USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
ელბაქიძის ხიდზე ტრანსპორტის გატარების გადასახადი 5 კაპიკი იყო
дата:  2736

1880 წელს თბილისის თვითმმართველობამ 750 000 მანეთის საობლიგაციო სესხი აიღო. ამ ფულით სხვა სამუშაოებთან ერთად გათვალისწინებული იყო სამი - ორთაჭალის, ვერისა და მუხრანის … ხიდების აგება.

გამგეობამ ნასესხები თანხიდან ვერის ხიდის ასაშენებლად 180 000 მანეთი გამოყო. მომავალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის ორივე მხარეს მდებარე მიწების მესაკუთრეები, ყორღანოვი და როტინოვი მიხვდნენ, რომ ხიდის აშენების შემთხვევაში მათი ნაკვეთების ფასი გაიზრდებოდა და ხელი შეუწყვეს ვერის ხიდის დაგეგმვასა და მშენებლობას.

ქალაქის სათათბიროში დიდი დავა იყო იმის თაობაზე, თუ რომელი ხიდი უნდა აშენებულიყო უფრო ადრე, ვერის თუ მუხრანისა. ვერის ხიდის აქტიური მომხრე იყო ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ხედავდა, რომ ქალაქი ჩრდილოეთისკენ ვითარდებოდა, და სულ მალე ვერის ხიდის გარეშე მისი ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა. ვერის ხიდის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა ვერის დაღმართის გაჭრის შემდეგ. ამით უახლოესი კავშირი დამყარდა გოლოვინის პროსპექტს, ვერის უბანსა და რკინიგზის სადგურს შორის.

ხიდის მშენებლობა დაიწყო 1883 წელს, ს. უმანსკისა და პ. ზამიატინის პროექტით. ხიდი 1885 წლის 10 თებერვალს გაიხსნა. ეს იყო ქვის ბურჯებზე გადებული სამმალიანი რკინის კონსტრუქცია. ხიდის სავალი ნაწილი ლითონის ფერმებზე მოწყობილ ფიცარნაგს წარმოადგენდა. მისი სიგანე 10 მეტრს არ აღემატებოდა. ხიდზე ტრანსპორტის გატარებისთვის დაწესებული იყო გადასახადი - 5 კაპიკი. აღნიშნული გადასახადი გაუქმდა 1915 წელს.

1885 წელს გაზეთი “დროება” ვერის ხიდის კურთხევის შესახებ წერდა:

„კვირას, თებერვლის 10-ს, დილით, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, აკურთხეს ვერის ხიდი. აუარებელი ხალხი დაესწრო ამ კურთხევაზედ, თუმცა ცერემონია დიდი არა ყოფილა-რა.

კურთხევის წინად მღ. ელიევმა წაიკითხა ცოტა მოგრძო სიტყვა, „ხიდის მნიშვნელობაზედ განათლებისათვის“ და შემდეგ პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისის შემდეგ ქალაქის თავმა გასჭრა ხიდის-ყურზედ გაბმული ლენტი და ხალხმა თავისუფლად სიარული დაიწყო. პირველი ეკიპაჟი, რომელმაც ამ ხიდზედ გაიარა, იყო მთავარ-მმართებლის თანაშემწის გრ. შერემეტიევისა. ამ დღეს ეკიპაჟებს ნება ჰქონდათ უფასოდ სიარულისა და მეორე დღიდამ კი თითო შაური გამოერთმევათ. ქალაქის გამგეობას იმედი აქვს, რომ წელიწადში 12.000 მანათი შემოვა ამ ხიდიდამ.

კურთხევის შემდეგ რამდენიმე პირნი იყვნენ საუზმეზედ მიწვეულნი ხიდის ორივ ყურის პატრონებისაგან“, – გაზეთი „დროება“, 12 თებერვალი, 1885 წ.

XX საუკუნის შუა ხანებისათვის ხიდი ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქის ამ ნაწილის გაზრდილ მოთხოვნებს. 1951 წელს დაიწყო ახალი სამმალიანი, ამჟამინდელი ხიდის მშენებლობა (არქიტექტორი მიხეილ მელია, ინჟინერი გ. ჩომახიძე), რომელიც 1952 წლის დეკემბერში დასრულდა.

ბოლნისის ტუფითა და ალგეთის ბაზალტით მოპირკეთებული, საბჭოთა სიმბოლიკით მორთული ახალი ხიდი სტალინის სახელს ატარებდა. შემდეგ ეწოდა ელბაქიძის ხიდი, 1990 წელს ისტორიული სახელი „ვერის ხიდი“ დაუბრუნდა, 1999 წელს კი გალაკტიონის სახელი მიენიჭა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати