USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Тбилиси
«Le Point» (საფრანგეთი): „პუტინი მოლაპარაკების დროს: რა იმალება რუსი ლიდერის სტრატეგიასა და ტაქტიკაში?“
дата:  848

ფრანგული ჟურნალი „ლე პუენი“ (Le Point) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი მოლაპარაკების დროს: რა იმალება რუსი ლიდერის სტრატეგიასა და ტაქტიკაში?“ (ავტორი - ჟერარ აგო, საფრანგეთის ექს-წარმომადგენელი გაეროში). „უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის საბოლოო მოლაპარაკების შედეგები შეიძლება ახლავე გამოვიცნოთ. რუსეთის პრეზიდენტის მხარეზეა ორი ფაქტორი: პირველი - მან კარგად იცის პოლიტიკური ვაჭრობა და მეორე - რუსეთის არმიას უპირატესობა აქვს ბრძოლის ველზე“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ამერიკულ შუამავლობასთან დაკავშირებით ზოგიერთ კომენტარს და დასკვნებს ვკითხულობ, თანდათანობით ვხვდები, რომ მათი ავტორები არ ითვალისწინებენ იმ რთული პროცესის სპეციფიკას, რასაც მოლაპარაკება წარმოადგენს.

მოლაპარაკების საგნისა და ფორმისაგან დამოუკიდებლად, ეს პროცესი დაფუძნებულია გარკვეულ წესებზე და პროცედურებზე, რომელიც მრავალი წლის ტრადიციითაა განმტკიცებული და, შეიძლება ითქვას, მუდმივად მეორდება. ეს არის ერთგვარი არაფორმალური რიტუალი, რომელიც იშვიათად თუ ირღვევა - იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილებით ვრწმუნდებით მის სარგებლობაში. 

როცა თქვენ საქმე გაქვთ ისეთ ადამიანთან, რომლის მიმართ ერთგვარ შიშს განიცდით, ამ დროს მთავარია მოლაპარაკების დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ, ისაუბრეთ დაკვირვებით, წინ უეცრად ნუ გაიჭრებით, ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ... მაგრამ ეს დარიგება იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თქვენ დონალდ ტრამპი გქვიათ: დარწმუნებული იყავით, რომ ვლადიმერ პუტინი კვალდაკვალ არ მოგყვებათ. რუსული დიპლომატია ნელია, დაყოვნებული, ფრთხილი და სისტემატური. მე პირადად გაეროს უშიშროების საბჭოში საკმაო ხანი ვიმუშავე და მერწმუნეთ, კარგად შევისწავლე რუსული მიდგომები მოლაპარაკების დროს.

პუტინი - იდეალური მომლაპარაკებელი?

ნებისმიერი მოლაპარაკება  იწყება მეტოქეზე დაკვირვების ეტაპით, როცა იგი მუდმივად იმეორებს და იმეორებს თავის ყველაზე ხისტ პოზიციებს, სანამ ნამდვილი ვაჭრობა დაიწყება.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: ნებისმიერ მოლაპარაკებას წინ უძღვის განცხადებები, რომლის დროსაც თითოეული მხარე ფიცს სდებს, რომ უკან არავითარ შემთხვევაში არ დაიხევს. ამ დროს უნებლიედ შეიძლება გაგახსენდეს გორილა, რომელიც მეტოქესთან ჭიდილის წინ ღმუის და მკერდზე მუშტებს იბაგუნებს შესაშინებლად და თუ დაშინების აქტი დამთრგუნველ შედეგს არ გამოიღებს, მაშინ პირდაპირ შეეტაკება. ამერიკულ პოლიტიკური ტრადიციაში ამ წინასწარმა ეტაპმა მიიღო შესაბამისი სახელი  chest banging ანუ „მკერდზე მუშტის ცემა“.

არადა, დიპლომატის ხელოვნება იმით გამოიხატება, რომ ამ რიტუალის შესრულების დროს „მოლაპარაკების კარი მთლიანად არ დახუროს“, ან, უფრო ზუსტად, გააღოს კარი ისეთნაირად, რომ შემდეგ მისი დაუყონებლივ მიჯახუნება შეეძლოს, თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თავდაპირველი დაუთმობლობა-ჯიუტობის გამოხატვა სავალდებულო რიტუალია და არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკება წინასწარ უკვე ჩაშლისთვისაა განწირული.

სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით რუსეთისა და უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით. შუამავალმა - აშშ-მა - მოსკოვს ის დათმობები წარუდგინა, რასაც მან კიევთან მიაღწია - ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტა, იმ იმედით, რომ ერთი თვის განმავლობაში მომზადდება ძირითადი მოლაპარაკება სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. ვლადიმერ პუტინმა ისეთი რეაგირება მოახდინა, თითქოს მან ტრადიციული რუსული დიპლომატიის სახელმძღვანელოს პუნქტებით ისარგებლა: მან სრულიად მოსალოდნელად - ჯიქურად არ უარყო ამერიკული წინადადება, უფრო მეტიც - მან ფრთხილად გამოხატა თავისი პრინციპული თანხმობა, მაგრამ ამ დროს შეაპარა თავისი პირობებიც, რომლებმაც არსებითად შეცვალეს პოტენციური გარიგება რუსეთის სასარგებლოდ.  ამრიგად, რუსმა ლიდერმა ორ მიზანს მიაღწია:  ერთი მხრივ, მას შეუძლია თავისი კეთილი ნება აჩვენოს თეთრ სახლს, სადაც ზის ხელისუფლების მოყვარული, მაგრამ იმავდროულად გრძნობიერი და არაპროგნოზირებადი ლიდერი, მეორე მხრივ კი, იგი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამოწმებს, თუ რა დონით დათანხმდება ის კრემლის მოთხოვნებს. ამ თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინს აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად დაუნდობლად და ცინიკურად ეპყრობოდა ბოლო დრომდე ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას.

„თქვენ საქმეს თქვენვე მიხედეთ, ხელებიც დამიბანია“

ამ პირობებში ნაადრევი იქნებოდა მტკიცება, რომ ვლადიმერ პუტინის ქცევა-მოქმედება  ნიშნავს უარს მოლაპარაკებაზე, რომ მისი მიზანია უკრაინის დამონება და რომ იგი სხვა არაფერზე არ დათანხმდება. შესაძლოა ეს ასეც არის, მაგრამ რუსეთის პასუხი იმდენად შეესაბამება მოლაპარაკების წაყვანის დახვეწილ ტაქტიკას, რომ მე პირადად ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი შეფასებების გაკეთებაში და ნაადრევ დასკვნებს არ გავაკეთებდი სატელეფონო საუბრების ამ რაუნდში, როცა მთავარი შეხვედრა ჯერ წინ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტი - ისევე, როგორც ყოველი მომლაპარაკებელი, რომელიც მის ადგილზე აღმოჩნდებოდა - ძალიან მაღლა აწევდა თამასას, რათა მოწინააღმდეგესთან ვაჭრობის დროს დამატებითი დათმობები მიიღოს. კაცმა რომ თქვას, ყოველი მოლაპარაკების მიზანი სწორედ ეს არის. მოითხოვს თუ არა იგი მეტს, რომ ნაკლებით დაკმაყოფილდეს, ან ცდილობს თუ არა იგი მისთვის არასასურველი სცენარის რეალიზებას, ამას უახლოესი კვირეები გვაჩვენებს.

რაც უფრო დრო გადის, მით მეტი იქნება დამოკიდებული შუამავალზე, რომლის ძირითად სისუსტეს ხელშეკრულების რაც შეიძლება სწრაფად დადების სურვილი წარმოადგენს. ნათქვამია, მოჩქარეს მოუგვიანდესო. და მაინც, გადაწყვეტს თუ არა ვაშინგტონი მოსკოვზე ხმის აწევას? მან კიევს ხელები უკვე გადაუგრიხა, მოსკოვი კი კერკეტი კაკალია. ამასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპს შეიძლება გული გაუტყდეს მშვიდობის მიღწევაში და ერთ-ერთს ან ორივეს დააბრალოს - „სიტუაცია ჩიხში შეგყავთ, მე ვერაფერს გიშველით, რაც გინდათ ის ჰქენით, მე ხელები დამიბანიაო“.

ძალა ძლიერებისა

ამ მომენტიდან დაწყებული აშკარა გახდება თვით მოლაპარაკების საფუძველი - ანუ მხარეთა ძალა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი იქნება უკრაინის მოთხოვნები და რაოდენ მამაცობას გამოიჩენს უკრაინელი ხალხი - კიეველი მომლაპარაკებლები ვერ შეძლებენ გარდატეხა შეიტანონ ძალთა რეალურ ბალანსში, რომელიც მოლაპარაკების მხარეთა უკან დგას. სწორედ უძლიერესი და არა უფრო მეტად დახელოვნებული მომლაპარაკებელი მოახვევს თავს საკუთარ წესებს მეორეს. მოლაპარაკების შედეგები 90%-ით განისაზღვრება იმ მხარის ძლიერებით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოწინააღმდეგე აიძულოს დათანხმდეს წაყენებულ პირობებს, ხოლო 10%-ით - მომლაპარაკებლის ტალანტით.

ბრენოსმა - კელტების ტომის ბელადმა, რომელმაც IV საუკუნის დასაწყისში რომი გაანადგურა - იცოდა ეს ყველაფერი, როცა თავის მახვილს სასწორზე დებდა ხოლმე და ხმამაღლა აცხადებდა - "vae victis!" – "ვაი დამარცხებულს!“ (ლეგენდის თანახმად, როცა რომაელები ოქროს დიდი ხნის განმავლობაში ზუსტად წონიდნენ ხარკის გადასახდელად, ბრენოსმა იძრო მახვილი და სასწორს დაარტყა - რას წონით ამდენ ხანს, რაც გაქვთ, მთლიანად მომეცითო). ამით მან ბოლო მოუღო რომაელთა დავას სასწორის სიზუსტეზე. დღეს დონალდ ტრამპი არამარტი იღებს ამ რეალობას, არამედ იგი თავის მიზნებშიც იყენებს - ყოველგვარი შეზღუდვისა და სინდისის ქენჯნის გარეშე. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მას შეუძლია იარგებლოს მომენტით და ძალის ბერკეტი იმ ქვეყნის მიმართ გამოიყენოს, რომლის ერთადერთ ნაკლოვანებას მისივე სისუსტე წარმოადგენს. რესპუბლიკელს ხომ სუსტები ეზიზღება და პატივს მხოლოდ ძლიერებს სცემს.

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати