USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Tbilisi
«Der Tagesspiegel» (გერმანია): „ბერლინში ვიზიტის წინ. გერმანელი „მწვანე“ პოლიტიკოსი ანტონ ჰოფრაიტერი თბილისს აკრიტიკებს: „საქართველოს მომავალი ევროკავშირში სასწორზეა დადებული“
Date:  323

გერმანული გაზეთი „ტაგესშპიგელი“ (Der Tagesspiegel) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბერლინში ვიზიტის წინ. გერმანელი „მწვანე“ პოლიტიკოსი ანტონ ჰოფრაიტერი თბილისს აკრიტიკებს: „საქართველოს მომავალი ევროკავშირში სასწორზეა დადებული“ (ავტორი - ალბრეხტ მაიერი). მასალაში განხილულია ის სიტუაცია, რომელიც საქართველო-გერმანიის ურთიერთობებშია შექმნილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში ვიზიტის წინ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

დღეს, პარასკევს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იღებს სტუმარს იმ ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშრში გაწევრიანების სურვილს გამოხატავს. ამასთან, საქართველოს პრემიერის ვიზიტი დაჩრდილულია თბილისში მიმდინარე  [ანტისამთავრობო] დემონსტრაციებით, რომლის მიზეზია მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკმაოდ წინააღმდეგობრივი კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“. კრიტიკოსები მთავრობას  საყვედურობენ და ამხელენ, რომ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებას ემუქრება...“

„თავისი ბოლო კანონპროექტით პარტია „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და დაშინებას“, - აცხადებს გერმანიის „მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი, ბუნდესტაგის ევროპული კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერი „ტაგესშპიგელთან“ ინტერვიუში, - ამრიგად, საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს - ევროკავშირში გაწევრიანებას“.

„ვიმედოვნებ, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი მკაფიოდ განუცხადებს საქართველოს მთავრობის მეთაურს, თუ როგორი სავარაუდო საფრთხე ემუქრება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. გერმანია მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყნის ევროპული გზის მომხრეს წარმოადგენს“, - ხაზს უსვამს ანტონ ჰოფრაიტერი.

ოლაფ შოლცის გარდა, ირაკლი კობახიძეს დაგეგმილია აქვს ბერლინში შეხვდეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის თავმჯდომარეს ბერბელ ბასს.

საქართველო და ევროკავშირი: ჯერ მხოლოდ კანდიდატის სტატუსი

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ საქართველომ - კავკასიურმა სახელმწიფომ - გააქტიურა თავისი ძალისხმევა ევროკავშირის წევრად მიღების მიზნით, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ საქმეში რაიმე დიდი პროგრესი მიღწეული არ არის: ევროკავშირის სამიტზე, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, გადაწყდა, რომ გაწევრიანებისათვის მოლაპარაკება დაიწყება მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან. საქართველო ჯერ-ჯერობით კანდიდატის სტატუსით რჩება.

ევროკავშირის ყოყმანი გამოწვეულია საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ და თვითონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის  მყიფე კურსით ევროკავშირთან და რუსეთთან დამოკიდებულების გამო.

ერთი მხრივ, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტია საქართველოს შესვლა ევროკავშირში და ნატოში, მაგრამ მეორე მხრივ, მთავრობის მეთაური კიდევ ერთხელ ცდილობს სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას და ამ მიზნით სარგებლობს წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე კანინპროექტით, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოური გავლენების აღსაკვეთად.

ქართული კანონპროექტის ჩრდილოვანი მხარეები

გასულ წელს თბილისის მთავრობამ, მასობრივი საპროტესტო აქციების გამო,  აღნიშნული კანონპროექტი უკან გაიწვია. სხვათა შორის, ანალოგიური კანონი მოქმედებს რუსეთშიც ე.წ. „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ. მისი ძირითადი მიზანია ხელი შეუშალოს და გადაუკეტოს ფინანსების მიღების წყაროები საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ კანონის საფუძველზე რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ აკრძალა უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ საქმიანობა 2021 წელს.

საქართველოს შემთხვევაში, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობს, რომ ის საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ, რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ როგორც „უცხოური სახელმწიფოს ინტერესების დამცველი ორგანიზაციები“.

რასაკვირველია, გერმანიის ფედერალური მთავრობა საქმის კურსშია, რომ ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს მიმდინარე წლის თებერვლიდან ფლობს, გეგმავს შარშან პარლამენტიდან უკან გაწვეულ კანონის გადახედვას. გასულ კვირას, საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირელ პარტნიორებს შორის განხილული იქნება საპასუხო ზომები იმ შემთხვევისათვის, თუ საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტის მიღებას (ან მის მოქმედებას) არ შეაჩერებს.

ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ საქართველოს მთავრობა შარშან, 2023 წელსაც გააკრიტიკა, რადგან ხელისუფლება, მარტის თვეში გამართული მასობრივი პროტესტების მიუხედავად, მაინც [სადაო] კანონპროექტის პრინციპების ერთგული დარჩა. „სამოქალაქო ორგანიზაციებისადმი მხარდაჭერა და მასმედიის თავისუფლების დაცვა არა მხოლოდ დემოკრატიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალურ ელემენტსაც“, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: https://www.tagesspiegel.de/politik/hofreiter-kritisiert-regierung-in-tiflis-zukunft-georgiens-in-der-eu-auf-dem-spiel-11500751.html

 

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way