USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
თბილისი
Le Piont - „ვლადიმერ პუტინს აქვს საუკეთესო უპირატესობა - მოთმინების უნარი“
თარიღი:  762

ფრანგულ ჟურნალ Le Piont-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ რუს პოლიტოლოგ ფედორ ლუკიანოვთან, სათაურით „ვლადიმერ პუტინს აქვს საუკეთესო უპირატესობა - მოთმინების უნარი“ (ესაუბრება ენ ნივა - Le Piont-ის სპეციალური კორესპონდენტი მოსკოვში).

ფედორ ლუკიანოვი არის ცნობილი რუსული ჟურნალის „როსსია ვ გლობალნოი პოლიტიკეს“ („რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“) მთავარი რედაქტორი. ინტერვიუში  იგი საუბრობს ვლადიმერ პუტინზე, დონალდ ტრამპზე, რუსეთ-უკრაინის კონფრონტაციის მიზეზებზე, ომის სავარაუდო შეწყვეტაზე, ევროპასთან დამოკიდებულებაზე...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ამჩნევთ თუ არა ვლადიმერ პუტინის პოზიციებისა და აზროვნების ცვლილებას დროის განმავლობაში? შესაძლოა მან თავისი დამოკიდებულების გამოხატვა შეცვალა?

- არა, მისი ლოგიკა უცვლელი რჩება. ვლადიმერ პუტინი 100%-ით არის დარწმუნებული თავისი მოქმედების აუცილებლობაში. იგი უკრაინის საკითხს ეგზისტენციალურად თვლის და დარწმუნებულია, რომ საკითხი უნდა გადაიჭრას. ბოლო დროს იგი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ ამის გაკეთება მისი მოვალეობაა, რადგან მომდევნო თაობა საკითხის მოგვარებას ვეღარ შეძლებს. მე არ შემიძლია მის თავში ჩახედვა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მან უეცრად თქვა - მოდით ყველაფერი სამხედრო ძალით გადავწყვიტოთ. მისი პოზიცია თანდათან მწიფდებოდა. კრიზისი 2014 წლამდე დაიწყო - რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა უკრაინასთან თანაცხოვრებისა და თანაარსებობის ფორმას, მაგრამ რადგანაც არაფერი არ გამოვიდა...

- ანუ ის, რაც მოხდა, რუსეთის პოლიტიკის ჩავარდნაა?

- არჩევანის გაკეთება სამხედრო მოქმედებების სასარგებლოდ - ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას კი არ ნიშნავს, არამედ წარუმატებელი პოლიტიკის შედეგს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მცდარი იყო. კიევს არ ესმოდა ან არ სურდა რეალური პოლიტიკის აღქმა. უკრაინის ხელისუფლება დამოკიდებული იყო (და არის) ელექტორალურ ციკლზე, ლიდერები დაკავებულები იყვნენ მოკლევადიანი საკითხებით, დღევანდელი მოვლენებით, გრძელვადიან პერსპექტივაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ჩვენთან, რუსეთში ხელისუფლება მკაცრად არ არის საარჩევნო ციკლის ჩარჩოებში მოქცეული, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოების აზრს ითვალისწინებს. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია - ეს საკვანძო მომენტს წარმოადგენს...

- იგი ერთადერთი არ არის, ვინც ასე ფიქრობს...

- მაგრამ დასავლელე ლიდერებიში ასეთები ცოტაა. ნატოს გაფართოებასთან, ევროპული უსაფრთხოების სისტემასთან და  და უკრაინასთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკა უცვლელი რჩება. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს, რომელზეც ვლადიმერ პუტინიც იყო მიწვეული, მან ჯორჯ ბუშს უთხრა, რომ თავი დაენებებინათ უკრაინისათვის. რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას აუხსნა, რომ უკრაინა ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოს წარმოადგენს. „თუ თქვენ უკრაინას ხელს ახლებთ, მაშინ ჩვენ პასუხს გაგცემთ“, - გააფრთხილა მან. უკეთესია ლიდერს საკუთარი საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუნდაც მცდარი აზრი, ვიდრე საერთოდ არქონა.

- რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს. თქვენი აზრით, ვლადიმერ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობის დამყარება?

