USD 2.8082
EUR 2.9174
RUB 2.7198
Тбилиси
ემზარი გამოასვენეს სამების ტაძრიდან, რომელიც მისი ცხოვრების გვირგვინად იქცა
дата:  2076

 

2019 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის ზეიმის დღეს, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნიდან 15 წელი შესრულდა. სააგენტო „თბილის პოსტმა“ ამ თარიღთან დაკავშირებით მოიძია და ჩაწერა ის რესპოდენტები ვისაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობაში

სამების საკათედრო ტაძრის  კონსტრუქტორის ბ-ნი ემზარ კიზირიას შესახებ, მის  მეუღლეს ქ-ნ მაყვალა რატიანს გავესაუბრეთ.

"ემზარ კიზირია, სამების საკათედრო ტაძრის  კონსტრუქტორი. 1990 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრთან; 1992 წელს დაინიშნა ცენტრის მთავარ ინჟინრად, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტის მთავარ ინჟინრად, მთლიანი კომპლექსის აღმშენებლობის შემოქმედებითი გაერთიანება "კათედრალის" მთავარ ინჟინრად."

- ქ-ნ მაყვალა, ორიოდე სიტყვით მოგვიყევით, რას საქმიანობდა თქვენი მეუღლე სამების ტაძრის მშენებლობამდე

ემზარმა პოლიტექნიკური ინსტიტუტის  სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა, ძალიან უყვარდა თავისი საქმე.  ის იყო პროფესიონალი ინჟინერი-კონსტრუქტორი.   ემზარს მოუწია მუშაობა თითქმის ყველა პროექტზე, რაც კი იმ პერიოდში კეთდებოდა, უფრო მეტიც,  ის მონაწილეობდა საკავშირო მნიშვნელობის პროექტებშიც -  მერაბ ჩხენკელთან ერთად  თითქმის ყოველ კვირას  ჩადიოდა მიუსერაში, სადაც გორბაჩოვის აგარაკის მშენებლობა მიმდინარეობდა.  ემზარი  ამ აგარაკის კონსტრუქციის ავტორი იყო.  სამების საკათდრო ტაძრის მშენებლობამდე მუშაობა მოუწია   სურამის ეკლესიის მშენებლობაზე, მაგრამ  სამების ტაძარი, იყო მისი პროფესიული კარიერის  გვირგვინი. 

 - როგორ მოხვდა  თქვენი მეუღლე  სამების ტაძრის პროექტში?

- ემზარი   ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მეგობრობდა არჩილ მინდიაშვილთან,  შემდეგ ერთად მუშაობდნენ "სახქალაქმშენსახპროექტში".  ემზარი  სამების მშენებლობის პროცესში ჩაერთო თავიდანვე, მაშინ  როდესაც არჩილმა კონკურსისთვის არქიტექტურული პროექტის გაკეთება დაიწყო. ღამეებს ათენებდნენ   მუშაობაში.  ემზარი  პასუხისმგებლობით  გამორჩეული ადამიანი იყო, ასეთი მაშტაბური პროექტის კონსტრუქცია, რაც არის სამებაში, არ იყო მარტივი სამუშაო, ყველა დეტალი დიდი პასუხისმგებლობით იყო გასათვლელი და გასათვალისწინებელი. არ იცოდა რა იყო დაღლა,  24 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდა. ჩვენც ყველა ემოციურად ისე ვიყავით დაკავებული ამ მშენებლობასთან, მთელი ოჯახი,  ჩვენი ორი ვაჟი, თითქმის  ათი წელი ამით  ვცხოვრობდით, ასე  იყვნენ  ყველას  ოჯახის წევრები, მეუღლეებს სადილიც კი მიგვქონდა ხოლმე ხანდახან,  რადგან ჩვენი ქმრები ღამეეს იქ ათენებდნენ. ემზარი შემოირბენდა ნახევარი საათით სახლში და ისევ სამებაზე იწყებდა:  საუბარს, წამოდი გაჩვენო, როგორ ამოდის კედლები,  როგორ შენდება, ემოციებით იყო ხოლმე სავსე.  ხშირად მივდიოდი მშენებლობის დროს, განსაკუთრებულად მახსოვს რამდენიმე დღე -  როდესაც ქვაბულში წარწერიანი ქვები ჩაიდო ტაძრის საძირკველში, უამრავი ხალხი მოგროვდა.  ძალიან დიდი მოვლენა იყო ჯვარის დადგმა, ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა არავინ იცის, რომ პატარა წვლილი მეც მიმიძღვის.  იმ პერიოდში  არ  არსებობდა ასეთი სიმაღლის ტაძრის მშენებლობის გამოცდილება,  შესაბამისად, არ იყო  ტექნიკა,   მშენებლებს უწევდათ ურთულესი სამუშაოების შესრულება ძალიან მწირი ტექნიკის ხარჯზე.  მახსოვს,  ძლივს იშოვეს ამწე, რომელიც ჯვარს ასეთ სიმაღლეზე აიტანდა. ერთ-ერთი ინჟინრის რჩევით  შეკრეს დიდი კოლოფი, რომელიც უნდა გავსებულიყო წყლით, და უნდა ყოფილიყო ჯვრის საპირწონე ამწეზე.  წინასწარ მოსინჯეს რა გამოვიდოდა ამ მეთოდით, როდესაც კოლოფიდან წყლის გამოშვება  დაიწყეს და   კოლოფში წყალი რომ განახევრდა, კოლოფმა დაიწყო  კედელზე მიხეთქება, რაც შეუშლიდათ  ხელს ჯვრის დადგმაში.  ამას ქარიც  რომ დაემატებოდა, შესაძლებელი იყო, საერთოდ დაზიანებულიყო კედელი. მაშინ  პირველად ვნახე  აღელვებული ემზარი,  წუხდა. ვუთხარი:  არ ვიცი ჩემი, ექიმის რჩევა თქვენ რაში გამოგადგებათ, მაგრამ ვიცი, როგორ უნდა შეაჩეროთ კოლოფში წყლის მოძრაობა-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა. ვურჩიე შეეძინათ  რეზინის ბურთები, რომლითაც გაავსებდნენ კოლოფს. როდესაც გამოუშვებდნენ წყალს კოლოფიდან, ბურთები ამოტივტებოდა, სიცარიელეს ამოავსებდა და ასე მოაგვარებდნენ კოლოფის რხევის  პრობლემას. სიმართლე გითხრათ, გამოადგათ ეს მეთოდი, რაზედაც ემზარი ხშირად მეხუმრებოდა ხოლმე, ფიზიკის ახალი კანონი აღმომაჩენინე კონსტრუქტორ  კაცსო!   

სამების საკათედრო  ტაძარზე მთელი საქართველო მუშაობდა.  როდესაც  დასრულდა მშენებლობაც  და  მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც, ითქვა, რომ უნდა დასუფთავებულიყო იქაურობა, ტაძარი გაივსო ქალბატონებით. მეც იქ ვიყავი. საოცრება ვნახე.  მაშინ არ იყო ისეთი   დასასუფთავებელი საშუალებები, რაც ეხლაა,  მორწმუნე დედებს  თავიანთი შვილების პერანგები და ზეწრები ჰქონდათ მოტანილი, ამითი იწმინდებოდა ტაძარი. არავის  არ დაუვალებია მოსახლეობისთვის ტაძრის დალაგება, თუმცა ყველა ცდილობდა, თავისი ხელით შეხებოდა, თავისი წვლილი შეეტანა სამებაში.      

- ალბათ, განსაკუთრებით ემოციური დღე იყო თქენთვის სამების  ტაძრის კურთხევა.

- ეს იყო უზარმაზარი ზეიმი, უამრავი სტუმარი ჩამოვიდა უცხოეთიდან.  ყველას ამაღლებული გრძნობა ჰქონდა. იმ დღეს, სახლში ძალიან გვიან წამოვედით.  ღამის სამი საათი იქნებოდა ემზარმა მთხოვა, წამოდი სვეტიცხოველში მოვილოცოთო. როდესაც ტაძრიდან გამოვედით, ემზარმა მითხრა, ხომ დიდებულია სვეტიცხოველი, მაგრამ ჩვენი სამება  მაინც სხვა არისო. იმდენად ამაღლებული იყო მისი დამოკიდებულება სამების მიმართ,  ვერ მალავდა, გავეხუმრე, ხიბლში არ ჩავარდე-მეთქი.  ემზარი იმდენად მოკრძალებული ადამიანი იყო, ვინც მას იცნობდა,  ყველამ იცოდა მისი ეს თვისება. ტაძრის მშენებლობაში ჩართვამდე, არ იყო ისეთი  ეკლესიური, როგორც შემდეგ გახდა -  რწმენა  ძალიან განუმტკიცდა. 

-  როგორ გაგრძელდა მისი  ცხოვრება სამების პროექტის დასრულების შემდეგ? 

- სამების ტაძრის დასრულების  შემდეგ, ეს ჯგუფი, რომელიც საუკეთესო სპეციალისტებისგან შედგებოდა,   განუყოფელი იყო. ისინი ძალიან დამეგობრდნენ, ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან აბაშაში.  ემზარი წარმოშობით იყო  აბაშის რაიონის სოფელ კოდორიდან,  ნაესაკლოს გაგრძელებაა ეს სოფელი. ძალიან უყვარდა ემზარს თავისი მამა-პაპისეული მიწა.   ემზარი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა მოულოდნელად, გულის შეტევით. წმინდა  სამებიდან გამოასვენეს, ტაძრიდან, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო.  ემზარი იყო პირველი ვინც წავიდა ამ ქვეყნიდან, მათ შორის, ვინც სამება ააშენა. დაახლოებით ექვს თვეში გარდაიცვალა და სამებიდან გამოასვენეს  ბატონი ირაკლი ანდრიაძე, ამ  მშენებლობის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.     

ემზარის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გამიჭირდა სამებაში მისვლა. სხვა ტაძარი ავირჩიე, რომელიც ასევე   ემზარის კონსტრუქციით არის აშენებული. ხუთი წლის შემდეგ  პირველად მივედი სამებაში, ჩვენი გვარის  კიზირიების გვარის შეკრებაზე. ცუდად გავხდი,  გამიჭირდა ემზარის გარეშე სამებაში ყოფნა. შემდეგ მარტო წავედი, მინდოდა დამეძლია ის განცდა, რაც მქონდა, რაც დამრჩა ჩემი  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ვერ შევძელი.  სამების ტაძარი ჩემი მეუღლისთვის იმდენად ძვირფასი იყო, თითქოს ისეთ რამეს შევეხები, რაც წარსულში დარჩა.  ალბათ, მოვა, დრო "დავბრუნდები" ჩემს საყვარელ ტაძარში, რომელიც  ყოველთვის  მენატრება და მახსენებს იმ წლებს, რომელიც ჩემმა მეუღლემ ამ დიდებულ  ტაძარს მიუძღვნა.

თამუნა სამადაშვილი  

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати