USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
«Der Standard» (ავსტრია): „დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა „მაიდანი“ პოპულარული ხდება“
дата:  485

ავსტრიის გაზეთ „სტანდარდში“ (Der Standard) დაბეჭდილია სტატია სათაურით „დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო: საქართველოში სიტყვა „მაიდანი“ პოპულარული ხდება“ (ავტორი - ჯო ანგერერი), რომელშიც განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება - თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მწვავდება: ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში ზედიზედ იმართება საპროტესტო აქციები. პოლიცია დემონსტრანტების დაშლას წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზით ცდილობს. თავის მხრივ, აქციის მონაწილები ბარიკადებს აგებენ და პოლიციელებს პეტარდებს და ქვებს ესვრიან. დაკავებულია აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე. პოლიციელებისა და დემონსტრანტების შეტაკების დროს ორივე მხარის წარმომადგენლები დაზიანდნენ, ძალადობა განიცადეს ჟურნალისტებმაც. ყველა მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, სადაც მათ სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.

თბილისში ამჟამად ყველაზე გავრცელებული და სალაპარაკო ტერმინია „მაიდანი“. როგორც ცნობილია, „მაიდანი“ 2014 წელს უკრაინული ენიდან გავრცელდა, როცა კიევში „დამოუკიდებლობის მოედანზე“ („მაიდან ნეზალეჟნოსტი - Майдан незалежностi) გამართული რევოლუციური აქციების შედეგად ქვეყნის პრორუსული პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო. ამჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება რევოლუციას არ დაუშვებს.

დავა ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გამო

საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პრორუსუსლმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. დავა ევროკავშირში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით გამწვავდა ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ მოლაპარაკება ევრობლოკში გაწევრიანებაზე დროებით 2028 წლამდე შეჩერდებაო - იმიტომ, რომ საქართველო შანტაჟს განიცდის ევროკავშირის მხრიდან. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ასევე უარს ამბობს ევროკავშირიდან ფინანსური გრანტების მიღებაზეც.

უფრო ადრე ევროკავშირმა თვითონ განაცხადა, რომ საქართველოს - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის - ბლოკში მიღების პროცესს თავისივე ინიციატივით აჩერებს. სხვათა შორის, ამჟამად აშშ-მაც დროებით შეაჩერა სტრატეგიული თანამშრომლობა სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკასთან: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა საქართველოს მთავრობა დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალადობის გამოვლენასა და კონსტიტუციის ღალატში დაადანაშაულა.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ქართველების ხმა ევროპამ უნდა გაიგონოს, მათ პოზიციას პატივი უნდა სცეს და მხარი უნდა დაუჭიროს“. საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია გამოხატა კაია კალასმაც - ევროკავშირის ახალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, რომლის თქმით, ევროკავშირმა შეიძლება თბილისის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს.

კრიზისი პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების აუცილებლობა ქვეყნის ძირითად კანონშია ჩაწერილი. შესაბამისად, ბევრი ქართველი მხარს უჭერს პროევროპული ორიენტაციის მქონე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც, თავის მხრივ, საპროტესტო აქციენის მონაწილეების გვერდით დგას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახლოვდება ახალი პრეზიდენტის არჩევნების თარიღი - 14 დეკემბერი, რომელიც საინტერესოა იმით, რომ არჩევნებს ძველებურად საყოველთაო ხასიათი კი არ ექნება, არამედ პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია (რომლის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები და სხვა წარმომადგენლები) აირჩევს - „ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს შემოღებული საარჩევნო კოდექსის თანახმად. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წამოაყენებს, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ხაზის გამტარებელი იქნება.

მაგრამ სიტუაცია პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მოულოდნელად გამწვავდა: სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს პოსტის დატოვებაზე - მისი თქმით, რადგანაც პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, „უკანონო პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ აქვს“. თუ ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის წინაშე უკან არ დაიხევს - და ამის ნიშნები არ არის - ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. „მე მესმის სალომე ზურაბიშვილს ემოციური განწყობა, მაგრამ 29 დეკემბერს იგი თავის რეზიდენციას კანონიერად არჩეულ ახალ პრეზიდენტს გადასცემს“, - ეს პრემიერ-მინისტრის ნათქვამი გახლავთ.

წყარო: https://www.derstandard.at/story/3000000247244/streit-um-pfad-in-die-eu-in-georgien-macht-das-wort-maidan-die-runde?ref=rss

 

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати