ამერიკელმა ბიზნესმენმა, ალექსანდერ ფრიდმანმა, რომელსაც ამერიკაში წამყვან ბრენდებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ახალგაზრდა პროექტების მენეჯერმა საქართველოდან, სანდრო ბერიამ აღმოსავლეთევროპელებისთვის ამერიკულ უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტირების შესაძლებლობის გამარტივება გადაწყვიტეს. ამ მიზნით დააარსეს მათ ახალი კომპანია Friedman & Co. და საკუთარი გამოცდილება, ხედვა და გეგმები Forbes Georgia-ს გაუზიარეს.
ახალი ბიზნესიდეები ხშირად არსებული პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად. რა იყო ინსპირაციის წყარო თქვენს შემთხვევაში?
ალექსანდერი: ამერიკის უძრავი ქონების ბაზარი ძალზე კომპლექსურია. სახლს მარტივად, მხოლოდ ფულის გადახდით ვერ იყიდი, პროცესი მოიცავს გადასახადებსა და სხვა მრავალ ასპექტს. ჩემი ცოლი ოთხი წელია, აქ ცხოვრობს და მასაც კი უჭირს ამაში გარკვევა. ვიფიქრეთ, რომ თუ ჩვენ, ვინც ამერიკაში ვცხოვრობთ, ასე გვაბნევს ეს პროცესი, ქართველებისთვის კიდევ უფრო რთული იქნებოდა და მათთვის პროცესი უნდა გაგვემარტივებინა.
ასევე იყო საქართველოს შემთხვევაშიც. რომ არა ჩემი ცოლი, არც კი ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო. უბრალოდ Google-ში რომ მომეძებნა გაყიდვების აგენტი, დიდი იქნებოდა შანსი, არჩევანს არ გაემართლებინა. იქნებ მხოლოდ რეკლამაზე ხარჯავენ ფულს? მექნებოდა თუ არა გარანტია, რომ შერჩეული ადგილი უსაფრთხო ან ინვესტიცია პერსპექტიული იქნებოდა? კითხვები ბევრი იყო, პასუხები კი არა. თანაც, საქართველოსა და ამერიკაში სახლების ფასები თითქმის ერთნაირი იყო. სწორედ ასე გაჩნდა კომპანიის დაფუძნების იდეა.
სანდრო: ალექსანდერი და მისი მეუღლე საქართველოში უძრავი ქონებით დაინტერესდნენ და როდესაც მოძიება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ამერიკის ბაზართან შედარებით ფასთა შორის სხვაობა მინიმუმი იყო, რამაც გვაფიქრებინა, რომ საქართველოში არსებობს მაღალშემოსავლიანი ადამიანების სეგმენტი, რომლებსაც აქვთ საშუალება, ინვესტიცია განახორციელონ ან პირადად შეისყიდონ უძრავი ქონება.
ახალ დეველოპერულ კომპანიებში, რომლებიც საქართველოში სახლებსა და პრემიუმ-კლასის კორპუსებს აშენებენ, ერთი კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 2,000-2,500 დოლარია. ჩვენ მიერ ბაზრის მოკვლევითა და კონსულტაციებით დადგინდა, რომ ასეთივეა ფასი ფლორიდაში ზოგიერთ უბანშიც. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ასეა. ამიტომაც გვინდა, ქართველებსა და აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებლებს მივცეთ შანსი, შეიძინონ პერსპექტიული საინვესტიციო უძრავი ქონება ამერიკაში.
კომპანიის უნიკალურობა ისაა, რომ გვექნება ექსკლუზიური კატალოგები, რომლებიც არა ყველასთვის, არამედ მხოლოდ VIP-კლიენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი კონცეფცია გულისხმობს ექსკლუზიურ შეთავაზებებს, რომლებზე წვდომა, შესაძლოა, თვითონ ამერიკელებსაც კი არ ჰქონდეთ. ვმეგობრობთ წამყვან საერთაშორისო სააგენტოებთან და მათთან კოლაბორაცია გვაძლევს წვდომას იმ პროდუქტებზე, რომლებიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებზე მორგებული.
დღეს ფულის დაბანდება მრავალნაირად შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კი აქციებში ინვესტირებაა. რატომ შეარჩიეთ უძრავი ქონება?
ალექსანდერი: სიმდიდრის დაგროვება და ინვესტირება მოსაწყენი არ უნდა იყოს. მაგალითად, თუ დასასვენებლად წასვლა გინდა, აქციებს თან ვერ წაიღებ, ის ფიზიკურად ხელმისაწვდომი არაა, მაგრამ სხვაგვარადაა საქმე უძრავი ქონების შემთხვევაში. შეგიძლია, დაპატიჟო მეგობრები და აჩვენო მათ საკუთარი სახლი, შეგიძლია სესხის ასაღებად გამოიყენო და სხვ.
ასე გავიზარდე. მამაჩემს ერთი პენიც კი არ დაუბანდებია აქციებში, რაც ცოტა უცნაური იყო და ბავშვობაში ამას ვერ ვიგებდი, რადგან ჩემი მეგობრების მამები ყოველთვის აქციებზე საუბრობდნენ ხოლმე შეკრებისას. სამაგიეროდ, მამაჩემი 60 Rolex-ისგან შემდგარ კოლექციას ფლობდა და მეუბნებოდა, რომ მათი ფასი ყოველ წამში იზრდებოდა, რადგან მსგავსს აღარასდროს დაამზადებდნენ.
2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ჩემი მეგობრების ოჯახები ძალიან დააზარალა. მამაჩემმა ამ დროს Rolex-ების მთელი კოლექცია გაყიდა და იმაზე ბევრად მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მათ ყიდვაზე დახარჯა. კრიზისს თავი მშვენივრად გავართვით. ამან ჩემზე ბავშვობაშივე გავლენა იქონია და მიმახვედრა, რომ თანხას შენთვის საინტერესო რამეში უნდა აბანდებდე. კი, საფონდო ბირჟის თვალის დევნებაც საინტერესოა, მაგრამ როდესაც საკუთარი სახლის აივნიდან ეზოს გადახედავ, სრულიად სხვა შეგრძნება გეუფლება.
სანდრო: ბოლო წლებში საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიკვეთა საზღვარგარეთ უძრავ ქონებაში ინვესტირების ტენდენცია. ამ დროს კი ორი მთავარი გამოწვევა წარმოიქმნება. პირველი არის ლიმიტირებული წვდომა ექსკლუზიურ პროდუქტებთან. მეორე კი ბიუროკრატიული სირთულეები, რომლებიც ადამიანს საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში საქმეს ურთულებს. ამანაც გადაგვაწყვეტინა, შეგვედგინა გაწერილი გეგმა, რომელიც მომხმარებლებზე იქნებოდა მორგებული და მათ ბიუროკრატიული სირთულეების დაძლევაში დაეხმარებოდა.
უძრავი ქონების ფასები შესაძლოა უფრო სტაბილურია, ვიდრე რიგი კომპანიების აქციები, თუმცა მათზეც ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. როგორ აზღვევთ რისკს? რა უპირატესობა აქვს ამერიკის ბაზარზე ინვესტირებას?
ალექსანდერი: ყველაფერს, ყველა ინვესტიციას თან ახლავს რისკი. ეკონომიკური კრიზისის დროს არათუ აქციები თუ ბონდები, არამედ მანქანაც კი არაა დაცული. ამერიკაში ფასები შედარებით სტაბილურია და, საერთო ჯამში, ინვესტირება აქ საკმაოდ უსაფრთხოა, შოკების მიმართ უფრო დაცულები ვართ და სწორედ ამიტომ მომწონს აქ ფულის დაბანდების იდეაც.
მიუხედავად იმისა, რომ რისკს თავს ვერ აარიდებ, მისი მინიმიზება შესაძლებელია. ამის საშუალებას კი აშშ-ის ეკონომიკური უსაფრთხოება იძლევა. ამიტომ განვიხილავთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას და დუბაის, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე არეულობისგან მოშორებითაა და სტაბილური ეკონომიკაც აქვს. ორი ასეთი არჩევანი ნამდვილად საჭიროა.
რა მოცულობის ინვესტიციის დაბანდებაა შესაძლებელი თქვენი კომპანიის მეშვეობით?
ალექსანდერი: ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგვიძლია მაიამიში, მაგალითად, 200,000 დოლარად შეგაძენინოთ უძრავი ქონება საკუთარი შვილისთვის, დედისთვის. ამ ფასად მშვენიერ სახლს იყიდით იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰამის კუნძულებზე და სხვ. შეგვიძლია მოგიძებნოთ 8-10 მილიონ დოლარამდე ღირებულების სახლებიც. გააჩნია, რამდენის ინვესტირება გსურთ. ჩვენი მთავარი მიზანი თქვენი ნდობის მოპოვებაა და თუ მცირე თანხის დაბანდება გსურთ, ამაშიც დაგეხმარებით. გვაქვს ასევე სპეციალური შეთავაზებები VIP-კლიენტებისთვის და სახლები, რომლებსაც ბაზარზე ვერ იპოვით.
სანდრო: ჩვენ მომხმარებლებს „წარმატებულ ადამიანთა კლუბში“ გავაერთიანებთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ექსკლუზიური შეთავაზებებით მაღალანაზღაურებადი სეგმენტი იქნება უფრო მეტად დაინტერესებული, რაც ლოგიკურია და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ამგვარი ფორმატი.
როგორ აპირებთ ნდობის მოპოვებას?
ალექსანდერი: ოპერაციების დაწყება სიტყვიერი კომუნიკაციით შევძელით. როდესაც შესაბამისი კავშირები გაქვს, ერთი სატელეფონო ზარიც კი საკმარისია ხოლმე. ადამიანებს, რომლებსაც ვესაუბრებით, ძალიან მოსწონთ ამერიკისა და საქართველოს დაკავშირების იდეა, გვენდობიან და სურთ ჩვენთან მუშაობა.
გარკვეულ დონემდე მისვლის შემდეგ ფუჭ რეკლამებზე თანხის დახარჯვა აღარ გჭირდება. რეპუტაცია და ხალხის მიერ შენთან მუშაობის სურვილი დიდ როლს ასრულებს. ისინი გვენდობიან, რადგან გვიცნობენ მე და ჩემს ცოლს. მთელი ცხოვრება და კარიერა ბევერლი-ჰილსზე გავატარე, მიმუშავია ინდუსტრიების ხელმძღვანელებთან, საკუთარი სფეროების ტიტანებთან და დღეს მაქვს პრივილეგია, ბევრ მათგანს მეგობარიც ვუწოდო.
რეკლამებზე 50,000 დოლარი შეიძლება დახარჯო თვეში, მაგრამ ნდობის მოპოვების ერთადერთი რეალური გზა თანამშრომლობაა. რადგან უკვე ბევრი პარტნიორი გვყავს, რეკლამაზე ბევრი რესურსის დახარჯვა აღარ გვჭირდება.
სანდრო ბერია, რევაზ ბერიძე, დავით ქავთარაძე
გამოდის, რომ ხალხს ფულის დაბანდებაში ეხმარებით, მაგრამ არ ხართ საინვესტიციო კომპანია?
ალექსანდერი: უფრო მეტად საკონსიერჟო მომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებელს. გეხმარებით შესაბამისი საინვესტიციო ადგილის მოძებნაში, მონაცემების დამუშავებაში, რათა მკაფიოდ ხედავდეთ, რას უნდა ელოდოთ. ასევე გეხმარებით გაერკვეთ კანონმდებლობაში, რომელიც შესაძლოა, საკმაოდ კომპლექსური იყოს, ვესაუბრებით გამყიდველებს, მყიდველებს და ზოგჯერ მთავრობასაც. ამ ყველაფერს კლიენტების სურვილების დაკმაყოფილებისთვის ვაკეთებთ.
სანდრო: ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მომხმარებელს გაუწევს კონსულტაციას და გაუზიარებს ცოდნას საინვესტიციო პროდუქტებთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაეხმარება შეძენილი ქონების მენეჯმენტში, იქნება ეს გაქირავება თუ გადაყიდვა და მივაწოდებთ ინდივიდუალურ მონაცემებს, როგორი იქნება უკუგება თუ სხვ.
უძრავ ქონებას ამერიკის მასშტაბით იძიებთ თუ იმ ადგილების მიხედვით, რომლებიც გამოიკვლიეთ?
სანდრო: უძრავ ქონებას მთელ ამერიკაში ვიძიებთ, მაგრამ წვდომა მთელ მსოფლიოზე ვრცელდება. გვაქვს გამოკვეთილი ადგილები, რომლებსაც ჩვენ თვითონ შევთავაზებთ, მაგრამ თუ მომხმარებელს კონკრეტული ადგილი სურს, მასზე გათვლილი ინდივიდუალური შეთავაზება გვექნება.
თუ ადამიანს უნდა ძალიან მყარი, სანდო ინვესტიცია განახორციელოს, შეგვიძლია შევთავაზოთ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე უძრავი ქონება, რომლის ფასიც ყოველწლიურად მზარდია. ამასთან, თუ ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვობის ოცნების ასახდენად იშრომა და ბევერლი-ჰილსზე პოპულარული ადამიანის მეზობლობით საკუთარი თავის დაჯილდოება სურს, ამის გაკეთებაც შეგვიძლია.
კომპანიის იდეის ჩასახვის შემდეგ მრავალი კონსულტაცია გავიარეთ ექსპერტებთან ჩვენი მეგობარი სააგენტოებიდან, შევისწავლეთ უამრავი უბანი და გამოვკვეთეთ ადგილები, რომლებიც საინვესტიციოდ სასურველია ყველაზე ძლიერი ქვეყნების მცხოვრებლებისთვისაც.
გვექნება არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ სხვა ფიზიკური აქტივებიც, რომლებსაც ადამიანები იყენებენ გასართობად, კოლექციების შესავსებად თუ სხვა. ეს იქნება მზარდი საინვესტიციო პირადი ფონდი.
განიხილავთ თუ არა უძრავი ქონების საქართველოში მოძიებასაც?
ალექსანდერი: ამას ნამდვილად ვისურვებდი. ჩემმა ცოლმა მთელი ცხოვრება საქართველოში გაატარა და ქართველ ხალხს, თქვენს კულტურას დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, ქართველები ამაყობენ საკუთარი წარმომავლობით, იციან და აღელვებთ საკუთარი ისტორია, რაც ინვესტიციის მდგრადობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამჟამად არსებული კავშირების ეფექტიანად გამოყენებაზე ვართ ორიენტირებულნი. ვამაყობ იმით, რომ ეს კომპანია საქართველოს სიმდიდრეს შემატებს. ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული თანხა ქვეყნის ეკონომიკაში ჩაბრუნდება.
სანდრო: ჩვენი კომპანიის დაარსების მიზანი საქართველოში თანამედროვე საინვესტიციო კულტურის შემოტანაა და სპეციალიზებულნი სწორედ ამაში ვიქნებით. სიმართლე ითქვას, ეს ბიზნესი უფრო მეტად ქართველებზეა გათვლილი და მგონია, რომ საქართველოს ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ისეთივე მყარი საინვესტიციო ადგილი იქნება სამომავლოდ, როგორიც ახლა ამერიკა ან დუბაია.
სხვა ქვეყნების ბაზრებზე გეგმავთ თუ არა შესვლას?
ალექსანდერი: ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და ჯერ ამერიკის ბაზარზე ვფოკუსირდეთ, თუმცა ძალიან დაინტერესებული ვარ დუბაითაც. ბევრი ჩემი კლიენტი საუდის არაბეთიდან იყო და დარწმუნებული ვარ, დუბაის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს, რაც ბევრ დეტალში ჩანს, მათ შორის, კანონმდებლობაში. ლეგალურობისა და ბიზნესის თვალსაზრისით გარემო შესაძლოა ამერიკაზე უკეთესიც კი იყოს.
სანდრო: ჩვენი მიზანი გლობალური გაფართოებაა და გვესმის, რომ ყველა კლიენტის ოცნება ამერიკაში, დუბაიში ან ევროპაში ცხოვრება შესაძლოა არ იყოს, ამიტომ სამომავლოდ ყველა მათგანის სურვილის გათვალისწინებას ვეცდებით. მოლაპარაკებების პროცესში ვართ ქართულ ბანკებთანაც და იმედი გვაქვს, ის მალე და თანაც წარმატებით დასრულდება. იმედი გვაქვს, ჩვენი კონტაქტები დაგვეხმარება, რომ საინვესტიციო საზღვრები მაქსიმალურად გავაფართოოთ.
ვინ არიან თქვენი ექსკლუზიური პარტნიორები?
ალექსანდერი: ჩვენი პარტნიორი საქართველოში ამჟამად McGill Law Firm-ია, რომელიც სამართალსა და საერთაშორისო ეკონომიკაშია სპეციალიზებული. ასევე ვმუშაობთ უძრავი ქონების 12-მდე კომპანიასა და აგენტებთან. ამ კომპანიებიდან ზოგიერთს Netflix-ის შოუებშიც კი იხილავთ. ვინ იცის, შესაძლოა თქვენი სახლიც კი იხილოთ რომელიმე შოუს შემდეგ სეზონში.
წყარო:https://forbes.ge/