USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«Der Märkische Bote» (გერმანია): „საქართველო: დავით გარეჯას მონასტერი“
Date:  760

გერმანული გაზეთის „დერ მერკიშე ბუთეს“ (Der Märkische Bote - იბეჭდება ქალაქ კოტბუსში, ბრანდენბურგის მხარეში) 22 ივლისის ნომერში, რუბრიკით „მოგზაურობა“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო: დავით გარეჯას მონასტერი“ (ავტორი - ზიგლინდ როი). მასალაში გადმოცემულია გერმანელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები, რომელიც სამოგზაუროდ საქართველოში იმყოფებოდა.

 პუბლიკაციის დასაწყისში საუბარია „თბილისთან ახლოს სტეპური ლანდშაფტის მქონე უტყეო რაიონში“ მდებარე დავით გარეჯას მონასტრის ისტორიაზე, რომელიც გამოქვაბულების სახით, კლდეშია გამოკვეთილი.

 „როგორც ითვლება, მონასტერი დაარსა წმინდა დავითმა, ერთ-ერთმა 13 ასურელი მამათაგან, მე-6 საუკუნეში. ქრისტიანულმა ლავრამ მტრების მრავალი შემოსევა გადაიტანა, მათ შორის მონღოლებისა და სპარსელი მომხდურების თავდასხმები. სამწუხაროდ, ამ მხრივ დღესაც რთული მდგომარეობაა: ადგილობრივ იდილიურ, კვირა დღის სიმშვიდეს აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცები დემონსტრაციულად არღვევენ, რომლებიც მაღალ ქედზე დგანან.

ამბობენ, რომ საქართველოს საზღვარი ქედის მიღმა გადის, მაგრამ მეზობელი აზერბაიჯანი ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს. ამიტომაც ჩვენ და ადგილობრივ ტურისტებს დავით გარეჯის მონასტრის მხოლოდ იმ ნაწილის დათვალიერება შეგვიძლია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად, ვერ ვნახავთ იმ ფრესკებს, რომლებიც ათასი წლის არიან შექმნილნი. დავით გარეჯას ფრესკები ხელოვნების უნიშვნელოვანეს საგანძურს წარმოადგენენ.

მღვიმური მონასტერი ისტორიულად ქრისტიანობის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ფორპოსტად ითვლება. აქაური ბერები დღესაც ისეთივე მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც მათი წინამორბედები. ლეგენდარულმა დავითმა, რომლის საფლავზე ძეგლია აღმართული, აქ რამდენიმე მოსწავლე გაზარდა. შუა საუკუნეებში დავეთ გარეჯა აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტირული ცენტრი გახდა. მონასტერმა ყველაზე დიდი კატასტროფა 1616 წელს გადაიტანა, როცა სპარსეთის შაჰმა აბასმა აღდგომის დღესასწაულის დროს აქაური ბერები და თავშეფარებული ქართველები დახოცა.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ეს არემარე აკრძალულ ზონად ითვლებოდა - აქ იყო დისლოცირებული სამხედრო პოლიგონი, სადაც ავღანეთში ოპერაციების განსახორციელებლად საარტილერიო წრთვნები მიმდინარეობდა. საჭირო გახდა სამოქალაქო პროტესტების ჩატარება, რომ საარტილერიო სროლები შეწყვეტილიყო და პოლიგონი გაუქმებულიყო. 1990-იანი წლების შუახანებში წმინდა ადგილი კვლავ ადგილობრივი მომლოცველობის ცენტრი გახდა. დღეს აქ მშობლებს შვილები მოჰყავთ და შთამომავლებს დავითის დროინდელი გამოქვაბულების მნიშვნელობას უხსნიან.

დავით გარეჯასთან ახლოს მდებარეობს სოფელი უდაბნო, რომლის სახელი ქართულად მაინცდამაინც მიმზიდველად არ ჟღერს. „უდაბური ადგილი“, - ასეთი შინაარსი აქვს სოფლის სახელს. როგორც ამბობენ, ათეული წლების წინათ, [საბჭოთა პერიოდში] როცა აქ სოფელი გააშენეს, მთიელები ჩამოასახლეს (როგორც ამბობენ, არცთუ ნებაყოფლობით) ბევრი მათგანი მოგვიანებით უკან დაბრუნდა და აქაური სახლები დატოვა“.

ავტორი წერს იმ შთაბეჭდილებებზეც, რომლებიც უდაბნოში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის სტუმრობისას მიიღეს. „მასპინძელმა სწრაფად გაგვიშალა მშვენიერი სუფრა და ქართული ალკოჰოლური სასმელი ჭაჭაც მოგვართვა, რომელიც მისივე რეცეპტით იყო მომზადებული. სადღეგრძელოები უამრავი იყო: ღვთის სადიდებლად, მასპინძლის საქებად, მეტი სტუმრებისათვის, ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისათვის, საქართველოსათვის და ა.შ.“.

ავტორი ეწვია სიღნაღსაც, „რომელიც მაღლობ ადგილზეა გაშენებული და გარშემო 28-კოშკიანი „დიდი ჩინური კედელი“ აქვს შემორტყმული. როგორც გადმოცემით ირკვევა, საქართველოს მეფე აქ ხშირად ისვენებდა ოჯახით. ძველი ქალაქის ქუჩები კლასიკური იტალიური სტილის მსგავსად არის გაშენებული. მშვიდი და ლამაზი სიღნაღი ტურისტებს ელოდება“.

წყარო: https://maerkischer-bote.de/unterhaltung/georgien-das-hoehlenkloster-davit-gareja-224036

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way