USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
«Medya Günlüğü» (თურქეთი): „შუალედური გადაწყვეტილება: შეხვედრა „ნეიტრალურ ზონაში“ - რატომ გაცივდა პუტინისა და ერდოღანის ურთიერთობა?
дата:  780

„რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში უკვე საკმაო ხანია გარკვეული დაძაბულობა თუ გაუცხოვება შეიმჩნევა, რომლის ფონზე რეჯეფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მუდმივად გადადების რეჟიმში იმყოფება, თუმცა ბოლო დროს კარგი ამბავიც გავრცელდა: რუსეთის პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, თავის თურქ კოლეგას ივლისში „ნეტრალურ მინდორზე“ შეხვდება“, - წერს თურქული გამოცემა „მედია გუნლუ“ (Medya Günlüğü) თავის სარედაქციო სტატიაში სათაურით „შუალედური გადაწყვეტილება: შეხვედრა „ნეიტრალურ ზონაში“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მოსკოვსა და ანკარას შორის ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ის მეტ-ნაკლებად ცივი და დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ბოლო დროს ჩამოყალიბდა, თუმცა „გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა“: რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ყაზახეთში შეხვდებიან. ეს, სავარაუდოდ, იქნება იმ ადრინდელი კონტაქტების განახლება, როცა ლიდერები ერთმანეთს წელიწადში ორჯერ და მეტჯერაც ხვდებოდნენ.

ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტი დღის წესრიგში თითქმის ერთი წელია დგას, მაგრამ ის ერთგვარ „განუხორციელებელ იდეად“ გადაიქცა. თანდათანობით განმტკიცდა აზრი, რომ სამიტი უახლოეს მომავალში არ შედგება.... მაგრამ საქმე მთლად უიმედოდ არ ყოფილა: 11 ივნისს, კრემლში შეხვედრისას, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხაკან ფიდანს განუცხადა, რომ შეეცდება თავის თურქ კოლეგას რეჯეფ ერდოღანს ივლისში, ასტანაში ყოფნის დროს შეხვდეს და მოელაპარაკოს. „როგორც ვიცი, 3-4 ივლისს, იგი ასტანაში უნდა იყოს საერთაშორისო ფორუმში მონაწლეობის მისაღებად. მეც იქ ვიქნები. გვექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდეთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ“.

რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში, დღის წესრიგის მიხედვით, ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ვიზიტი არ შედგა. ცოტა მოგვიანებით პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს სოჭში, შავი ზღვის ნაპირზე შეხვდებოდნენ, თუმცა ბედმა მათი შეხვედრა არ ინება. მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებში რეჯეფ ერდოღანმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის განხორციელდებოდა რუსი კოლეგის ვიზიტი, განაცხადა: „ჩვენ ერთმანეთს ტელეფონით ხშირად ვესაუბრებით, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის. ვფიქრობ საკითხი მალე გაირკვევა“. 23 აპრილს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს შეატყობინა, რომ „ვიზიტი მზადდება, მაგრამ თარიღი დაზუსტებული არ არის“. მას მოჰყვა კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის ნათქვამი: „ვიზიტის თარიღი არ დადგენილა, მაგრამ როცა დადგინდება, ყველა დროულად გაიგებს“.

თუმცა იმავე ხანებში თვითონ რუსეთის პრეზიდენტმა ისეთი რამ თქვა, რომელიც, მართალია, ირიბად იყო გამოხატული, მაგრამ ანკარას არ მოეწონა: „ჩვენმა ცენტრალურმა ბანკმა სწორად იმოქმედა და რუსეთში არ დაუშვა ისეთი უკონტროლო ინფლაციური პროცესები, როგორიც თურქეთში მიმდინარეობსო“.

გაისმოდა ხმები, რომ ვიზიტი გადადება გამოწვეული იყო „პრეზიდენტების სამუშაო გრაფიკის ერთმანეთთან შეუთავსებლობით“, თანაც გასულ კვირას რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თურქეთის მიერ დასავლური კრედიტების მიღება გააკრიტიკა. იმავდროულად კი მოსკოვმა მაისის ბოლოს გამოაცხადა, რომ თურქეთს დაახლოებით 27 მილიონი დოლარის ვალი ჩამოაწერა, რომელიც ადრინდელი კრედიტის გადაუხდელი პროცენტებით დაგროვდა. [კრემლის ნაბიჯი ერთგვარ კეთილი ნების გამოხატვად წარმოჩინდა].

სხვათა შორის, ხაკან ფიდანის მიღება კრემლში, „პროტოკოლის“ წესების მიხედვით, აუცილებელი არ იყო, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, მოისურვა, რომ მისი განზრახვა მინისტრს თავისი პრეზიდენტისთვის ეცნობებინა.

მართალია, ჯერ-ჯერობით ისევ უცნობია, დათანხმდება თუ არა რეჯეფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინის სურვილს ასტანაში შეხვედრის თაობაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გაჩნდა გარკვეული იმედი. ყაზახეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ასევე თურქეთთანაც, ანუ შეხვედრა, არსებითად, „ნეიტრალურ ზონაში“ (მოედანზე) ჩატარდება.

წყარო: https://medyagunlugu.com/ara-cozum-tarafsiz-bolge/

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати