USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Le Monde» (საფრანგეთი): „საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა, თავისი ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად“
Date:  385

ფრანგული გაზეთი „ლე მონდი" (Le Monde) ბეჭდავს სტატიას სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ჩავიდა, თავისი ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად“ (ავტორი -  ფაუსტინ ვინსენტი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბრიუსელში მყოფი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების მიმოხილვა - საუბრები ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობრივ პირებთან - შარლ მიშელთან (ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან), ურსულა ფონ დე ლაიენთან (ევროკომისიის პრეზიდენტთან) და რობერტა მეცოლასთან (ევროპარლამენტის პრეზიდენტთან). მასალაში ასევე საუბარია მოლაპარაკების მთავარ თემაზე - საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ სივრცეში, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

როგორც ცნობილია, 2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირმა უარი განუცხადა წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე და თბილისს დამატებით მოსთხოვა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, რომლის შესახებაც ევროკომისიამ მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა იმჯელოს.

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან მიმართულია საქართველოს პროევროპული კურსის განსამტკიცებლად, მიუხედავად იმისა, რომ მისი როგორც პრეზიდენტი უფლებამოსილება შეზღუდულია 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

საქართველოს მთავრობის სულ უფრო აშკარად შესამჩნევი პრორუსული ორიენტაციის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით უკრაინის ომის დროს გამოიკვეთა, ევროპელი ლიდერები სალომე ზურაბიშვილს მოკავშირედ მიიჩნევენ - მათ არ სურთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობისას საქართველო კრემლის გავლენის ქვეშ მოექცეს.

უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში მოსკოვისა და თბილისის ერთმანეთთან დაახლოების ნიშნები სულ უფრო მეტად იკვეთება, რაც ქვეყნის მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს - მოსახლეობისა, რომლის 80% პროევროპულად არის განწყობილი და რომელსაც დღემდე ახსოვს ის ტანჯვა, რაც ქვეყანას რუსეთმა მოუტანა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად. საქარტველოს ხელისუფლების პრორუსული გადახრები გამოხატულია იმით, რომ თბილისმა უარი განაცხადა მხარი დაეჭირა დასავლეთის ანტირუსული სანქციებისადმი და ეს ეროვნული ინტერესების დაცვით გაამართლა. სხვათა შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს წინააღმდეგობა დასავლეთის ზეწოლისადმი და განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად დააფასებს თბილისის ნაბიჯებს, კერძოდ, აღადგენს 2019 წელს შეწყვეტილ ავიამიმოსვლას. მართლაც, 10 მაისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ბრძანებულებებით ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღადგინა და საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის ტერიტორიაზე შესასვლელად უვიზო რეჟიმი შემოიღო.

პირდაპირი ავიაიმოსვლის აღდგენამ საქართველოში ანტირუსული საპროტესტო აქციები გამოიწვია. თვითონ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ისარგებლებს საქართველოს ავიაკომპანიის - Georgian Airways-ის მომსახურებით, რომელმაც მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას და რუსეთში ავიარეისების განხორციელება დაიწყო. 26 მაისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან არის გაკვირვებული ქართველების ასეთი რეაქციით: „მეგონა მადლობას იტყოდნენ, მაგრამ არა, ფრენების აღდგენის ირგვლივ თბილისში სრულიად გაუგებარი ხმაური ატეხეს“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

საქართველო კავკასიის პატარა სახელმწიფოა, 3,7 მილიონი მცხოვრებით, დიდი ხნის განმავლობაში იყო სხვებისთვის მისაბაძი ქვეყანა რეფორმების გატარებისა და სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. მაგრამ მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა, კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროპული პერსპექტივა სულ უფრო შორეული ხდება.

დიდი ხნის განმავლობაში პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაარსებული და რომელიც ქვეყანას „ჩრდილოვნად“ ხელმძღვანელობს, არაერთგვაროვან პოლიტიკას ატარებს - ერთი მხრივ, აცხადებს, რომ სურვილი აქვს ქვეყანა  ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარად პრორუსულ კურსს ატარებს. მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოფიციალური თბილისის განცხადებები თითქმის ყოველთვის კრემლის განცხადებებს ჰგავს.

ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ომის ერთ-ერთ მიზეზს უკრაინის ნატოში გაწევრიანების განზრახვა წარმოადგენდაო“, რამაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოტება გამოიწვია. მაგალითად, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როტმა, კერძოდ, სასწრაფო განმარტება მოითხოვა საქართველოს დამოკიდებულების შესახებ ევროკავშირთან და ნატოსთან, რომლის მთავრობა ოფიციალურად აცხადებს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილს.

წყარო: https://www.lemonde.fr/international/article/2023/05/31/la-presidente-de-la-georgie-a-bruxelles-pour-tenter-de-sauver-le-cap-europeen-de-son-pays_6175614_3210.html

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way