USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
«Yeni Şafak» (თურქეთი); ამომრჩეველთა სიგნალი რეჯეფ ერდოღანის პარტიას
თარიღი:  222

თურქული გაზეთი „იენი საფაკი“ (Yeni Şafak) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამომრჩეველთა სიგნალი რეჯეფ ერდოღანის პარტიას“ (ავტორი - ნურბან არასი), რომელშიც კომენტარია გაკეთებული 31 მარტს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით - რატომ განიცადა მარცხი მმართველმა პარტიამ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თურქეთში 31 მარტს მუნიციპალური (ადგილობრივი ხელისუფლების) არჩევნები ჩატარდა, 44 პარტიის მონაწილეობით, საარჩევნო ურნებთან მივიდა 61 მილიონ 441 ათასი ამომრჩეველი (80%), რაც 2019 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით ნაკლებია (84%). ხმების უმრავლესობა მიიღო ოპოზიციურმა სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ, ხოლო მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა. რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არჩევნებში 2002 წლიდან მონაწილეობს, პირველად ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. თურქეთის პოლიტიკური რუკა შეიცვალა. მმართველი პარტიის მარცხი მუნიციპალურ არჩევნებში იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა ნეგატიური სიგნალი მისცა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს და პარლამენტს.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, არჩევნების შედეგებზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორებმა მოახდინეს, მათგან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს კი ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს. ექსპერტები ასახელებენ სამ ძირითად მიზეზს.

პირველი - პენსიის „დაკლებული“ მომატება

მიმდინარე წლის დასაწყისში პენსიონერებს პენსია 39%-იანი დანამატით გაეზარდათ, რის შემდეგაც განხორციელდა სახელმწიფო მოსამსახურეთა ხელფასების ინდექსაციაც. მაგრამ მაღალი ინფლაციის პირობებში პენსიონერთა და მოსამსახურეთა დანამატი ძალზე დაბალი აღმოჩნდა. მთავრობამ 2024 წელი „პენსიონერთა წლად“ გამოაცხადა და ხანდაზმულ მოქალაქეებს საზეიმო დღეებში დამატებითი „პრემიები“ გადასცა 3-3 ათასი თურქული ლირის რაოდენობით, ასევე გაზარდა დაბალპროცენტიანი საბანკო სეხების მოცულობა, თუმცა ამ ნაბიჯებმა პენსიონერები არ დააკმაყოფილა.

მეორე - მიწისძვრის შედეგების გავლენა

არჩევნების შედეგებზე იმოქმედა აგრეთვე 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარმა კატასტროფულმა მიწისძვრამაც. შედარება: 2019 წლის 31 მარტის მუნიციპალურ არჩევნებში მმართველმა პარტიამ იმ რეგიონში, სადაც სამი წლის შემდეგ მიწისძვრა მოხდა, 11 დან 8 პროვიციაში გაიმარჯვა, 2024 წლის 31მარტის არჩევნებში კი 11-დან 6 პროვინციაში. სტიქიით დაზარალებულმა მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოხატა ხელისუფლების მიმართ.

მესამე - დავა კანდიდატების შერჩევის გამო

ზოგიერთ რეგიონში მმართველმა პარტიამ კანდიდატებად ის ადამიანები კი არ წარადგინა მერების პოსტების დასაკავებლად, ვინც გამოკითხვებით ლიდერობდა, არამედ ცენტრმა „ზემოდან“ დაასახელა. ამ ნაბიჯმა ადგილებზე საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევნების წინ ამ საკითხის წინ საკმაოდ მწვავე დავა იყო ბურსაში, შანლიურფაში, დენიზლში, ბორდურში, კასტამონუში და სხვა ქალაქებში.

მუნიციპალურ საბჭოებში სიტუაცია უცვლელია

მართალია, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებში დეპუტატთა რაოდენობით მმართველმა პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მუნიციპალურ საბჭოებში უმრავლესობა მაინც რეჯეფ ერდოღანის პარტიას ეკუთვნის.

წყარო: https://www.yenisafak.com/gundem/secmenden-ak-partiye-mesaj-4612488

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.