USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს - ქართულ პოლიტიკას თავი სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვითა და რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადებით დაამახსოვრეთ, რაც დღემდე იუმორის და ღიმილის საგნად იქცა
Date:  514

ელისო ბოლქვაძე: "ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს."

პიანისტი ელისო ბოლქვაძე, რომელიც „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 32-ე ნომერია „ფეისბუკზე" ეხმაურება „კონსერვატიული პარტიის" ლიდერს ზვიად ძიძიგურს. ის უკმაყოფილოა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოთქმული კრიტიკით და ძიძიგურს მიმართავს: 

ბატონო ზვიად,
 
მედიაში გავეცანი თქვენს პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვლილი 30 წლის ერთგვარ შეჯამებად წარმოგვიდგინეთ, ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარეთ და ცხადია, მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანეთ. პრინციპში, ამგვარ ბრალდებებს "ქართული ოცნება" მიჩვეულია - როგორც კი ოპონენტს არგუმენტი უმთავრდება, იწყებს განზოგადებულ საუბარს ივანიშვილის მართვის სტილზე ანუ ხელწერაზე, აგრძელებს არაფორმალური მმართველობით და ასრულებს მისი რუს ოლიგარქად გამოცხადებით.
 
წერილის მოწერა თქვენდამი პატივისცემამ გადამაწყვეტინა - იშვიათი ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე ადამიანის, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, გახდა ხალხის რჩეული უზენაეს საბჭოში, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იცავდა პირველ პრეზიდენტს, პრინციპების გამო იჯდა ციხეში და არ შეუწყვეტია ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა, სადაც ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრობა მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში წახვედით, შეიძლება ითქვას რომ ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან.
 
დღეს კი, სწორედ ამ განვლილი 30 წლის შესახებ გამოთქვამთ წუხილს, დანანებით კითხულობთ, რაში გაატარა ქვეყანამ ეს დროო. ამ ოცდაათი წლის ბოლო რვა წელიწადი პარლამენტში გაატარეთ, "ქართული ოცნების" ალმის ქვეშ და ვიცე-სპიკერის სავარძელში, ვიდრე შარშან ამ დროს პოსტს დატოვებდით. იმედია, ჯერ კიდევ ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც მოხდა 2012 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულება, ქართველ ხალხთან ერთად თავისი გამორჩეული წვლილი ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის. მისმა გამჭრიახობამ, ალღომ, ორგანიზაციულმა უნარებმა და უდიდესმა სოციალურმა კაპიტალმა და ხალხის ნდობამ შესაძლებელი გახადა ამ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზისო თავისუფლებების პრაქტიკის დამკვიდრება - დავარქვათ ამას მისი ხელწერა, როგორც თავად ხშირად იმეორებს ხოლმე ამ სიტყვას.
 
თქვენ, როგორც მახსოვს, არც მასთან და არც მის ხელწერასთან პრობლემა არ გქონდათ, ამიტომაც თავისუფლად გრძნობდით თავს ოცნების შიგნითაც და როცა წასვლა გადაწყვიტეთ, არც ამაში შეუშლია ვინმეს ხელი.
 
დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა "ქართულ ოცნებაში" და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში. ეს ხელწერა იყო, რაც ათეული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთეულებმა ვიცოდით და რაც დღეს საყოველთაოდ ცნობილია - როდესაც ჩემს და თქვენს სამშობლოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც ჩვენივე ხელით დავანგრიეთ სახელმწიფო და არ დავუტოვეთ რესურსი, ეზრუნა ქვეყანაზე და ხალხზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს; ყველგან, სადაც უჭირდა სახელმწიფოს, სადაც აკლდებოდა რესურსი და ყურადღება, ეს ადამიანი უწვდიდა მას ხელს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კულტურის სფეროში მის მიერ უჩუმრად, პრაქტიკულად, ანონიმურობის ზღვარზე დახარჯული დრო, ენერგია და რესურსია საკმარისი ჩემთვის, რათა მისი ხედვა და ხელწერა გამეგო და გამეთავისებინა. ცხადია, აქ აღარ ჩამოვთვლი კულტურული მემკვიდრეობისა და ცოცხალი კულტურის გადარჩენის მიმართულებით გაკეთებულ საქმეებს, ეს თქვენ ჩემზე არანაკლებ კარგად იცით.
 
ამიტომ, სიამოვნებით მოვისმენდი კონკრეტულ არგუმენტებს, მკაფიოდ და წერილობითი სახით, სად იყო პრობლემა, რა არ გაკეთდა, რამ არ დაგაკმაყოფილათ, რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, რისი მიღწევის საშუალებას გვაძლევდა რეალური ვითარება და ვერ გაკეთდა? ზოგადი შეფასებების ნაცვლად, შესაძლებელია კონკრეტული არგუმენტები ჩამოიწეროს და მსჯელობა შესაბამისად განვითარდეს?
სწორედ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი, რადგანაც როგორც აღვნიშნე, იმ ერთადერთ ადამიანად იყავით დარჩენილი, რომელმაც ნამუსი შეინარჩუნა და არ შეუერთდა დანარჩენ ოპოზიციას უარგუმენტო ბრალდებებით სავსე და სინდისისგან დაცლილ კრიტიკაში. ნუთუ, ეს გამონაკლისიც აღარ არსებობს? ნუთუ, ოპოზიციაში გადასვლა ამ მანკიერი მეთოდოლოგიის ყველა პოსტულატის უპირობო გაზიარებას მოითხოვს?
 
ჯერ ისევ 2020 წელია. ალბათ ერთ-ერთი ურთულესი წელიწადი საქართველოსა და მთლიანად მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, რომლის პოლიტიზებასაც პირველი დღიდან ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ორმა მილიონმა ამომრჩეველმა თავისი ნება გამოხატა. ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირა, რომელმაც დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ერთადერთმა შეძლო მესამე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება. სიძულვილისა და სიმწრისგან დაბრმავებულმა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებს წესიერად დახურვაც არ აცადა და გაყალბებაზე ლაპარაკი დაიწყო. მთელი ოპოზიცია მართლაც გაერთიანებული ბრალდებებითა და შემართებით უტევს "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს.
 
მოდი, არ გავიხსენოთ გასული რვა წლის განმავლობაში ქართული ოცნების დროშის ქვეშ გაკეთებული თქვენი განცხადებები. გავიხსენოთ ამავე 2020 წლის დასაწყისში, უკვე ოპოზიციიდან ნათქვამი თქვენი მოსაზრებები:
“ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის," – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
 
თქვენივე თქმით, ქვეყანაში ორი პოლუსია – ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილი.
„არის ასეთი პარტია „ევროპული საქართველო“, რომელშიც ბოკერია, უგულავა და სხვები არიან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საკმარისია, ამ ორპოლუსიანი არჩევნების შედეგად ბერკეტი მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდოს ხელში და მის სწრაფვას ვერავითარი ბოკერია-ბაქრაძე ვერ გააჩერებს. მე ვიცი, როგორი ტიპის ვამპირული დამოკიდებულება აქვს მას ძალაუფლებასთან“.
 
თქვენ ასევე განაცხადეთ, რომ იქ, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს:
„იქ, სადაც მეორე ტური იქნება, ღრმად ვარ დარწმუნებული, დიდ უმრავლესობას ოპოზიცია მოიგებს. იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდაც ასეა. უმრავლესობას და ხელისუფლებას მხარდამჭერი ვინც ჰყავს, პირველივე ტურში მიდის და აძლევს ხმას. შეკრების უფრო მეტი რესურსი ოპოზიციურ კანდიდატებს გააჩნიათ“.
 
აი აქ იყავით 2020 წლის იანვარში, მოვიდა დეკემბერი და ხართ იქ, სადაც დანარჩენი ოპოზიცია, თავისი ბრალდებებით და ივანიშვილის ხელწერის კრიტიკით.
 
