სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პროევროპულ ოპოზიციურ ამომრჩეველთა 75% არ იზიარებს წარმოდგენას, რომ პროცესებს გლობალურად კოორდინაციას უწევს ე.წ. „დიფ სთეითი“ ან „გლობალური ომის პარტია“.
თბილისის მასშტაბით მონაცემები ასეთია: გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ მსგავსი სტრუქტურები არ არსებობს, ქვეყნის მასშტაბით კი ამ პოზიციას იზიარებს 53%.
ამ ფონზე განსხვავებული სურათია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში: კვლევის მიხედვით, 49%-ს სჯერა, რომ ე.წ. „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ რეალურად არსებობს და გავლენას ახდენს საერთაშორისო პოლიტიკაზე. მხოლოდ 22% ამბობს, რომ ამ იდეებს არ ეთანხმება.
კვლევის ავტორების განმარტებით, პასუხები მიუთითებს არსებით განსხვავებაზე საზოგადოებრივ აღქმაში. მათ შორის, ინფორმაციის წყაროებისა და ნარატივების მიღების თვალსაზრისით.
კვლევა ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისს, მასში მონაწილეობა მიიღო 2,000-მა რესპონდენტმა. შერჩევის ცდომილება ±2.2%-ია 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.