USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო! – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პრელუდია
Date:  

2024 წლის 5 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გენერალური არჩევნები გაიმართება. მასზე ამერიკელი მოქალაქეები აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესის უკლებლივ ყველა (435) წევრსა და 34 სენატორს აირჩევენ. წელს განსაკუთრებული ყურადღება საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიმართული. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები კენჭისყრის დღემდე 10 თვით ადრე იწყება. პირველ ეტაპზე იმართება შიდაპარტიული არჩევნები, რომელიც გაარკვევს ვინ გახდება თითოეული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია და რომელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 5 ნოემბერს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში. აშშ-ის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, შიდაპარტიულ არჩევნებს საარჩევნო წლის იანვარში აიოვას შტატში ჩატარებული კოკუსი და ნიუ-ჰემფშირში ჩატარებული პრაიმერისი ხსნის, რომელსაც შემდეგ დანარჩენ 48 შტატში გასამართი კოკუსები/პრაიმერისები მოჰყვება. შიდაპარტიული არჩევნები იანვრიდან ივნისამდე გრძელდება და მასში გამარჯვებული კანდიდატი ზაფხულში პარტიის მიერ ჩატარებულ ეროვნულ ყრილობაზე დელეგატების უმრავლესობას მიიღებს და შესაბამისად პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციად დასახელდება. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობა 15-18 ივლისს ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკში, ხოლო დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობა  19-22 აგვისტოს ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში გაიმართება.

როგორ მუშაობს შიდაპარტიული არჩევნების სისტემა ამერიკაში? ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდაპარტიული არჩევნების ორი ძირითადი მექანიზმი არსებობს: კოკუსი და პრაიმერისი. კოკუსებისა და პრაიმერების მეშვეობით ამომრჩეველი მისთვის სასურველ კანდიდატს ირჩევს, რომელთა ხმები შემდეგ საარჩევნო დელეგატების ხმებში ითარგმნება. კანდიდატი, რომელიც დელეგატების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს მიიღებს, პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციას მოიპოვებს.

კოკუსი აშშ-ის მხოლოდ 5 შტატში: აიოვაში, ნევადაში, კენტაკიში, ვაიომინგსა და ჩრდილო დაკოტაში ტარდება. კოკუსი ერთგვარი პარტიული თავყრილობაა, რომელიც შტატის თითოეულ საარჩევნო ოლქში იმართება. პარტიის ამომრჩევლები და მხარდამჭერები იკრიბებიან კონკრეტულ საარჩევნო ოლქში და მათთვის სასურველ კანდიდატს ირჩევენ  ფარული კენჭისყრით ან ღია მხარდაჭერით, რომელიც გამოიხატება სასურველი კანდიდატის გამოცხადებისას ხელის აწევით ან კანდიდატის გარშემო ჯგუფურად შემოკრებით. თითოეულ პარტიას კოკუსის ჩატარების განსხვავებული მექანიზმი აქვს. რესპუბლიკური პარტიის კოკუსი გულისხმობს პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების შეკრებას, რომლებიც ფარული კენჭისყრით ხმას სასურველ კანდიდატს აძლევენ. კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, პარტიის საარჩევნო კანდიდატი გახდება. განსხვავებული მიდგომა აქვს დემოკრატიულ პარტიას, რომელშიც პარტიის წევრები და მხარდამჭერები კონკრეტულ საარჩევნო ოლქში იკრიბებიან და კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავენ. ღია მხარდაჭერა შესაძლოა გამოიხატოს ხელის აწევით ან ფავორიტი კანდიდატის გარშემო ან ფავორიტი კანდიდატის კუთხესთან ჯგუფურად შემოკრებით. გარდა ამისა, დემოკრატიული პარტიის კოკუსში არსებობს 15%-იანი ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატი, რომელიც წევრებისა და მხარდამჭერების ხმების მინიმუმ 15%-ს ვერ მოაგროვებს, შეჯიბრს ეთიშება. შემდეგ გამოთიშული კანდიდატის მხარდამჭერები საკუთარ ხმებს დარჩენილ კანდიდატებზე ანაწილებენ. გამოთიშვების რამდენიმე რაუნდის შემდეგ იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც საბოლოოდ ყველაზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს.

შიდაპარტიული არჩევნების მეორე და უფრო გავრცელებული მექანიზმი პრაიმერისია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დანარჩენ 45 შტატში იმართება. პრაიმერისი კანდიდატების საყოველთაო ფარულ კენჭისყრას გულისხმობს. თითოეული პარტიის ამომრჩევლები მიდიან საარჩევნო ოლქებში და არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიდან სასურველს უჭერენ მხარს. თითოეულ შტატში იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც ხმების მარტივ უმრავლესობას მიიღებს. არსებობს პრაიმერისების ორი ძირითადი: ღია და დახურული  მოდელი. ღია პრაიმერისში მონაწილეობა და სასურველი კანდიდატის შერჩევა შეუძლია ნებისმიერ ინდივიდს, განურჩევლად მისი პარტიული კუთვნილებისა. რაც შეეხება დახურულ პრაიმერისებს, მასში მონაწილეობა მხოლოდ პარტიის რეგისტრირებულ წევრებს შეუძლიათ.

პრაიმერების მექანიზმი რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა კოკუსებსა და პრაიმერისებში ჯამში 1215 დელეგატის ხმა უნდა მიიღოს, ხოლო დემოკრატიულ პარტიაში ეს რიცხვი 2258 დელეგატს შეადგენს. თითოეული ეს რიცხვი 50 შტატში (+დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე) არსებული დელეგატების რაოდენობის ჯამს შეადგენს. რესპუბლიკური პარტია თითოეულ შტატს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვროს დელეგატთა ალოკაციის წესი, იქნება ეს winner takes all, ანუ გამარჯვებული იღებს ყველა ხმას პრინციპი თუ პროპორციული მექანიზმი. რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, ის მხოლოდ ხმების პროპორციული განაწილების მეთოდს იყენებს. მაგალითად თუ ერთ-ერთ შტატში გასამართ დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში მონაწილეობს სამი კანდიდატი, ჯამში გასანაწილებელია 10 დელეგატის ხმა, არჩევნებში პირველმა კანდიდატმა ხმების 60% მოაგროვა, მეორემ 30, ხოლო მესამემ 10, პროპორციული მექანიზმის გათვალისწინებით პირველი კანდიდატი მიიღებს 6 დელეგატის ხმას, მეორე სამის, ხოლო მესამე ერთის.

შიდაპარტიული არჩევნების ვადები, გასანაწილებელი მანდატები და დელეგატების ალოკაცია – რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში ჯამში გასანაწილებელია 2429 დელეგატის ხმა. პრაიმერებში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს მინიმუმ 1215 დელეგატის (50%+1) მხარდაჭერას. რესპუბლიკურ პარტიაში იანვრიდან ივნისის ჩათვლით პრაიმერების 6 რაუნდი გაიმართება: I. ადრეული ეტაპი – მოიცავს იანვარი/თებერვლის პერიოდს (აიოვას კოკუსი, ნიუ-ჰემფშირის, სამხრეთ კაროლინის პრაიმერები და ა.შ. – ამ ეტაპზე გასანაწილებელია 197 დელეგატის ხმა; II. „სუპერ სამშაბათი“ – შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი დღე (5 მარტი) – ამ დღეს განაწილდება 874 დელეგატის ხმა; III. მარტი – მარტის დარჩენილ ნაწილზე ნაწილდება 710 დელეგატის ხმა; IV. აპრილი – ნაწილდება 317 დელეგატის ხმა; V. მაისი – ნაწილდება 240 დელეგატის ხმა; VI. ივნისი – ნაწილდება საბოლოო 94 დელეგატის ხმა. რაც შეეხება დელეგატების ალოკაციას, ის თითოეულ შტატში განსხვავებულია. შტატების დაახლოებით ნახევარში ალოკაციის პრინციპია „გამარჯვებული იღებს ყველა ხმას“ – ამ შემთხვევაში გამარჯვებული კანდიდატი მიიღებს შტატის ყველა დელეგატის ხმას. შტატების მეორე ნახევარში გამოიყენება პროპორციული ალოკაციის მექანიზმი. საარჩევნო ზღვარი ზოგიერთ შტატში საერთოდ არ არის, ზოგ შტატში 5%-ია, ზოგში 10%, ზოგში კი 15% და 20%-იც კი.

დემოკრატიული პარტია 2024 წლის შიდაპარტიულ არჩევნებში 4532 დელეგატის ხმას ანაწილებს, საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად კი კანდიდატმა უნდა მოიპოვოს 2258 დელეგატის (50%+1) ხმა. დასახელებული 4532 დელეგატიდან 3788 ჩვეულებრივი, ხოლო 744 სუპერდელეგატია. პირველ ეტაპზე ნაწილდება ჩვეულებრივი დელეგატების ხმები. კანდიდატმა ნომინაციის მოსაპოვებლად 1895 დელეგატის ხმა უნდა მიიღოს. თუ 1895 დელეგატის ხმას ვერცერთი კანდიდატი მოაგროვებს, საქმეში ერთვებიან სუპერდელეგატები. დემოკრატიული პარტიის პრაიმერებში დელეგატების ალოკაცია ყველა შტატში პროპორციულია. თითოეულ შტატში დელეგატები ნაწილდება მხოლოდ იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ხმების მინიმუმ 15%-ს მიიღებენ.

რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული არჩევნები – აიოვას კოკუსისა და ნიუ-ჰემფშირის პრაიმერისის შედეგების ანალიზი: შიდაპარტიული არჩევნების დაწყებამდე უკვე ცხადი იყო, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციას მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მოიგებდა. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქმედ პრეზიდენტს შიდაპარტიული არჩევნები წაეგოს. გაცილებით საინტერესოა რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული არჩევნები, რომელშიც დასაწყისში 10-ზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო რომ გამარჯვების რეალური შანსი მხოლოდ სამ კანდიდატს ჰქონდა: 1. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს; 2. ფლორიდის შტატის მოქმედ გუბერნატორს, რონ დესანტისს; 3. სამხრეთ კაროლინის ყოფილ გუბერნატორს და ტრამპის ადმინისტრაციაში გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელს, ნიკი ჰეილის.

„დიდი ძველი პარტიის“ შიდაპარტიული არჩევნები 15 იანვარს აიოვას შტატში გამართული კოკუსით გაიხსნა. კოკუსში დამაჯერებლად გაიმარჯვა ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც ხმების 51% მიიღო. მეორე ადგილზე რონ დესანტისი გავიდა ხმების 21.2%-ით, მესამე ადგილი კი ნიკი ჰეილის (19.1%) ერგო. ხმების პროპორციულად განაწილების შემდეგ ტრამპმა აიოვაში 20, დესანტისმა 8, ხოლო ჰეილიმ 7 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო. აიოვას კოკუსის შედეგების გამოცხადების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა რესპუბლიკური პარტიის 3-მა საპრეზიდენტო კანდიდატმა: ვივეკ რამასვამიმ, ტიმ სკოტმა და რონ დესანტისმა – თითოეულმა მათგანმა მხარდაჭერა ტრამპს გამოუცხადა. ნიუ-ჰემფშირში გასამართ პრაიმერისამდე ცხადი გახდა, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად ერთმანეთს მხოლოდ ორი კანდიდატი: დონალდ ტრამპი და ნიკი ჰეილი დაუპირისპირდებოდნენ. ჰეილიმ ნიუ-ჰემფშირში გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა – მან ხმების 43.1% მიიღო, თუმცა, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პრაიმერისში გასამარჯვებლად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. „გრანიტის შტატში“ ტრამპმა ხმების 54.5% მიიღო. შესაბამისად, მიღებული ხმების პროპორციულად განაწილების შემდეგ ტრამპს 12, ხოლო ჰეილიმ 9 დელეგატის ხმა ხმა ერგო. საერთო ჯამში, მოცემული მომენტისთვის ტრამპს 32, ხოლოდ ჰეილის 17 დელეგატის ხმა აქვს.

სამომავლო სცენარები: აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში მარცხის მიუხედავად, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობას გააგრძელებს. შემდეგი შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდება  ნევადაში (8 თებერვალს გასამართი კოკუსი) და სამხრეთ კაროლინაში (24 თებერვალს გასამართი პრაიმერისი). სამხრეთ კაროლინა განსაკუთრებით საყურადღებო შტატია, რომელსაც შიდაპარტიული არჩევნების მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. სამხრეთ კაროლინის განსაკუთრებული მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა 2020 წლის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერისშიც, როდესაც სამხრეთ კაროლინაში გამარჯვებით ჯო ბაიდენმა (რომელიც მანამდე დამარცხდა აიოვას კოკუსშიც და ნიუ-ჰემფშირის პრაიმერშიც) არჩევნების მიმდინარეობის მისთვის სასარგებლოდ შეცვლა და საბოლოოდ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვება მოახერხა. საყურადღებოა ისიც, რომ სამხრეთ კაროლინა ჰეილის მშობლიური შტატია, ამიტომ ის აქ გამარჯვებას ბოლომდე შეეცდება. არსებული მდგომარეობით, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერებში ჰეილის გამარჯვების შანსი მინიმალურია, ამიტომ სავარაუდოა, რომ ის ადრე თუ გვიან მარცხს შეეგუება და შიდაპარტიულ არჩევნებს გამოეთიშება. სავარაუდოა, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ტრამპთან სამხრეთ კაროლინაშიც დამარცხდება. უკიდურეს შემთხვევაში ის დაელოდება 5 მარტს გასამართ „სუპერ სამშაბათს“, როდესაც პრაიმერები 15 შტატში ჩატარდება (მასზე 874 დელეგატის ხმა გათამაშდება). „სუპერ სამშაბათს“ ტრამპის მხრიდან გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შემთხვევაში, ჰეილი შეჯიბრს მაღალი ალბათობით გამოეთიშება.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესი უკვე დაიწყო. ახლა მთელი ყურადღება 24 თებერვალს სამხრეთ კაროლინაში გასამართი პრაიმერისისკენაა მიმართული, რომელიც მაღალი ალბათობით გადაწყვეტს იმას, თუ ვინ მოიპოვებს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციას და შესაბამისად ვინ დაუპირისპირდება 5 ნოემბრის არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ყველა ლოგიკა (კონვენციურიც და არაკონვენციურიც) გვკარნახობს, რომ ეს კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება, თუმცა, პოლიტიკისთვის და განსაკუთრებით ამერიკული პოლიტიკისთვის სიურპრიზები დამახასიათებელია, ამიტომ დაველოდოთ თებერვალსა და მარტში გასამართი პრაიმერების შედეგებს.

 

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

წყარო:https://foreignpolicycouncil.com

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way