესავების მონახულებას და ა.შ. „საზღვრის რეჟიმის“ დამრღვევები მკაცრად ისჯებიან.

წყარო: https://www.derstandard.de/story/3000000209063/little-moscow-in-tiflis-russen-sind-in-georgien-nicht-willkommen

 

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის