USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
Democracy Index / დემოკრატიის ინდექსი - „პრემიერ-მინისტრმა ანგარიში უნდა ჩააბაროს და შეუთანხმოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა პარლამენტს“
дата:  189

„პრემიერ-მინისტრმა ანგარიში უნდა ჩააბაროს და შეუთანხმოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა პარლამენტს“ - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდქსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ინტერპელაცია არის მთავრობაზე კონტროლის კონსტიტუციური ინსტრუმენტი, როდესაც მთავრობის წევრი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტში და პლენარულ სხდომაზე, საჯაროდ უპასუხოს პარლამენტის წევრის კონკრეტულ კითხვას. 2023 წლის 24 მარტს გამართული ინტერპელაციისას პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის დრო არამიზნობრივად გამოიყენა; პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ საფრთხედ დაასახელა უკრაინის სახელმწიფო, რაც არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მოქმედ პოლიტიკას. 

ინტერპელაციისას პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის დეპუტატების მიერ დასმული 7 შეკითხვიდან[1] მხოლოდ ორს უპასუხა და ინტერპელაციის დრო დაუთმო ისეთ საკითხებზე საუბარს, რაც კავშირში არ იყო ინტერპელაციასთან და არ პასუხობდა დეპუტატების შეკითხვებს.[2] ინტერპელაციისას პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ საფრთხედ დაასახელა უკრაინის სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების  გეგმა საქართველოში ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტს უკრაინის სახელმწიფო საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხედ არ უღიარებია.[3] აღნიშნული შესაძლოა ნიშნავდეს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ეროვნული საფრთხე არ შეესაბამება რეალობას, თვითნებურია და ვიწრო პარტიული მიზნებითაა ნაკარნახევი.

შეკითხვები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციისას პასუხი გასცა:

1. კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობაში დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინაში ომის შედეგების პროგნოზირების შეუძლებლობა ხელს უშლის მათ განახლებას.

კანონით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა გადაიხედოს ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც და განახლდეს ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. დოკუმენტის განახლება ხდება პარლამენტის მიერ მთავრობის წარდგინებით. რეგიონში მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების ვითარების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ 2011 წელს დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საჭიროებს განახლებას, თუმცა მთავრობის მიერ არ ხდება საკითხის წარდგენა პარლამენტში. აღნიშნული გაუმჭვირვალეს და თვითნებურს ხდის მთავრობის უსაფრთხოების პოლიტიკას და საფრთხეებზე რეაგირებას. იგივე შეიძლება ითქვას ეროვნული უსაფრთხოების სხვა ფუძემდებლური დოკუმენტების განახლებაზე/დამტკიცებაზე: საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს ამტკიცებს მთავრობა; ხოლო, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტებს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი, რაც ასევე არ არის აღსრულებული.

 2. კითხვაზე, გაიზარდა თუ არა საქართველოს საფრთხეები და გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ასეთ საფრთხედ დაასახელა ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობა უკრაინის სახელმწიფოს რიგი მაღალჩინოსნების და საქართველოში მოქმედი მტრული ძალების მხრიდან. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საფრთხე არ არის გამოვლენილი, იდენტიფიცირებული, შეფასებული და პროგნოზირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ეროვნული უსაფრთხოების მოქმედი კონცეფციითა და სხვა დოკუმენტებით. ამასთან, არ არის  განახლებული/დამტკიცებული ქვეყნის უსაფრთხოების კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტები, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული უკრაინის სახელმწიფოსაგან მომდინარე საფრთხე არ შეესაბამება რეალობას, თვითნებურია და ვიწრო პარტიული მიზნებითაა ნაკარნახევი.

შეკითხვები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციისას უპასუხოდ დატოვა:

3. რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო კანონით გათვალისწინებული წესით, სამ თვეში ერთხელ მაინც?

4. რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ეროვნული მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად?

 5. გაზრდილი საფრთხეების ფონზე, რატომ არის რადიკალურად შემცირებული თავდაცვის ბიუჯეტი?

6. ომის დაწყებიდან დღემდე რა მოიმოქმედა პრემიერ-მინისტრმა რათა დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მომხდარიყო საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება?

7. როდის აპირებს პრემიერი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავებას და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას?

საქართველოს კონსტიტუციის 43.2 მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო სწორედ პარლამენტის სხდომაზე, საჯაროდ და ზეპირად გაეცა პასუხი ინტერპელაციის წესით მისთვის დასმულ შეკითხვებზე. ამასთან, პრემიერ-მინისტრის წერილობითი პასუხები[4] პარლამენტის წევრებს ინტერპელაციის დაწყებამდე არაგონივრულ ვადებში დაურიგდათ, რაც ხელის შემშლელია ინტერპელაციის პროცედურით გათვალისწინებული დებატების სათანადოდ ჩატარებისთვის.“

https://democracyindex.ge/

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати