დღეს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმაზე, რომელიც მან რამდღენიმე დღის წინ წარადგინა. ჩვენი სურვილია, რომ ეს გახსნის გეგმები დავაჩქაროთ იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას ხელი შევუწყოთ - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ საკითხში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორისა და ეკონომიკური გუნდის მაღალ პასუხისმგებლობას. „ბოლო 3 თვის მანძილზე ვიხილეთ, თუ როგორი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები, რის შედეგადაც სწორედ სამთავრობო გუნდმა შეძლო და კოვიდინფექციის მართვასთან მიმართებაში საუკეთესო შედეგები დადო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სწორედ ახლა დადგა დრო, როდესაც კერძო სექტორს ეკისრება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.
„თქვენ იცით, ახლა ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის სამსახური უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს, რათა მათ შეძლონ გააქტიურება და გახსნის ღონისძიებების დაჩქარება. ამისთვის საჭიროა მათი რეგისტრაცია და მათი მზაობის დაფიქსირება. უნდა მიიღონ ის კონსულტაციები შრომითი ინსპექციის სამსახურიდან, რითაც ისინი შეძლებენ მართონ თავიანთი ბიზნესი უსაფრთხოდ, როგორც საკუთარი ფირმებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის და რაც მთავარია და უპირველესია, ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძემ მათ დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდა, რათა დროულად მოხდეს მომზადება იმისთვის, რომ მთავრობის მხრიდან დაგეგმილი ყველა ღონისძიება შეფერხების გარეშე განხორციელდეს.