USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«Le Point» (საფრანგეთი): „თუ უკრაინა დაეცემა...“ (ჰიპოთეტური სცენარი: რა მოხდება უკრაინის სავარაუდო კაპიტულაციის შემდეგ)
Date:  301

„2025 წლის ოქტომბერი. ზაპოროჟიესთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზის ყაზარმაში უკრაინისა და რუსეთის არმიების სარდლები შეკრებილან. იქვეა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც, რომელიც, დათრგუნული სახით, ხელს აწერს კაპიტულაციას  რუსეთის ჯარების მთავარსარდალთან. სამწლიანი ომით გაწამებულმა უკრაინამ გადაწყვიტა, რომ მისი არსებობა რუსეთთან კომპრომისზეა დამოკიდებული. სულ რაღაც ოთხი თვის წინ რუსეთის არმიამ შეტევა დაიწყო და გაარღვია უკრაინის გამაგრებული ზღუდეები როგორც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ისე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რამდენიმე კვირაში შტურმით აიღო ხარკოვი და ოდესა, უკრაინას ზღვაზე გასასვლელი გადაუკეტა და მრისხანედ სახით დადგა ევროკავშირის ზღურბლთან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზარ-ზეიმით განაცხადა „დასავლეთის მარცხი“ და „ნაციზმზე მეორედ გამარჯვება“. უკვე დაგეგმილია რუსეთის არმიის გამარჯვების აღლუმი მოსკოვში, წითელ მოედანზე...“, - ასე იწყება ფრანგულ ჟურნალ Le Point-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „თუ უკრაინა დაეცემა“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის ჰიპოთეტური დასასრულია გადმოცემული: კიევის სავარაუდო დამარცხება ევროპისთვის კოშმარი იქნება, რუსეთისათვის კი წინსვლის სტიმული.

პუბლიკაციის ავტორია პროფესორი ბრუნო ტეტრე, პარიზის სტრატეგიული კვლევების ფონდის დირექტორი. გთავაზობთ სტატიის დარჩენილი ნაწილის მოკლე შინაარსს:

უკრაინის არმიის კონტრშეტევის ჩაშლამ დასავლეთში სკეპტიციზმი მნიშვნელოვნად გააძლიერა, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მმართველმა პოლიტიკურმა ძალებმა ჩათვალეს, რომ უკრაინისადმი დახმარება უკვე რაიმე დადებით შედეგს ვეღარ გამოიღებს, შესაბამისად, სამხედრო და ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერა შესუსტდა. „ამასთან, რუსეთი, როგორც ჩანს, მზადაა მრავალწლიანი ომისათვის და უკრაინის ტერიტორიის სრულად დაპყრობისათვის. თუ სადმე მსოფლიოში არის ქვეყანა, რომელიც მთლიანად სამხედრო ეკონომიკაზეა გადასული, ამ სახელმწიფოს რუსეთი წარმოადგენს“.

რასაკვირველია, მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი კოშმარული იქნება არამარტო უკრაინისათვის, არამედ მთელი ევროპისათვის. პროგნოზი შეიძლება ასეთი იყოს:  არმიის კაპიტულაციისა და ტერიტორიის დიდი ფართობის დაკარგვის შემდეგ უკრაინა უკეთეს შემთხვევაში „ახალი ბელარუსი“ გახდება, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იქნება, უარეს შემთხვევაში კი - „დიდი დნესტრისპირეთი“ - ევროპის შუაგულში მდებარე შავი ხვრელი,  მოსკოვის გავლენის ქვეშ.

უკრაინის დამარცხება დიდი დარტყმა იქნებოდა ევროპული ერთიანობის პროექტისათვის, რომლის შედეგები მთელ მსოფლიოზე აისახებოდა. მაგალითად, ჩინეთი ყურადღებას მიაქცევდა დასავლეთის უსუსურობას და შეეცდებოდა ტაივანის პრობლემის გადაწყვეტას. მსოფლიო სხვა ქვეყნები, ბრაზილიიდან ინდოეტამდე და სამხრეთ აფრიკამდე, დაინახავდნენ, რომ დასავლეთის მარცხის ვარაუდები რეალიზდება და მათ აღეძვრებათ სურვილი მსოფლიოს ახალ ბატონების თანაზიარები გახდნენ. გარდა ამისა, ევროპა დაკარგავს შანსს რუსეთის ბედზე რაიმე გავლენა მოახდინოს“.

წყარო: https://www.lepoint.fr/monde/si-l-ukraine-tombait-06-01-2024-2549119_24.php

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way