USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
Gen Z - მათ არ იციან რა არის შიში და უკან დახევა, მათ იციან ერთმანეთის თანადგომა ეკრანებს მიღმა სამყაროშიც და თუ საჭიროა, ეკრანებიდანაც გადმოდიან
дата:  1411
GEN Z არის 1997-2012 წლებში დაბადებული ადამიანები, ციფრული ტექნიკის თაობა, რომლებსაც სულ სხვა მსოფმხედველობა აქვთ წინა თაობებთან შედარებით.
არიან თავისუფლები, ლაღები და ადამიანურო ღირებულებებით განმსჭვალული ახალგაზრდები.
არ უშინდებიან სიახლეებს, აქვთ თავიანთი პლატფორმები სოციალურ ქსელებში, ათასობით მიმდევარი ჰყავთ და არ სჭირდებათ ფულიანი მამიკოები ამისათვის.
დადიან კლუბებში, უყვართ ხმაური, მათ ყურსასმენებში ისმის ხმა, რომელიც თავისუფლების ხმაა. მათ არ იციან რა არის შიში და უკან დახევა, მათ იციან ერთმანე5ის თანადგომა ეკრანებს მიღმა სამყაროშიც და თუ საჭიროა, ეკრანებიდანაც გადმოდიან

იაგო კაჭკაჭიშვილი

ბოლო დღეების მიტინგებს ის გამოარჩევდა, რომ მასში დომინანტურად ჩაერთო ახალი თაობა (ე.წ. Generation Z – დაბადებულები 1995-2012 წლებში). ეს თაობა არ არის დატვირთული ე.წ. პროტესტის ჰუმანიზაციის ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს „დავარცხნილ“ პროტესტს, ანუ ბრძოლას არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით.

ახალი თაობა მიმართავს პროტესტის ხისტ ფორმებს, ანუ შეგნებულად მიდის დევიაციის (ზოგჯერ, დანაშაულის) რისკზე, რადგან ფიქრობს, რომ მშვიდობიანი მეთოდები ამოწურულია, დროში გაუმართლებლად გაწელილია, ანდა - პრინციპულად უშედეგო.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ხისტი საზოგადოებრივი პროტესტი Generation Z-თვის არის არის არა თვითმიზანი, როგორც პირველადი გამღიზიანებელი, არამედ რეაქცია უსამართლობის განცდაზე, ანუ მეორადი, თანაც სიტუაციური, რეფლექსია. ახალგაზრდებმა პოლიციის მანქანა ამოატრიალეს არა იმიტომ, რომ მათთვის ზოგადად პოლიცია (როგორც ინსტიტუტი) და პოლიციელია ცუდი, არამედ იმიტომ, რომ პოლიცია, მოცემულ კონტექსტში, უსამართლოდ მოიქცა და ასეთი რეაქცია დაიმსახურა.

მოკლედ, დღევანდელი ახალგაზრდული პროტესტი საქართველოში ყველაზე მეტად დაემსგავსა ევროპულს და ეს უდავოდ ახალი მოვლენაა.

გელა ზედანია

უხერხულია ის შეფარულ-დაფარული დისკუსია ჯენ ზის შესახებ, რომელიც ამ დღეებში მიმდინარეობს. ერთი მხარე ყვირის, რომ ნაცებმა ჩააგონეს ახალგაზრდებს რაღაც, ხოლო მეორე მხარეს ვიღაცეებს ძალიან უნდათ, სრულიად დაუმსახურებლად შეიფერონ ეს პატივი.

სინამდვილეში მილენიალებიც (დაახ. 1980-1995) და ჯენ ზიც (დაახ. 1995-2010) არის თაობები, რომელთა ფორმირებაში საქართველოს გარეთ არსებულმა ფაქტორებმა ბევრად უფრო დიდი გავლენა მოხდინა, ვიდრე შიდამ.

მათი წინა თაობა - ჯენ იქსი (დაახ. 1965-1980) პირველი იყო, ვინც დასავლეთთან ინტენსიურ კონტაქტში მოვიდა, მაგრამ ის არ გამხდარა დასავლური გლობალური თაობის ნაწილი. ის თავიდან ბოლომდე ადგილობრივი კონტექტსტით იყო განსაზღვრული კულტურულადაც და პოლიტიკურადაც. ჯენერეიშენ იქსმა ქვეყანა შეცვალა სწორედ იმიტომ, რომ სინამდვილეში დასავლეთის აგენტებით კი არ იყო დაკომპლექტებული, არამედ მნიშვნელოვანწილად ლოკალური, ადგილობრივი, ლამის პროვინციული ინტერესებით იყო შეპყრობილი (შესანიშნავი მაგალითი - საქართველოს თითქმის მთელი საზოგადოებრივ-კულტურული ელიტა უჭერდა მხარს ომს ერაყში, მაშინ როცა მთელი დასავლური კულტურული ელიტა ამ ომის წინააღმდეგ იყო. ვინ აღმოჩნდა მართალი, თავად განსაჯეთ).

მომდევნო თაობები გლობალური კოჰორტების ნაწილები არიან. მათთვის მთავარი გამოცდილება ცხოვრებაში არის ის უზარმაზარი საინფორმაციო ნაკადი, რომელიც მოდის ინტერნეტის გავლით. საჯარო სფეროში გამოსული მილენიანელები ამის გამო სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდნენ და დაიკარგნენ - ვერ თარგმნეს გლობალური წარმოდგენები ლოკალურ კონტექსტში. "დასავლური კოლონიალიზმი" და "გლობალური სამხრეთი" საქართველოსთან მიმართებაში არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

ჯენ ზის გაუმართლა - მათი ინსტინქტური ანტირუსული აფექტი (საქართველოში ნამდვილი დუპლეტი უნდა იყო, რუსეთი რომ მოგწონდეს) "დააჯდა" გლობალურ ანტირუსულ ტრენდს. უკრაინის ომის მერე ჩვენი ორასწლოვანი ბრძოლა რუსული იმპერიის წინააღმდეგ გლობალურად სრულიად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა და ჯენ ზის პირველი გამოსვლა ასპარეზზე არანაირი ნეგატიური მინარევით არაა შერყვნილი. ძველ თაობებს ძველ ცოდვებს ამოუქექავ, მაგრამ ახალგაზრდებს ეს ყოველივე ფეხზე ჰკიდიანთ.

ვისაც ჰგონია, რომ საქართველოში ჩართავს პროპაგანდის მანქანას, რომელიც გლობალურ საინფორმაციო ნაკადს გადაწონის - good luck with that  ჩვენ არ ვართ ჩინეთის მაგვარი დამოუკიდებელი ცივილიზაცია. ყოველთვის რაღაც უფრო დიდი სივრცის ნაწილი ვიყავით და, დღეს, ბუნებრივად, ეს დასავლური სივრცეა.

სანამ გლობალური ტრენდი ანტირუსულია, მანამდე ჯენ ზიც უაღრესად კომფორტულად იგრძნობს თავს საზოგადოებრივ ასპარეზზე. და რატომღაც არა მგონია, რომ ეს ტრენდი მალე შეიცვალოს.

 Gen Z - ვინ ვართ ჩვენ და რა გამოგვარჩევს სხვა თაობებისგან? – გამარჯვებული ესსე

რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქ ჯგუფში Gen Z გამოცხადდა ესსეების კონკურსი, რომლის მიხედვითაც Gen Z თაობის წარმომადგენლებს უნდა დაეწერათ ესსე სამიდან ერთ–ერთი სათაურით:
1. Gen Z თაობის გამოწვევები
2. ვინ არის Gen Z თაობა და რა გამოარჩევს მას სხვა თაობებისგან?
3. როგორ წარმოგიდგენია საქართველო 2050 წელს?
კონკურსში 18 წლის მარიამ კილასონიამ გაიმარჯვა, თემით "ვინ არის Gen Z თაობა და რა გამოარჩევს მას სხვა თაობებისგან?"
გთავაზობთ მის ესსეს რედაქტირებული სახით:

რამდენიმე დღის წინ დედაჩემს სიტყვა crush-ის მნიშვნელობა ავუხსენი და უკვე 2 დღეა მეკითხება: რამდენი ქრაში მყავს, ვინ არიან, როგორები არიან...

ჩემთვის ყველაზე მარტივად გასაგები განმარტება Gen Z თაობისა შემდეგნაირად ფორმულირდება: ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც კრიზისში დავიბადეთ, ომის დროს სკოლაში მივედით და პანდემიის მიმდინარეობისას უნივერსიტეტში ვსწავლობთ. არ მგონია ამ გამოწვევების დაძლევის შემდეგ რამე ვერ შევძლოთ.

მასაშიც მარტივი შესამჩნევები ვართ. გვახასიათებს უცნაური ვარცხნილობა, უმეტესად ფერადი, შესაძლოა პირსინგებიც, ასევე ფერადი, ზომაზე 3-ჯერ დიდი ტანსაცმელი, უამრავი აქსესუარი, დაწყებული ჯაჭვებით დამთავრებული უამრავი ბეჭდით. მაქსიმალურად ინდივიდუალურები და მრავალფეროვანნი ვართ. ხშირად ვაპროტესტებთ იმას, რაც არ მოგვწონს, კონფლიქტურებადაც კი შეიძლება მოგვიხსენიებდნენ, განსაკუთრებით ასაკით უფროსთან შეწინააღმდეგებისას, რაც ხშირად სრულდება ფრაზით: "რა თაობა მოდის!"

ფოტო: Sofia / Dribbble

არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ჩვენში ტრადიციულობას შესანიშნავად ერწყმის თანამედროვეობა. ვკითხულობთ შოთას, ილიას, ვაჟას და ამავდროულად ვუყურებთ Netflix- ის სერიალებს. ვუსმენთ რეპს, როკს, მაგრამ ქართველი კომპოზიტორების მელოდიებთანაც განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს. კი, ჩვენი თავისუფლების გამოსახატავად Hip-Hop-ს ვცეკვავთ, მაგრამ ტრადიციული ცეკვაც სპეციფიკურად მოგვწონს და გვხიბლავს. ვაფასებთ ეროვნულ ფასეულობებს: ენას, ქვეყნის ერთიანობაც განსაკუთრებით გვაღელვებს და თუ ქვეყანაში რაიმე უსამართლობა ხდება – ვაპროტესტებთ, თანაც დიდი სიამაყით, რადგან ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და მომავლის შეგრძნებაც აწმყოშივე შეგვიძლია.

მშობლების თაობისაგან ერთი მთავარი მიზეზის გამო უფრო განვსხვავდებით: ისინი საბჭოთა საქართველოში გაიზარდნენ. ჰქონდათ სკოლის უნიფორმა და მკაცრად გაწერილი წესები. ჩვენ კი უფრო თავისუფალი თაობა ვართ. კრიტიკული აზროვნებაც და განსჯის უნარიც უფრო განვითარებული გვაქვს. მაგალითად: ფაქტების გაზეპირებას ვამჯობინებთ საკითხის შესწავლას და გააზრებისთვის საჭირო, ზუსტი კითხვების დასმას.

როგორც ჩანს, პოლიტიკურ თავისუფლებას პიროვნული თავისუფლება ავტომატურად მოჰყვება.

ფოტო: Pulkesh Fouzdar / Dribbble

ჩვენმა განსხვავებულობამ უფროსი თაობის აზროვნებაში ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად შევთანხმდით, რომ ზოგიერთი რამ ისე არ ხდება, როგორც მამას უნდა. არ ვამბობთ იმას, რაც მამას უნდა და არც მაშინ, როცა მამას უნდა. მომავალ პროფესიაშიც აღარ ვართ შეზღუდულნი, და დავამსხვრიეთ ის სტერეოტიპი, რომ ექიმის შვილი ექიმი უნდა იყოს, იურისტის - იურისტი და ა.შ.

მიუხედავად იმ წინააღმდეგობებისა, რომლებსაც უფროს თაობასთან ვაწყდებით, მე მაინც პოზიტიურის დანახვას ვახერხებ. მაგალითად: დედაჩემის მეგობრობის დღიურში უამრავი სტიკერი აღმოვაჩინე, რომლებზეც ლეონარდო დიკაპრიოა, მათი თაობის საყოველთაო ქრაში. მეტიც, მე და ბებია ვთანხმდებით, რომ ალენ დელონი კვლავ უსიმპათიურეს მამაკაცად რჩება. მამასთანაც ბევრი საერთო მაქვს, ორივე ვთვლით, რომ Pink Floyd-ის შემოქმედება ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა. მოკლედ, თითქოს სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებული პერიოდის თაობებს, უამრავი საერთო გვქონია. იმდენად გავუგეთ ერთმანეთს, რომ ცოდნასაც ვუზიარებთ, სოციალურ ქსელსაც ერთნაირი მოხერხებით ვიყენებთ და გემოვნებაშიც მხოლოდ ინდივიდუალურობაზე დამოკიდებული განსხვავებები დაგვრჩა.

გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მოხდა ის რომ გლობალიზაციის ფერხულში მარტივად ჩავებით. გვჯერა, რომ ჩვენი ცოდნით, მიზანდასახულობით, შრომით და პრინციპულობით აუცილებლად ჩამოვიშორებთ საბჭოთა აზროვნებას და ვიქნებით ის თაობა, რომელიც თავისუფლებას ხოტბას შეასხამს და ძეგლსაც აუგებს.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати