USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Der Spiegel» (გერმანია): „ბრძოლა ძალაუფლებისათვის: ევროკომისია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ბრალდებას უარყოფს“
თარიღი:  625

გერმანული ჟურნალის „დერ შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ბრძოლა ძალაუფლებისათვის: ევროკომისია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ბრალდებას უარყოფს“, რომელშიც ევროკავშირის ორი ცნობილ პოლიტიკოსს შორის არსებული დაპირისპირების საკითხია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ინტერვიუში, რომელიც „შპიგელში“ ოთხ ოქტომბერს გამოქვეყნდა, ჟურნალისტ მარკუს ბეკერთან საუბრის დროს, ევროსაბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა) შარლ მიშელმა მწვავედ გააკრიტიკა ევროკომისიის თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ურსულა ფონ დერ ლაიენი და იგი საგარეოპოლიტიკურ საკითხებში უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა.

ევროკომისია გაღიზიანდა - როგორ თუ ჩვენი ლიდერი გააკრიტიკეო და უწყების პრეს-მდივნის არიანა პოდესტას პირით შარლ მიშელს შეუთვალა - თქვენი განცხადება ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ ელ ლაიენის მიმართ არასწორია, დამახინჯებულია და სიყალბის ელფერი დაჰკრავსო. მოკლედ, ევროკავშირის ლიდერებს შორის საკმაოდ მწვავე დავა-კამათია ატეხილი. მაინც რა თქვა ბელგიის ყოფილმა პრემიერმა შარლ მიშელმა ინტერვიუში?

ბრალდებები უფლებამოსილების გადაჭარბებაზე

ბელგიელმა ილაპარაკა თავის ფუნქციებზე და უფლებამოსილების გადანაწილებაზე ევროკავშირის თანამდებობის პირებს შორის. შარლ მიშელის თქმით, იგი თვითონ მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ როლს ასრულებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის სახით: „ევროპის საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიული მიმართულებებით, ევროკომისია კი ამ გადაწყვეტილებებს ასრულებს და მათ რეალიზაციაზე ზრუნავს“, - თქვა შარლ მიშელმა, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ზოგჯერ რეალიზების თვალსაზრისით, პრობლემები იქმნება ხოლმე.

შარლ მიშელმა მაგალითისათვის დაიმოწმა ტუნისთან დადებული საიმიგრაციო შეთანხმება, რომლის შესახებაც ამას წინათ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა ნიდერლანდებისა და იტალიის პრემიერებთან შეხვედრის დროს, რაც მისი უფლებამოსილების გადაჭარბებას წარმოადგენს - შეთანხმების დადების უფლებამოსილება ევროსაბჭოს პრეროგატივაა და ევროკომისიის პრეზიდენტს ეს არ უნდა გაეკეთებინა. ასევე შარლ მიშელმა ილაპარაკა საკუთარ დამსახურებაზე პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებში და რუსეთის მიმართ სანქციების გამოცხადების დროს.

რა თქმა უნდა, ურსულა ფონ დერ ლაიენის ოფისში შარლ მიშელის ნათქვამმა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯერ გაკვირვება, შემდეგ კი გაღიზიანება გამოიწვია. პრეს-მდივანმა არიანა პოდესტამ აღნიშნა, რომ ტუნისთან დადებული შეთანხმება დიდი ხანია მზადდებოდა და ამის შესახებ ყველასათვის ყველაფერი ცნობილი იყო. რაც შეეხება შარლ მიშელის დამსახურებას - „იგი არც პანდემიის და არც ანტირუსული სანქციების გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს მონაწილეობა არ მიუღია“.

ბრძოლა ძალაუფლებისათვის ბრიუსელში

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ერთი მხრივ, შარლ მიშელი ურსულას აკრიტიკებს უფლებამოსილების გადაჭარბებაში, მაგრამ მეორე მხრივ, თვითონაც ხშირად იგივეს აკეთებს. მაგალითად, უკრაინას აღუთქვა 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანება, რაც მის თანამდებობრივ ფუნქციებში არ შედის და ეწინააღმდეგება მიღების წესებს.

სხვათა შორის, ამ ორ ლიდერს შორის ადრეც მომხდარა  საკმაოდ უცნაური ბრძოლა ძალაუფლებისათვის, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში. 2021 წელს ევროპა მოწმე გახდა იმ უხერხული კაზუსისა, რომელიც „სოფაგეიტის“ („დივანგეიტის“) სახელით არის ცნობილი: თურქეთში შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი ვიზიტის დროს, როცა ისინი ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს და იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდნენ, ურსულასათვის თავისუფალი სავარძელი არ აღმოჩნდა, იგი იძულებული გახდა მევლიუთთან ერთად მეორე დივანზე დამჯდარიყო და ისე  ელაპარაკა სავარძელში მჯდომ რეჯეფისა და მიშელისათვის, თუმცა, მას სტატუსით პრეზიდენტებთან ერთად ჯდომა ეკუთვნოდა.

თავდაპირველად მომხდარში ბრიუსელმა ანკარა დაადანაშაულა, მაგრამ თურქებმა განაცხადეს, რომ ვიზიტის დეტალები შარლ მიშელთან იყო შეთანხმებული და კითხვები იმას დაუსვითო. ანუ გამოდის, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტი განგებ „დააქვეითა“ სტატუსით. ამ ინციდენტმა ორ ევროპელ პოლიტიკოსს შორის ურთიერთობა გრძელვადიანი პერსპექტივით გააუარესა.

წყარო: https://www.spiegel.de/ausland/charles-michel-eu-kommission-weist-vorwuerfe-nach-spiegel-interview-zurueck-a-0487896e-4993-4761-8ec1-9be48435ed68

 

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის