ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია არ შეწყდება. ამის შესახებ ბლინკენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ექვს თვეზე მეტია, რუსეთმა დაიწყო აგრესია. ახლა მიმდინარეობს თქვენი კონტრშეტევა და ის ეფექტურია. ეს კი არის უკრაინელების სიმამაცის დამსახურება. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ ბრძოლის ველზე. ძალიან გვიხარია, რომ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ თქვენ ძალისხმევას და ჩვენ ამას განვაგრძობთ“, - განუცხადა ბლინკენმა ზელენსკის.
მანვე უკრაინისთვის გამოყოფილი დამატებითი მხარდაჭერის შესახებ განაცხადა, რაც დამატებით 675 მილიონ დოლარს შეადგენს აღჭურვილობით, მათ შორის, საარტილერიო რაკეტებით.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არის ამერიკის დახმარების მეოცე პაკეტი და დახმარების საერთო თანხამ უკვე მიაღწია 13,5 მილიარდ დოლარს.
„მოსკოვი იხდის ძალიან მაღალ ფასს ამ აგრესიისთვის და ის კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა ბლინკენმა.
ბლინკენის შეფასებით, რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს შეიარაღება და აწარმოოს საქონელი თავისი ხალხისთვის; არ შეუძლია ექსპორტის უზრუნველყოფა და შედეგად, მცირდება მათი ბაზრები და არ შეუძლიათ ისესხონ თანხები სუვერენული ვალის ფარგლებში.
„მოსკოვი სამხედრო დახმარებისთვის მიმართავს ჩრდილოეთ კორეას, ირანს, ვინაიდან ჩვენ სისტემატურად ვკეტავთ მათ წვდომას იმპორტისადმი. ჩვენ განვაგრძობთ ამ ზეწოლას, ვიდრე არ შეწყდება უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და ვიდრე უკრაინა არ აღიდგენს სუვერენიტეტს“, - განაცხადა ბლინკენმა.