USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
Tbilisi
Central Park: New York - მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პარკი, რომელიც ამერიკული დემოკრატიის სიმბოლოდ იქცა
Date:  1171

ქალაქის პარკი, რომელზეც დღეს მოგითხრობთ, არა თუ ყველაზე დიდი არაა მსოფლიოში, არც ქვეყანაში, არც მის ქალაქში, არც ყველაზე ძველია და არც ყველაზე ლამაზი, თუმცა ყველაზე ცნობილია და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქისა და ქვეყნისათვის.

პარკი კუნძულ მანჰეტენზე მდებარეობს 59-ე და 110-ე ქუჩასა და მე-5 და მე-8 გამზირებს შორის, ისე რომ მართკუთხედის ფორმა აქვს. სავარაუდოდ მიხვდით, რომ ნიუ ორკის ცენტრალურ პარკზეა საუბარი...
 
ცოტა სტატისტიკაც - პარკის სიგრძე 4 კილომეტრია, სიგანე კი 800 მეტრი. საერთო ფართობი - 3,4 კმ და მას დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი სტუმრობს წლის მანძილზე. პარკში 36 ქვის და თუჯის ხიდია და უამრავი ძეგლი, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები წლების მანძილზე ჩუქნიდნენ პარკს. ასევე 80 კმ საფეხმავლო და 10 კმ სარბენი ბილიკი. მისი პოპულარობა კი ძირითადად იმ ფილმების სიმრავლემ განაპირობა, რომელიც ამ პარკშია გადაღებული.
 
მიუხედავად იმისა, რომ პარკის გეომეტრია და ნარგაობები ძალიან ჰგავს ბუნებრივს, პარკი მთლიანად ხელოვნურია. მასში განთავსებულია რამდენიმე ტბა და წყალსატევი, უამრავი სასეირნო ბილიკი, ორი საციგურაო მოედანი, რომელთაგან ერთი ზაფხულში საცურაო აუზად იქცევა. ასევე ზოოპარკი, ბაღი, ცოცხალი ბუნების ნაკრძალი, ტყის მასივები, თეატრი „დელაკორტე“, რომელიც ზაფხულის ფესტივალებს მასპინძლობს, ციხესიმაგრე ბელვედერი, შვედური მარიონეტების თეატრი, ისტორიული კარუსელი და ძალიან ბევრი საბავშვო მოედანი და დასასვენებელი ველი.
 
როგორ იქმნებოდა: 1820 წლიდან 1850 წლამდე ნიუ იორკის მოსახლეობა ოთხჯერ გაიზარდა და ქვეყნის უმსხვილეს საწარმოო ცენტრად იქცა. აქ თავი მოიყარეს როგორც მაღალი, ასევე საშუალო კლასის მეწარმეებმა და მათთან ერთად მუშებმა და დაბალმა შემოსავლიანმა ფენამ. აუცილებელი გახდა ქალაქის მოსახლეობის ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომი დასასვენებელი ადგილის გამოყოფა. ქალაქის ხელმძღვანელობამ პარკის გასაშენებლად ქალაქგარეთ მდებარე დაჭაობებული მინდვრები გამოყო, რომელზეც ძირითადად ღარიბი ფერმერები სახლობდნენ.
იმ დროს ნიუ იორკში არსებულ სხვა პარკებთან წვდომა მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლებს ჰქონდათ - მდიდარ მოქალაქეებს, კლუბების წევრებს, საწარმოთა მფლობელებს. ეს სოციალური უსამართლობა აღელვებდა იმ დროინდელი ქალაქის ხელმძღვანელობას და პარკის არქიტექტორთა ამოსავალი წერტილი სწორედ დემოკრატიული პრინციპები და თავისუფლება გახდა. სოციალური თანასწორობა - აი რა იყო პარკის პროექტირების დევიზი.
 
1857 წელს გამოცხადდა კონკურსი, რომელიც ორმა არქიტექტორმა მოიგო ამერიკელმა ფრედერიკ ოლმსტედმა და ინგლისელმა კალვერტ ვოკსმა. მათ პარკების გაშენები ხელოვნებაში განათლება ევროპაში ჰქონდათ მიღებული, რადგან იმ დროისათვის აშშ-ში ჯერაც არ არსებობდა ლანდშაფტის დიზაინის სკოლები.
 
მათი პროექტით უნდა შექმნილიყო ინგლისური სტილის პარკი ბევრი ბილიკით, გორაკებით, წყალსატევებითა და ტყის მასივებით, რაც ძირეულად განსხვავდებოდა იმ პერიოდის ევროპაში მოდური ფრანგული სტილის რეგულარული ბაღისგან - გეომეტრიული ყვავილნარებით და შადრევნებით.
 
პარკს უამრავი შესასვლელი აქვს სხვადასხვა სახელებით. მათი შერჩევისას, სწორედ დემოკრატიული პრინციპები იქნა გათვალისწინებული და დაარქვეს არა გამოჩენილი ადამიანების სახელები, არამედ იმ პროფესიების, ვინც პარკის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას: მეცნიერთა, ხელოვანთა, ინჟინერთა, გამომგონებელთა, ვაჭართა, ფერმერთა, მაღაროელთა, მეტყევეთა, სამხედროთა და სხვა პროფესიების კარიბჭეები.
ამასთან, პარკი არა მხოლოდ ლანდშაფტური ხელოვნების საინტერესო ნიმუშია, ის გახლდათ იმ დროინდელი საინჟინრო დარგის მოწინავე გადაწყვეტილებების ველიც. პირველად სწორედ ამ პარკში განხორციელდა ისეთი გზების მშენებლობა, რომლებიც პარკის დონეზე საკმაოდ დაბლა კვეთს ტერიტორიას აღმოსავლეთიდან დასავლეთით და არა თუ არ უქმნის პრობლემას დამსვენებლებს, არამედ ოსტატურადაცაა შენიღბული ბუჩქებსა და ხეებში, ისე რომ მათი არსებობა საერთოდ არ ჩანს. მე-19 საუკუნეში აგებული ამ გზების გვირაბების და ხიდების სისტემა, უცვლელად მუშაობს დღემდე.
 
გარდა ამისა, პირველად სწორედ ამ პარკში მოხდა საფეხმავლო და ტრანსპორტისათვის განკუთვნილი გზების გაყოფა სხვადასხვა დონეზე. იმ დროის ნიუ იორკი სავსე იყო სხვადასხვა სახის ტრანსპორტით და ეს პირველ რიგში ცხენის ეკიპაჟები გახლდათ.

Bethesda terrace კი იყო ქვეითთა ხიდი, რომელიც კვეთდა სატრანსპორტო გზას რამდენიმე გვირაბით.
 
ამასთან ერთად, პარკში გაყვანილ იქნა უწყვეტი წყალმომარაგების სისტემა, რომელიც სასმელი წყლით უზრუნველყოფდა მოსახლეობას და ეს ნამდვილი სასწაული გახლდათ იმ დორისათვის არასაკმარისი საკანალიზაციო სისტემის მქონე ჭარბად დასახლებული ნიუ ორკისათვის.
პარკის მშენებლობა 1857 წლიდან 1873 წლამდე გრძელდებოდა. ამ ხნის მანძილზე, პარკში შეიტანეს 14 ათასი კუბი ნაყოფიერი მიწა, დარგეს 1400 სახეობის 4 მილიონზე მეტი ხე. გაშენდა ხეივნები, ბაღები, წყალსატევები, საბავშვო მოედნები. და ყველაზე მთავარი - აშშ-ს დაარსების ისტორიაში პირველად, ეს გახლდათ პარკი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველა სოციალური ფენისათვის.
 
1873 წლიდან 1895 წლამდე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სანამ ქალაქმა არ შეწყვიტა პარკის დაფინანსება. შემდეგ კი პარკი გაველურდა, არავინ კრიჭავდა გაზონებს, ცვლიდა გამხმარ ხეებსა და ბუჩქებს, იგი კრიმინალთა თარეშის ადგილად იქცა.
 
სიტუაცია შეიცვალა, როცა ქალაქის მერი 1934 წელს ფიორელო ლა გუარდია გახდა და მან პარკის მმართველად რობერტო მოზესი დანიშნა. მე-20 საუკუნის ნიუ-იორკისლონგ-აილენდისა და მისი შემოგარენის"დიდი მშენებელი"- მოზესი ყველაზე გავლენიანი პიროვნება იყო ნიუ-იორკ სიტის მთავრობაში1930-იანიდან 1950-იან წლებამდე. მან პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალა სანაპირო ზოლები, გზატკეცილები ააგო ზეცაში და მთელი რეგიონების სამუდამო ტრანსფორმაცია მოახდინა. შედეგად, რობერტმა არაოფიციალური სტატუსი "მასტერ ბილდერ" მიიღო.
მოზესმა პარკს ახალი სიცოცხლე შთაბერა, ამასთან მნიშვნელოვნად შეიცვალა კონცეფცია. 30-იანი წლებიდან პარკი არა მხოლოდ სასეირნო ადგილი არამედ მოქალაქეთა აქტივობის კერაც გახდა. აშენდა უამრავი სპორტული მოედანი ფეხბურთის, ხელბურთის, ბეისბოლის, კალათბურთის, ჩოგბურთის კორტები. განახლდა სასეირნო ბილიკები.სწორედ მოზესის დამსახურებაა ცენტრალ პარკის ცნობილი ველი Great Lawn, რომელიც ასე ხშირად ხვდება ტელეკამერებში.
 
მოზესის წასვლის შემდეგ 60-იან წლებში პარკი კვლავ ქალაქის ხელმძღვანელობის ყურადღებისა და შესაბამისი დაფინანსების გარეშე დარჩა. ამ დროს პარკი კონცერტების, მანიფესტაციების და შეკრებების ადგილად იქცა... დაფინანსების არარსებობის გამო საპოლიციო ეკიპაჟები გვერდს უქცევდნენ პარკს, შენობების კედლებზე გაჩნდა გრაფიტი, არავის გაჰქონდა ნაგავი, იმატა პროსტიტუციის, ნარკოტიკების გასაღებისა და სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულის შემთხვევებმა. ამ ყველაფერმა პიკს 70-იანებში მიაღწია.
 
1975 წელს რამდენიმე საადვოკატო კომპანია ცენტრალ პარკის პრობლემის გადაწყვეტისათვის გაერთიანდა. 1980 წელს კი ბუნების დაცვის კომიტეტი შეიქმნა და თანხების დეფიციტის გამო, მათ პარკის მოვლაში მოხალისეთა ჩართვა გადაწყვიტეს, ისევე როგორც დაფინანსებისათვის სპონსორთა და კერძო სექტორის მოძიება. სხვათა შორის ნიუ იორკის ცენტრალ პარკის სპონსორთა სიაში შემდგომში აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გახლდათ. 1987, 98 და 2008 წელს ჩატარდა სპეციალური ღონისძიებები პარკის გადარჩენისათვის თანხების მოზიდვის მიზნით. სწორედ 1900 მდე მოხალისის დახმარებით მოხერხდა პარკში არსებული შენობების, მინდვრების, წყალსატევებისა და მცენარეთა საფარის განახლება და სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა მიზანი ცენტრალ პარკისათვის პირვანდელი სახის დაბრუნებაა, პარკში დღემდე გრძელდება.

 

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way