ქართულ პოლიტიკაში ანტიგმირის სტატუსზე გასული 30 წლის განმავლობაში კონკურსი არ შემწყდარა, ხან ვინ ფლობდა ამ წოდებას, ხან ვინ. ანტიგმირის წლევანდელი ტიტულის ფლობაში პირველობას არავის უთმობს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ყველაფერი იკადრა, ყველაფერი მანკიერი მოირგო და შეისისხლხორცა. "მრისხანე" ოპოზიციონერის როლში შეჭრილს ასეთი ფრაზაც კი ათქმევინა სინდისისგან თავისუფალმა გონებამ: “ოპოზიციამ რვა წლის განმავლობაში ყველა არჩევნები წავაგეთო”...
 
როგორც ჩანს, გუბაზ სანიკიძემ, რომელიც იმავე 1990 წლიდანაა ქართულ პოლიტიკაში, ეროვნული მოძრაობიდან მოდის, დამოუკიდებლობის აქტზეც ხელი მოაწერა და პარლამენტის წევრიც გახდა 1999 წელს, მთლიანად ამოშალა თავისი მეხსიერებიდან ოცნებაში გატარებული წარსული. პოლიტიკური გახრწნილებისა და უტიფრობის მსგავსი მაგალითი, როგორიც გუბაზია, ალბათ არათუ ქართულ, მსოფლიო პოლიტიკაშიც ძნელი საპოვნელია. დაუჯერებელია, მაგრამ ნუთუ შეძელით და ნაბიჯი გადადგით იმ მიმართულებით, შედექით იმ გზაზე, რომლის დასასრულიც ცალსახად და გარდაუვლად გუბაზ სანიკიძეობაა?
 
31 ოქტომბერს გარდა არჩევნებისა, თქვენი დაბადების დღეც იყო. 56 წლის ასაკში მიაღწიეთ ალბათ ისტორიულ მინიმუმს და ქვეყნის მასშტაბით ხმების 0,16% აიღეთ. ნუთუ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ნაცვლად მიზეზებისა და შედეგების ადეკვატური გაანალიზებისა, სხვათა მსგავსად კვლავ ბიძინა ივანიშვილს მიადექით დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად და იგივე სახის კრიტიკა გაიზიარეთ, რასაც ამდენი წელი თავადვე პასუხობდით? ოპოზიციის მთავარი ხელწერა ამ წლების განმავლობაში ხომ უარგუმენტო და სინდისისგან თავისუფალი რიტორიკა იყო, ნუთუ იგივეს შეუერთდით? ოპოზიციის ტრაგიზმი ხომ სწორედ უარგუმენტო, ცრუ და უტიფარ თავდასხმებშია, რაც მართლაც რომ ტრაგიკულად დაგისრულდათ 31 ოქტომბერს.
 
დამოუკიდებლობის 30-მა წელმა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად შეცვალა, მისი დემოკრატიის და მიღწევების გამყარებაში მთავარ პერიოდად სწორედ ბოლო რვა წელი იქცა. სტაბილურობის, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების 8 წელი. 30 წლის წინ ქართულ პოლიტიკას თავი სამტრედიაში რკინიგზის გადაკეტვითა და რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადებით დაამახსოვრეთ, რაც დღემდე იუმორის და ღიმილის საგნად იქცა და ეროვნული მოძრაობის საყმაწვილო სენის გამოვლინება უფრო იყო, ვიდრე პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის პროდუქტი. თუნდაც მაშინდელი ფაქტის დღეს ღიმილით გახსენება მეტყველებს იმ ცვლილებაზე, რაც ქვეყანამ ამ წლებში განიცადა. თქვენც შეიცვალეთ, ამხელა გამოცდილება დააგროვეთ. სწორედ ამიტომაა საინტერესო, საით მიდის ზვიადის გზა, ქართული პოლიტიკისა და გამოწვევების რეალისტურ ხედვასა და შეფასებებზე თუ გუბაზობისკენ, ცალსახა დეგრადაციისა და ფსკერისკენ.
 
მოხარული ვიქნები პასუხის წერილობით მიღებისათვის.
 
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი,
ელისო ბოლქვაძე
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way