USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Yeni Çağ» (თურქეთი): „გამოღვიძებული ჩინეთი და თურქეთი“
Date:  497

თურქულ გაზეთ Yeni Çağ-ში („ახალი საუკუნე“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამოღვიძებული ჩინეთი და თურქეთი“ (ავტორი - ნაიმ ბაბიუროღლუ). მასში გატარებულია აზრი, რომ გამოღვიძებული ჩინეთი და რუსეთი აშშ-ის გეოპოლიტიკურ ამბიციებს ბოლოს მოუღებენ. დიდი ნაპოლეონი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასწყისში ამბობდა - „ნუ გააღვიძებთ ჩინეთს, თორემ...“

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გეოპოლიტიკა ნიშნავს ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენებას მსოფლიო პოლიტიკაში, ხოლო გეოსტრატეგია - გეოპოლიტიკური ინტერესების სტრატეგიულ მართვას.

ევრაზია დედამიწის უდიდეს კონტინენტს წარმოადგენს, რომელზეც მსოფლიოს მოსახლეობის 75% ცხოვრობს. ჩვენი პლანეტის მიწისქვეშა და მიწისზედა რესურსების ყველაზე მეტი ნაწილი ევრაზიაშია. ეკონომიკურად მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნებიდან, აშშ-ის შემდეგ, ექვსი ევრაზიაში მდებარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - აშშ-ის ყველა კონკურენტი ევრაზიის კონტინენტზე იმყოფება.ამერიკამ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიოს ერთპიროვნული კონტროლი დაიწყო. ასეთმა მომგებიანმა სიტუაციამ ამერიკა გააზარმაცა და თვითკმაყოფილი გახადა. იმ პოლიტიკით, რომელსაც აშშ თავისი გეოპოლიტიკური ამბიციების შესაბამისად ატარებს, ვაშინგტონმა დემოკრატიის კონცეფცია დაარღვია. საბოლოო ჯამში ერთპოლუსიან მსოფლიოში ნაციონალიზმის ანტიამერიკანიზმად ტრანფორმირება მოხდა. ამერიკამ, ისარგებლა რა თავისი სამხედრო ძლიერებით, დემოკრატიის სახელით „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ პროექტის რეალიზება დაიწყო - განახორციელა „არაბული გაზფხული“, რომელიც სინამდვილეში „სისხლიან შემოდგომად“ იქცა. ამერიკელებმა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ერაყი, სირია, იემენი - გადააქცია ქვეყნებად, რომლებიც ქაოსი მეფობს. ეს პროცესი შეეხო იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ამერიკასთან თანამშრომლობდნენ. მათგან ყველაზე მეტად თურქეთი დაზარალდა.

აშშ-ის ფლოტი დედამიწის ყველა ოკეანეს და ზღვას აკონტროლებს. ყოველი ამერიკული სამხედრო ხომალდი კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით ყველაფერს უთვალთვალებს... მაგრამ რადგანაც სამხედრო-საზღვაო ძლიერება ერთპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად საკმარისი არ იყო, ამერიკა გააქტიურდა.

„უკრაინის გარეშე რუსეთს ევრაზიულ იმპერიად ყოფნა არ შეუძლია“, - ამბობს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი. რუსეთი, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ „ქვეყნების მომავალს გეოგრაფია განსაზღვრავს“ კარგად აცნობიერებს, რომ თუ მოსკოვი უკრაინას დასავლეთს დაუთმობს, მაშინ ის საკუთარ გეოგრაფიაში იქნება ჩაკეტილი. აშშ-ისა და ნატოს პროვოკაციული მოქმედების შედეგად რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. უკრაინასთან ომს ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება: რუსეთი, ფაქტიურად, უკრაინაში ამერიკას, ნატოს და ევროკავშირს ებრძვის. ამერიკის მიზანს მშვიდობა კი არა, რუსეთის დასუსტება წარმოადგენს უკრაინის მეშვეობით - ხომ გახსოვთ - ისე, როგორც ავღანეთში იყო 1980-იან წლებში.

და ამ დროს სცენაზე გამოდის ჩინეთი, რომელიც სტრატეგიულ ნაბიჯებს დგამს. ანუ ზოგჯერ სიტუაცია შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ამერიკაც საგონებელში ჩავარდეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი 21 მატს მოსკოვს ეწვია და ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას ყოველმხრივი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, რომელიც მხარეებისათვის ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავს. ამ დოკუმენტს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ „ახალი მსოფლიო წესრიგის მანიფესტი“.

პეკინი ინიციატივას იჩენს უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომის შესაჩერებლად. ვლადიმერ პუტინი სი ძინპინის წინადადებას დადებითად მოეკიდა. პეკინმა საკუთარ თავზე აიღო საუდის არაბეთისა და ირანის შერიგება. ჩინეთი ახლო არმოსავლეთში ისეთი ენერგიით მოდის, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეხება, ისრაელსაც და ამერიკასაც.  „ცისქვეშეთი“ რუსეთს წინადადებას სთავაზობს სპარსეთის ყურის რეგიონისათვის „კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურის“ შექმნის შესახებ.

1979 წელს, როცა კომუნისტური საბჭოთა კავშირი, რომელიც იმ დროს ზესახელმწიფოს წარმოადგენდა, ავღანეთში შეიჭრა და ამით ხელი შეუწყო საკუთარ კრახს. კომუნისტურმა ჩინეთი კი, დენ სიაოპინისა და ჯოუ ენლაის ლიდერობით, სწორედ იმ პერიოდში დაადგა რეფორმების გზას. დრეს „ცისქვეშეთი“ მსოფლიოს „სახელოსნოს წარმოადგენს: ჩინეთმა დასავლური ინდუსტრიალიზაციის 200-წლიანი გზა 30 წელიწადში გაიარა.

ბოლო წლებში ჩინეთის ხელმძღვანელობა უდიდეს საბიუჯეტო რესურსებს ხარჯავს თავისი სამხედრო-საზღვაო ძლიერების განსამტკიცებლად: პეკინი გიგანტურ ნაბიჯებს დგამს, რომ მსოფლიო ოკეანეში გადამწყვეტი მოთამაშე გახდეს. ჩინეთის გეგმების რეალიზება ევრაზიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გააფართოებს: რეგიონში ისეთი მსხვილი სამხედრო-საზღვაო ძალების მქონე სახელმწიფო ჩნდება, რომელიც ამერიკას კონკურენციას გაუწევს.

ჩინეთი თავისი ტერიტორიის ფართობით მსოფლიოს დიდ ქვეყნებს მიეკუთვნება და აშშ-ის მოსახლეობას ოთხჯერ აჭარბებს. „დაე, ჩინეთს ჯერ ეძინოს... თორემ როცა ის გამოიღვიძებს, მტრისას... მსოფლიო შეძრწუნდება“, - ამბობდა 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი. და აი, ახლა, ჩინეთი იღვიძებს...

თურქეთს კარგი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც აქვს და მნიშვნელობაც. თუმცა იმ მცდარი მიგრაციული პოლიტიკის გატარების დროს, რომელსაც ანკარა ახლო აღმოსავლეთში - განსაკუთრებით ერაყის, ეგვიპტისა და სირის მიმართ ახორციელებს, პრობლემები გაჩნდა. თურქეთი ისეთ ქვეყნად იქცა, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი მიგრანტი მიიღო და ამით დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლის საფრთხის წინაშე დადგა, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში. გარდა ამისა, სირიელი ქურთების ტერორისტული ორგანიზაციისადმი აშშ-ის მხარდაჭერამ თურქეთისათვის გადარჩენის დამატებითი პრობლემა შექმნა.

იმ დროს, როცა თურქეთის საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია 14 მაისი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისკენ, სირიამ ურთიერთობა აღადგინა საუდის არაბეთთან და ნაბიჯებს დგამს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში დასაბრუნებლად. ის არაბული ქვეყნები, რომლებიც ბაშარ ასადს ადრე მტრობდნენ, ახლა ისევ ხსნიან საელჩოებს დამასკოში.

თურქეთი კი აგვიანებს - ანკარას, დამასკოსთან ერთად, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ ხელისუფლება უკიდურესად ნელა მოქმედებს.

თუ მოვლენათა სტრატეგიული განჭვრეტის ნაცვლად რომელიმე ქვეყანა გეოპოლიტიკურ ამბიციებს ამჟღავნებს, ასეთი გეოგრაფიით იმ ქვეყნის ხვედრი ისტორიული წარუმატებლობა და მარცხია.

იტალიელმა მოაზროვნემ და პოლიტიკურმა მოღვაწემ ნიკოლო მაკიაველმა წიგნი „Il Principe“ („მთავარი“) 1513 წელს დაწერა. წიგნში გატარებული აზრი, რომელსაც დღეს „მაკიაველიზმს“ უწოდებენ, მმართველებს ასეთ რეკომენდაციას აძლევს: „მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია“. მაგრამ ამ პრინციპს ყოველთვის არ მოქვს წარმატება და ზოგჯერ მმართველები უფსკრულის პირასაც კი მიჰყავს... 

წყარო: https://www.yenicaggazetesi.com.tr/cinin-uyanisi-ve-turkiye-650065h.htm

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way