USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
Der Spiegel» (გერმანია): „კურსკის ოლქში შეჭრა უკრაინის საომარი მოქმედებებისათვის შეიძლება დასასრულის დასაწყისი იყოს“
Date:  797

„უკრაინის საჯარისო სამხედრო ქვედანაყოფების კურსკის ოლქში შეჭრამ დასავლელ ექსპერტებს საქმე გაუჩინა - ისინი ეძებენ პასუხს კითხვაზე, თუ რისი მიღწევა სურს უკრაინას ამ ოპერაციით“, - ნათქვამია გერმანული ჟურნალის „დერ შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში სათაურით „კურსკის ოლქში შეჭრა უკრაინის საომარი მოქმედებებისათვის შეიძლება დასასრულის დასაწყისი იყოს“ (ავსტრიელ ექსპერტს გუსტავ გრესელს ესაუბრება ჟურნალისტი ალექსანდერ კაუშანსკი).

პუბლიკაციაში გუსტავ გრესელი აცხადებს, რომ უკრაინის არმიისათვის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა კიევისათვის ძალიან სახიფათოა და შეიძლება უკრაინის სამხედრო კოლაფსი გამოიწვიოს. მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია ძალიან ცოტაა - დღემდე არავინ იცის, თუ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება კურსკის ოლქის სამხრეთ რაიონებში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის წარმატებისათვის.

„ერთი რამ ცხადია: საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინა, რომელიც დონბასში მიმდინარე მძიმე ბრძოლებშია ჩართული, კურსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. რაც უფრო წინ მიიწევენ უკრაინელები, მით უფრო სუსტდება მათი ლოჯისტიკა. მათ აუცილებლად ჭირდებათ დამატებითი ცოცხალი ძალა, სამხედრო ტექნიკა, საწვავით მომარაგება, დანაკლისის შევსება. არადა, აშკარაა, რომ ამჟამად უკრაინას დამატებითი რეზერვები არ აქვს. თუ რაიმე ჰქონდა, ისინი უკვე კურსკში იბრძვიან. დასავლური დახმარების სწრაფი გაზრდა ამ მომენტში ნაკლებად მოსალოდნელია.

ამრიგად, კურსკის ოლქში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია სახიფათოა თვითონ უკრაინის არმიისათვის, მაგრამ კიდევ უფრო უარესი შეიძლება იყოს შეჭრით გამოწვეული პოლიტიკური შედეგები. მართალია, უკრაინელები რუსეთის ტერიტორიის ოკუპირებით „წელში გაიმართნენ და სულში იმედი ჩაესახათ“, მაგრამ მაინც ყველასათვის გასაგებია, რომ ეს ყველაფერი დონბასის ფრონტის შესუსტების ხარჯზე მოხდა... ამიტომაც არმიის სარდლობას, თუ ისინი დამარცხდებიან, იმედგაცრუებული საზოგადოებისა და ჯარისკაცების წინაშე პასუხისმგებლობა მოუწევთ“, - ამბობს ინტერვიუში გუსტავ გრესელი.

ავსტრიელი ექსპერტი სახიფათოდ თვლის საერთაშორისო რეაქციასაც უკრაინელთა „სამხედრო ნახტომზე“, რომელიც კიევმა რუსეთის იურიდიულად აღიარებულ ტერიტორიაზე განახორციელა. „რასაკვირველია, ამერიკელები კარგად უწყოდნენ ამ ოპერაციის დაგეგმვასა და რეალიზებას. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ შეტევის დროს უკრაინელებმა მასიურად გამოიყენეს ამერიკული რაკეტები - HIMARS-ები. ამ რაკეტების სამიზნეთა კოორდინატები ყოველთვის ვაშინგტონთან არის ხოლმე შეთანხმებული. ამასთან, ოპერაციის შესახებ არაფერი არ იცოდა კიევის კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა მოკავშირემ - გერმანიამ.

ბერლინში გაჩაღდა დისკუსია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კურსკი ოლქზე შეტევაში გერმანული მძიმე ტექნიკაც - ჯავშნიანი მანქანები „მარდერები“ მონაწილეობდნენ. ჯერ-ჯერობით ქვეყნის მთავრობას რაიმე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია: „ალბათ, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ მოკავშირეები, იმაზეც იქნება დამოკიდებული უკრაინის არმიის ოპერაციის შემდგომი წარმატება.  აშკარაა, რომ გერმანიის კანცლერი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება კიევისათვის დახმარების შემდეგი პაკეტის გაგზავნის დროს“, - ამბობს ავსტრიელი ექსპერტი.

გუსტავ გრესელის ვარაუდით, კიევს იმედი აქვს, რომ კურსკის ოლქში რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაიკავებს, მაგალითად, კურსკის ატომურ ელექტროსადგურს და ამით დააჩქარებს რუსეთის თანხმობას სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც ახლა უკვე ტერიტორიულ გაცვლასაც გულისხმობს. მაგრამ ექსპერტის აზრით, უკრაინა ჯეროვნად ვერ აფასებს ამ მეტად სარისკო გეგმის ჩაფუშვის შესაძლებლობას: „თუ უკრაინელები კურსკის ოპერაციით რეზერვებს მთლიანად „შეჭამენ“ და ისედაც გამოფიტული არმია კიდევ უფრო დასუსტდება, მაშინ დონბასის ფრონტი ჩამოიშლება და უკრაინა იძულებული გახდება აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დათმოს“.

დონბასში უკრაინის არმიის სავარაუდო კატასტროფა გერმანულ ოპოზიციას და რუსეთუმეებს - ისეთებს, როგორებიც არიან პარტიები „ალტერნატივა გერმანიისათვის“ და „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ განმტკიცების შესაძლებლობას მისცემს. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ უკრაინა არასაიმედო პარტნიორად, „დაუფიქრებელ ჩხუბისთავად“ წარმოადგინონ, ანუ ისეთად, რომელიც არავინ იცის, რას მოიმოქმედებს. ერთი სიტყვით, თუ უკრაინა კურსკის კამპანიით საბოლოოდ ვერაფერს მიაღწევს, მაშინ აშშ და გერმანია კიევს დახმარებას მკვეთრად შეუმცირებენ. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, „კურსკის ნახტომმა“ შეიძლება უკრაინის სამხედრო დასასრულის დაწყება გამოიწვიოს“.

„უკრაინამ კურსკის ოლქში შეჭრით შეიძლება უფრო მეტი დაკარგოს, ვიდრე მიიღოს“, ასკვნის ექსპერტი, - „კიევს სხვა სვლები აღარ დარჩა, სარისკო ოპერაციების გარდა. უკრაინას ომის მოგება არ შეუძლია მოკავშირეების მცირე დახმარებისა და ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო, ამიტომ კიევი ცდილობს რუსეთს ერთჯერადი მტკივნეული დარტყმები მიაყენოს, თუმცა შედეგები, ვიმეორებ, დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული“.

წყარო: https://www.spiegel.de/ausland/russland-ukraine-krieg-militaerexperte-warnt-vor-ukrainischem-vorstoss-auf-russisches-gebiet-a-796f8e55-b102-4829-966e-99f3f8165c7e

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way