USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
Tbilisi
ელიავას ბაზრობის გახსნის მოთხოვნით კომპანია "სავაჭრო ცენტრი დიდუბე" მთავრობას ღია წერილით მიმართავს
Date:  2326

კომპანია „სავაჭრო ცენტრი დიდუბე“ განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მიმართავს თხოვნით,გაიხსნას  ე.წ. ელიავას ბაზრობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ  ყველა სხვა სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი თუ სავაჭრო ცენტრი შეუზღუდავად მუშაობს, რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ელიავას ბაზრობას და უსამართლობის განცდას იწვევს იქ დასაქმებულ ადამიანებში. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

შპს “სავაჭრო ცენტრი დიდუბე” ადმინისტრირებას  უწევს ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის 7 ჰექტარი მიწის ფართობზე (სულ ე.წ. „ელიავას ბაზრობას“ უჭირავს 15 ჰა) განლაგებულ სავაჭრო ობიექტებს. დღეის მდგომარეობით, ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული, გადახურული, რამოდენიმე ათეულ ათასი კვ. მ-ი  სავაჭრო დანიშნულების ფართი.

ამ სივრცეში დარეგისტრირებულია  ათასობით იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელთაც  10 ათასზე მეტი ადამიანია ჰყავთ დასაქმებული და მათი ბიზნეს საქმიანობიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 300-500 მილიონ ლარი მიემართება. ე.წ. ელიავას ბაზრობაზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს, გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა უდიდესი სოციალური დატვირთვაც გააჩნია.

აქ დასაქმებული ადამიანები, რომელთა უმრავლესობა მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან, და მათი ოჯახები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ვინც ფიზიკური გადარჩენის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა პანდემიის პირობებში.

ჩვენი კომპანია წლების მანძილზე მხარში უდგას სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევის დროს და უპირობოდ ასრულებს  ყველა ნაკისრ ვალდებულებას. პანდემიის პირობებში კომპანიის საქმიანობა, დაფუძნებულია მხოლოდ მოქმედ კანონმდებლობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმაზე.

მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად პანდემიის პირველი ტალღის დროს, ჩვენ 20 მარტიდან  შევწყვიტეთ მომხმარებელთა მიღება. მუშაობის აღდგენის უფლება მოგვეცა ყველაზე გვიან სხვა სავაჭრო ობიექტებთან შედარებით- ა.წ. 10 ივნისს.

ამის მიუხედავად, ჩვენ გაცნობიერებული გვქონდა, რომ სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და მაქსიმუმს ვაკეთებდით, რათა მთავრობის მესიჯები სწორად მიგვეტანა თითოეულ მოიჯარემდე და ზედმიწევნით დაგვეცვა ყველა რეკომენდაცია.

ის მდგომარეობა, რომელშიც ბოლო დღეებია აღმოვჩნდით, ჩვენს ტერიტორიაზე დასაქმებულ ადამიანებში იწვევს უსამართლობის განცდას. უწყებათაშორის კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ფუნქციონირებს  ყველა სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი, სამშენებლო მასალებით და მეორადი ავტო-ნაწილებით მოვაჭრე ობიექტები , ავეჯის ცენტრები და მაღაზიები. ყველას მიეცა უფლება გაეახლებინა სამუშაო პროცესი, გარდა ე.წ. ელიავას ბაზრობისა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სავაჭრო პროცესის ნაწილი მიმდინარეობს ღია სივრცეში. ბაზრობას უკავია 15 ჰა ფართობი და მომხმარებლის სიმჭიდროვე ამ სივრცეში, ბუნებრივად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამ სივრცეში ფუნქციონირებს  თანამედროვე სტანდარით აშენებული, „მოლის“ ტიპის დახურული სავაჭრო ობიექტები. რთულია ავუხსნათ აქ დასაქმებულ ადამიანებს, რატომ მიეცათ მუშაობის უფლება სხვა  სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტებს, ხოლო ელიავაზე დასაქმებული მცირე მეწარმეები რატომ იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში თავიანთ უშუალო კონკურენტებთან შედარებით.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ წინ გვხვდება „ხელოვნურად“ შექმნილი ბარიერი ჩვენი ბიზნესის განვითარების საქმეში, რაც ჩვენს დიდ გაკვირვებას იწვევს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს და მმართველ პარტიას ცალსახად აქვს განცხადებული ქართული ბიზნესის განვითარებისათვის მაქსიმალური მხარდაჭერა.

აღნიშნული გამოიხატება დედაქალაქის ცენტრში არსებული  ე.წ. ელიავას ბაზრობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მოლად ტრანსფორმირების პროცესში  მუდმივი სუბიექტური თუ  ბიუროკრატიული ბარიერების არსებობით, რაც უკვე წლებია აფერხებს ამ საკითხის გადაწყეტას.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას.

გთხოვთ მოგვცეთ მუშაობის განახლების უფლება იმ რეჟიმით და იმ ვადით, რომლითაც ფუნქციონირებს დედაქალაქის სავაჭრო ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა და ნუ გვამყოფებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩვენს უშუალო კონკურენტებთან მიმართებაში. მაშინ როდესაც სახელმწიფო დგას არაერთი გამოწვევის წინაშე, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს და ბიზნესის წარმომადგენელს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა.

ჩვენის მხრივ ვიძლევით გარანტიას, რომ უპირობოდ იქნება დაცული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ, პანდემიის პირობებისთვის  დადგენილი ყველა სტანდარტი და მოთხოვნა.

პატივისცემით,

შპს “სავაჭრო ცენტრი დიდუბე”

დირექტორი სერგო რუხაძე."

 

 

 

World
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way