USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«Le Monde» (საფრანგეთი): „საქართველო: მიხეილ სააკაშვილის აბსურდული დევნა“ (სარედაქციო სტატია)
Date:  

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) დაბეჭდილია სარედაქციო სტატია სათაურით „საქართველო: მიხეილ სააკაშვილის აბსურდული დევნა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ევროპელებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი უნდა გაითავისონ და პრინციპულ საკითხად უნდა ჩათვალონ. იგი თავის ქვეყანაში უსაფუძვლო სამართლებრივ დევნას განიცდის, რუსეთის სასიამოვნოდ, რაც ქვეყნის მოსახლეობის  მნიშვნელოვანი ნაწილის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

რა სურს ამით საქართველოს? როგორი იმიჯი ექმნება ქვეყანას? ისეთი, როგორსაც საავადმყოფოს საწოლზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს? ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება.

მიხეილ სააკაშვილის ბედი (იგი თავის თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს) მცირედ თუ განსხვავდება რუსი ოპოზიციონერის - ალექსი ნავალნის ბედისაგან. ორივეს ღირსება შეუარცხყოფილია, ოროვეს მიმართ უსაფუძვლო სამართელებრივი დევნა ხდება.

რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის პიროვნების მიმართ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მან საქართველოში ისეთი რეფორმატორის ხსოვნა დატოვა, რომელიც მკაცრად იქცეოდა და ხშირად არღვევდა ადამიანის უფლებებს. გარდა ამისა, მან თავის იმიჯს ზიანი თვითონვე მიაყენა, როცა [საქართველოს მოქალაქეობა დატოვა] და პოლიტიკური საქმიანობა სხვა ქვეყანაში - უკრაინაში გააგრძელა, კერძოდ, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობის ტრაექტორიებმა მისი მკურნალობის საკითხი არ უნდა გადაფაროს. მან როგორც ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველად მომხდარი ფერადი რევოლუციის ორგანიზატორმა, რომელმაც ქვეყანა პროდასავლური კურსით წაიყვანა, თავისი მოქმედებით კრემლს უსიამოვნება მიაყენა, სწრაფად გახდა ვლადიმერ პუტინისათვის არასასურველი პიროვნება.

მოსკოვთან გაჩენილმა დაძაბულობამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება გამოიწვია, რომელიც თბილისის დამარცხებით დასრულდა. რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია მოახდინა. ამ ომის გაგრძელება იყო რუსეთის კონფლიქტი უკრაინასთან, რომელიც იმიტომ დაისაჯა, რომ რუსეთის ორბიტიდან დაშორება განიზრახა. მოლდოვა, რომელსაც ასევე აქვს სეპარატიზმის პრობლემები [რუსეთის ჩარევის შედეგად], ფიქრობს, რომ მასაც საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ხვედრი მოელის.

2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების დემოკრატიული, მშვიდობიანი ცვლა განახორციელა, თუმცა მან თავიდან ვერ აიცილა შურისძიება, რომლის პროვიცირება კრემლთან ახლოს მდგომმა ოლიგარქმა, მისმა დაუძინებელმა მტერმა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა, ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით, რომელიც, როგორც ცნობილია, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და ამჟამად ქვეყნის მთავრობას ხელმძღვანელობს.

ყოფილი პრეზიდენტი დღეს ამ დაპირისპირების მსხვერპლს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ერთი ცალკეული პიროვნების ჩარჩოებს გასცდა და საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პრობლემაც იქცა, რის შედეგადაც შეიძლება ეჭვქვეშ იქნას დაყენებული ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვა, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის დიდი ნაწილი.

უკრაინა დღეს ევროპული კურსისადმი ერთგულების მკაცრ გამოცდას აბარებს - კიევი რუსეთს წინააღმდეგობას უწევს, საქართველო კი პირიქით, ცდილობს ისე მოიქცეს, როგორც კრემლს სურს და ეს ხდება სწორედ იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლის აგრესიის გამოც საქართველომ თავისი ტერიტორიები დაკარგა. (...)

ევროპელებმა მიხეილ სააკაშვილის ბედს ყურადღება უნდა მიაქციონ. პროევროპულად განწყობილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსგავსი ვენდეტის ქვეშ მყოფი ჟურნალისტი ნიკა გვარამია შეიწყალა (თუმცა მართველი პარტია ამის წინააღმდეგი იყო). მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი სასწრაფოდ შეიწყალებს თავის წინამორბედსაც, რომელიც, უკრაინის მოთხოვნით, აუცილებლად ჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა.

წყარო: https://www.lemonde.fr/idees/article/2023/07/11/georgie-l-absurde-persecution-de-mikheil-saakachvili_6181437_3232.html

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way