USD 2.6975
EUR 3.1439
RUB 3.4288
Тбилиси
ეკატერინე თარხან-მოურავი - პირველი „მის მსოფლიოს“ გამარჯვებული
дата:  7485

ეკატერინე თარხან-მოურავი მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. 1905 წელს პარიზში გამართულ ღონისძიებას მსოფლიოს სილამაზისა და ყვავილების დღესასწაულს უწოდებდნენ. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არისტოკრატი გოგონები მონაწილეობდნენ.
კონკურსის წესის მიხედვით, პარიზის ხალხმრავალ ქუჩებში ყვავილებით მორთული ეტლით უნდა ჩაევლოთ გოგონებს. ქართველი თავადის 15 წლის ქალიშვილი, რომელსაც ცისფერი თვალები ჰქონდა და ცისფერი კაბა ეცვა, ცისფერი ყვავილებით მორთულ ეტლში იჯდა. ეტლს უკან ჩანთიანი გოგონები მისდევდნენ, მაყურებლი კი ჩანთაში რჩეული მონაწილის სახელს აგდებდა. ყველაზე მეტი ხმა ეკატერინემ მიიღო და მსოფლიოს ლამაზ გოგონებს შორის გამარჯვებულიც ის გახდა. მეორე ადგილზე ავსტრიის პრინცესა გავიდა. გამარჯვების ნიშნად ეკატერინეს ბრილიანტის თვლებიანი გულსაბნევი გადასცეს.
ეკატერინე თარხან-მოურავი განათლების მისაღებად პარიზში 1903 წელს წავიდა. საქართველოში ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად დაიწყო მუშაობა. ეკატერინეს ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ, მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ ემიგრაციაში აღარ წავიდა. ეკატერინე ბრალდებას უარყოფდა და დაჭერის მოლოდინში გაატარა მთელი ცხოვრება. ეკატერინე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 ელერ თარხნიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილის შვილიშვილი:

- გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავლები ვართ. ბებია, სააკაძის მეათე თაობას ეკუთვნოდა, მე შესაბამისად, მეთორმეტე თაობის წარმომადგენელი გახლავართ. ჩვენი შორეული წინაპრები დაღესტნიდან არიან წამოსული, შემდეგ ისინი სომხეთში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი - ქართლში, ფრონეს ხეობაში დასახლდნენ. გიორგი სააკაძე კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა, ბებიაჩემი კი, მის მახლობლად, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა. მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო სამსახურში გახლდათ და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა, ეფემია კი, ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და იყო. იაკობ მანსვეტაშვილი ილია ჭავჭავაძესთან ერთად ”ივერიაში” მუშაობდა. მშობლები ბებიას ისე ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ თავადიშვილს და განსაკუთრებით ანებივრებდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დედმამიშვილს შორის, ცოცხალი მხოლოდ ის დარჩა. ეკატერინეს და-ძმები, სხვადასხვა ავადმყოფობის გამო, სხვადასხვა ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც ეკატერინე წამოიზარდა, მშობლებმა ის კულტურის, კარგი მანერების ასათვისებლად და ფრანგული ენის შესასწავლად, პარიზში წაიყვანეს. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა. ქართველი თავადები უმეტეს დროს, პარიზში ატარებდნენ, ზაფხულობით კი იქვე ახლოს, პა-დე-კალეს სრუტესთან მიემგზავრებოდნენ დასასვენებლად.

ეკატერინეს ძალიან ჰყვარებია წყალში ყოფნა. ამის გამო, ფრანგმა მეგობრებმა მას გედი შეარქვეს. იმ დროს, პარიზში თურმე, ყოველ წელს, ყვავილების დღსასწაულს აღნიშნავდნენ, სადაც სილამაზის კონკურსის მსგავსი ღონისძიება იმართებოდა. ერთხელ, ამ კონკურსში ბებიასაც მიუღია მონაწილეობა. მონაწილეთათვის ყვავილებით ირთვებოდა ეტლები, გოგონები სათითაოდ სხდებოდნენ ამ ეტლებში, თავად ეჭირათ სადავეები და ასე უნდა ჩაევლოთ ქუჩაზე, რომლის ორივე მხარეს მაყურებელი შეგროვილიყო. კონკურსანტებს უკან მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა გოგონები ჩანთებით, სადაც მაყურებელი აგდებდა ბიულეტენს, რომელზეც საკუთარი რჩეულის სახელი ეწერა. შესაბამისად, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებდა, კონკურსის გამარჯვებულიც ის ხდებოდა. ბებიის ეტლი ცისფერი ყვავილებით ყოფილა მორთული, თავადაც ცისფერი კაბა სცმია ეკატერინეს, რომელიც ცისფერთვალება, ქერათმიან ქალბატონს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ან კი, რა ქალბატონს? ეკატერინე ამ დროს, 15 წლისაც არ იქნებოდა!.. მასთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ. მაგრამ მაყურებელმა გამარჯვება კავკასიელი სამხედრო პირის ქალიშვილს მიანიჭა. ამის გამო, ეკატერინესთვის საჩუქრად, ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გულსაბნევი მიურთმევიათ. ბებიამ ის თბილისში ჩამოსვლისთანავე დაკარგა. ევროპულ მანერებს მიჩვეულმა ქალბატონმა, თბილისის რკინიგზის სადგურზე ბარგი და სავიზიტო ბარათი მუშებს დაუტოვა: ამ მისამართზე მომიტანეთო. ამ ბარგთან ერთად გაქრა კონკურსში მიღებული გულსაბნევი და ვინ იცის, რა ბედი ეწია.

ბებიამ მასზე შეყვარებული ბევრი ყმაწვილი დატოვა საფრანგეთში, მათ შორის, პარიზის გავლენიანი ადამიანების შვილებიც იყვნენ. მამამისს სასიძოდ მხოლოდ ქართველი უნდოდა. თუმცა, ბებია ორჯერ იყო გათხოვილი და არც ერთი მისი ქმარი ქართველი არ ყოფილა. პირველად, 1908 წელს, ცოლად გაჰყვა ფრანგ სტუდენტს, მიშა სეგალს. სეგალის მშობლები ჯერ განჯაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ეკატერინე შინიდან გაიპარა და მშობლების დაუკითხავად დაიწერა ჯვარი სეგალზე. სწორედ მასთან შეეძინა ერთადერთი ვაჟიშვილი - მამაჩემი ნიკოლოზი. გრიგოლ თარხან-მოურავმა იმდენად აითვალწუნა ფრანგი სიძე, რომ 2-3 წელიწადში აიძულა, წასულიყო ბებიაჩემისგან, მამაჩემი კი, თავის გვარზე დაწერა. ბებია მეორედ გათხოვდა და ამჯერად, გვარად მოროზოვს გაჰყვა ცოლად...

ბებია  თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში, ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც დასდეს ბრალი და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეკატერინე მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ საზღვარგარეთ აღარ წავიდა და უკან დაბრუნდა... ბებია ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. საერთოდ, ძალიან მიკვირს, როგორ გადაურჩა ჩვენი ოჯახი 1924 და 1937 წლების რეპრესიებს. 1937-ში, ბებიაჩემის მამა, გრიგოლი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სულ იმის მოლოდინში იმყოფებოდა, რომ დაიჭერდნენ. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. ალბათ, სწორედ ამის წყალობით, ოჯახის არქივი სრულყოფილი სახით შემოგვრჩა, მათ შორის - უძველესი ფოტოები, ჩანაწერები, საქმიანი ქა-ღალდები და ა.შ.

экономика
მოჰამედ ალაბარი: „იგლ ჰილსის” პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის შემოსავლების მობილიზება

„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე, - ამის შესახებ „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს შემატებს.

„თუ გადავხედავთ იმას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიკეთებია მასშტაბური პროექტების სახით - 6 ან 6.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში - ოთხმაგი ეფექტი ჰქონია მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკაზე; ეს ინფორმაცია გადამოწმებადია და ინტერნეტშიც შეიძლება ფაქტების მოძიება. 6 ან 6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეფექტი იქნება ამ რიცხვის ოთხზე გამრავლება. შესაბამისად, ფაქტობრივად საუბარია 24 მილიარდზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ ამ ინიციატივის ფარგლებში - იქნება ეს მასალების შეძენა, მარაგების გაკეთება, სპეციალისტების დასაქმება, არქიტექტორების დაქირავება, კონტრაქტორების აყვანა და ა.შ. ყველაფერი ადგილობრივად მოხდება.

ნიშანდობლივია, რომ მშენებლობის პროცესში 30 000 ადამიანი დასაქმდება; ანუ სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

რაც შეეხება სამთავრობო სფეროში მიღებულ სარგებელს, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება საგადასახადო შემოსავლების მობილიზება, საუბარია 3.5 ან 4 მილიარდი დოლარის ეკვივალენტზე.

ურბანული განვითარების ამგვარი პროექტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 5 პროცენტს მატებს. როდესაც საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორედ ეს იგულისხმება. ამგვარ პროექტს ცალკე აღებულს შეუძლია, ქვეყნის მშპ 5 პროცენტით გაზარდოს“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარმა.

„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა, თუ რა ეფექტს იქონიებს აღნიშნული ინიციატივა ტურიზმის სექტორზე და აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის პროექტს სულ მცირე ნახევარი მილიონი ტურისტის მოზიდვა შეუძლია.

„ყველა იმ ქვეყნის გამოცდილებით ვსაუბრობ, სადაც ამგვარი პროექტები გვიკეთებია. ასეთი მასიური და პასუხისმგებლიანი ურბანული განვითარების პროექტები ინვესტიციებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. ინვესტიციების გარდა ხდება ტურისტების მოზიდვა. თითოეული ჩვენი პროექტი 1 000 ახალ ბიზნეს სუბიექტს უქმნის ახალ შესაძლებლობას. სკოლებსა და სკვერებს ვაშენებთ. არქიტექტურულ ქმნილებებს და არაჩვეულებრივი დიზაინის მქონე ობიექტებს ვქმნით მასპინძელ ქვეყანაში. ასე და ამგვარად ჩნდება სიცოცხლით სავსე ადგილი და ეს ჩვენ კარგად გამოგვდის. გვიყვარს ამის კეთება, უმშვენიერეს გარემოს ვქმნით.

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია, ასე გულთბილად რომ მიღებს საქართველო და შევეცდებით, ყველაზე კარგ პროექტად ეს ინიციატივა ვაქციოთ“ , - განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.

более
голосование
Кстати