- გავიხსენოთ კორეისა და ვიეტნამის ომები: მშვიდობა დამყარდა არა იმიტომ, რომ ბრძოლის ველზე სროლა შეწყვიტეს! ვიეტნამში საომარი მოქმედებები მოლაპარაკების დროსაც არ შეჩერებულა. იგივე იყო მანამდე კორეაშიც. იგივე ხდება უკრაინაშიც... პრობლემა ისაა, რომ დასავლეთმა სრულიად დაივიწყა, თუ რას ნიშნავს საბრძოლო მოქმედებები! თქვენ მიეჩვიეთ [სამშვიდობო] ოპერაციებს აფრიკის სახელმწიფოებში, ავღანეთში, ერაყში, მაგრამ არა შეიარაღებულ კონფლიქტებს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს შორის, რომლებიც აშშ-ის „სტრატეგიული გამოსვლით“ მთავრდებოდა. დამეთანხმეთ, რომ არ ღირს ისეთი კონფლიქტის დაწყება, სადაც უკანდახევა გაქვს დაგეგმილი. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს შედეგების მისაღწევად იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი მიღწევა ყოველთვის არ ხდება. რუსეთმა თავდაპირველ მიზნებს ჯერ ვერ მიაღწია, მოსკოვისათვის სასურველი შედეგები ჯერ არ დამდგარა.

- რას ფიქრობთ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებაზე?

- ჯო ბაიდენის ადმინისტრაცის დროს ჩვენ ნელა, მაგრამ განუხრელად მივდიოდით ნატოსთან კონფლიქტისაკენ. მაგრამ ამერიკელები მიხვდნენ: თუ რუსეთი მარცხის ზღურბლზე დადგება, მოსკოვი აუცილებლად გამოიყენებს ყველანაირ, მათ შორის ბირთვულ იარაღს. ახლა, როცა ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპი დაბრუნდა, დიალოგი სრულიად შეიცვალა. რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი 24 საათში შეაჩერებდა თითქმის 40-წლიან კონფლიქტს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა და სტივ უიტკოფმა ამ საკითხზე 4-საათნახევარი ისაუბრეს.

- ეს კარგის ნიშანია?

- ჩემი აზრით, ძალიან კარგია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დავუბრუნდით იმ დროის დიპლომატიას, როცა მეფეები, იმპერატორები, პრეზიდენტები - ანუ ქვეყნის მეთაურები საბოლოო ჯამში თვითონ წყვეტდნენ, როგორ მოეგვარებინათ სიტუაცია. მეორე - დასავლეთში არ სურთ იმის აღიარება, რომ ცივი ომის შემდგომ ათწლეულებში ყველა დიპლომატიური პროცესი, იუგოსლავიაში იქნებოდა თუ ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის კარნახით მიმდინარეობდა. საქმე წინასწარ ეხებოდა არა ორი სხვადასხვა თვალსაზრისის ერთმანეთთან დაახლოებას, არამედ საკითხების გადაწყვეტას ყოველთვის აშშ-ის პოზიციის სასარგებლოდ.  დღეს არც ამერიკელებმა და არც რუსებმა არ ვიცით, თუ რით დამთავრდება ყველაფერი. აქედან გამომდინარეობს შეხვედრების გამართვის აუცილებლობა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ითვლება, რომ საზღვრები ურღვევობის პრინციპი დაცული უნდა იყოს, მაგრამ სიტუაციას რეალურად შევხედოთ: ერთი მხრივ, ბოლო 35 წლის განმავლობაში ზოგიერთი საზღვარი შეიცვალა: საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია და ჩეხოსლოვაკია დაიშალნენ... 2014 წელს რუსეთმა ამ პრინციპიდან გადაუხვია... რა ხდება დღეს? ჩვენ ვხედავთ, რომ რასაც ისრაელი გოლანის მაღლობებზე აკეთებს, ეს ნორმად ითვლება. დონალდ ტრამპი გრენლანდიის მიერთებას აპირებს... მეორე მხრივ, მე-2- საუკუნემ სუვერენული სახელმწიფოების კულტი გააჩინა. დეკოლონიზაციის შემდეგ უამრავი ახალი სახელმწიფო გაჩნდა, მაგრამ ბევრს დამოუკიდებლად არსებობა არ შეეძლო, დაიწყეს ერთმანეთთან დავა... რას სთავაზობს დონალდ ტრამპი უკრაინას? გარიგებას მინერალური რესურსების თაობაზე, რაც, თავისი არსით, კოლონიურ სქემას წარმოადგენს. ასეთია მსოფლიო ტენდენცია...

- ამ თვალსაზრისით ტრამპისა და პუტინის ხედვები ერთმანეთის მსგავსია?

- ვფიქრობ, ისინი ერთმანეთს უგებენ და ასეთი ლიდერები სულ უფრო მრავლდებიან. გამონაკლისად რჩება ევროპა: დღევანდელი სიტუაციაში მას უჭირს გარემომცველ სამყაროსთან ადაპტაცია, სადაც ეროვნულ ინტერესებს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. (...) ეს იმიტომ ხდება, რომ ევროპა ერთი სახელმწიფო არ არის. უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ „ევროპა დროში გაიჭედა“.

- იყო მომენტი, რომ პუტინს ევროპასთან დაახლოება სურდა. რატომ გადაიფიქრა?

- იმიტომ, რომ მისი გეგმები ჩაიშალა. ვფიქრობ, პუტინზე უფრო მეტად პროდასავლური პრეზიდენტი არავინ არ იყო, განსაკუთრებით მისი მმართველობის პირველი სამი-ოთხი წლის  განმავლობაში. იმის შემდეგ, რაც მან რუსეთში წესრიგი დაამყარა და ოლიგარქებს თავისი ადგილი მიუჩინა, იგი ევროპითაც დაინტერესდა: ჩვენ გვაქვს რესურსები და გვყავს ადამიანები, თქვენ კი ტექნოლოგიები და ფული. მოდით, ვითანამშრომლოთ...

პუტინს იმ დროს საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა ჟაკ შირაკთან, გერჰარდ შრედერთან და სილვიო ბერლუსკონისთან. რუსეთი მზად იყო შესულიყო დასავლოცენტრისტულ სისტემაში, თუმცა თავისი ინტერესების გათვალისწინებით და თავისი პირობებით, რადგან რუსეთი არც პოლონეთი არ არის და არც ბალტიისპირეთი. ჩვენ არ უნდა ვდგარიყავით რიგში ევროკავშირში მიღებისთვის. კარგი იქნებოდა, რომ იმ დროს განსაკუთრებულ პირობებზე მოლაპარაკება გამართულიყო! მაგრამ დისკუსიები გაჭიანურდა და ბოლო სტადიამდე ვერ მივიდა - მიგვანიშნეს, რომ ჩვენ, რუსეთს, პროცედურები უნდა დაგვეცვა და რიგში უნდა ჩავმდგარიყავით. ანუ ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკურ არგუმენტს დასავლეთმა თავისი ბიუროკრატიული არგუმენტით უპასუხა...

- და ასე გაჩნდა იმედგაცრუება?

- ვფიქრობ, ეს მოხდა ერაყთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ, როცა პუტინმა მხარი დაუჭირა შირაკს და შრედერს, ანუ აშშ-ის პოზიციის წინააღმდეგ გამოვიდა. 2003 წელს, როცა ნათელი გახდა, რომ აშშ ერაყში შეიჭრება, რუსეთმა ასეთი პოზიცია დაიკავა: „თქვენ ძალიან უხეშ შეცდომას უშვებთ, მაგრამ ეს თქვენი პრობლემაა“. პუტინს არ სურდა ჯორჯ ბუშთან ურთიერთობის გაფუჭება, კრემლი არ აპირებდა თეთრი სახლის წინააღმდეგ ღიად გამოსვლას, მაგრამ რადგანაც გერმანიამაც და საფრანგეთმაც ვაშინგტონის მიმართ უთანხმოება გამოხატეს... ტალანტიურმა ჟაკ შირაკმა მოახერხა ვლადიმერ პუტინის დარწმუნება. თავის მხრივ, პუტინი, რომელმაც ევროპისადმი მხარდაჭერით ამერიკა გაანაწყენა, ვარაუდობდა, რომ მისი ჟესტი ევროპის მიერ დადებითად იქნებოდა შეფასებული და რუსეთთან დამოკიდებულებას შეიცვლიდა...

- ელოდებოდით თუ არა იმას, რომ ევროპა ესოდენ ხისტ პოზიციას გამოავლენდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ?

- ასეთს არა. კი, ჩვენი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ რეაქცია მკვეთრი იქნებოდა, მაგრამ მცირე ხნით... ამჯამად ვლადიმერ პუტინი მზად არ არის კომპრომისისათვის, მაგრამ იგი რეალისტია და იცის, რომ ყველაფრის ერთად მიღება შეუძლებელია. მას აქვს ყველაზე ძლიერი კოზირი - მოთმინება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ სადაც საომარი მოქმედებები შეჩერდება, იქ უნდა იყოს რუსეთის საზღვარი. იმის იქით ვლადიმერ პუტინი აღარ წავა.

- ევროპაში ასე ცოტა თუ ფიქრობს...

- ერთი მხრივ, დასავლური მასმედია წერს, რომ რუსეთი სუსტიაო, მეორე მხრივ კი - რუსეთი მიღწეულით არ დაკმაყოფილდება და წინ წაიწევსო, მაგრამ რუსეთს ასეთი განზრახვა არ აქვს. მით უმეტეს, რომ როგორც პუტინი ამბობს, სტრატეგიული სიტუაცია  კიდევ შეიცვლება. აშშ-ის დამოკიდებულების გაცივება ევროპის მიმართ ტრამპისგან არ დაწყებულა, ჩინეთი კი თავის პოზიციებს აძლიერებს, ამერიკას კონფრონტაციაში იწვევს... ასე რომ, ისტორია მხოლოდ უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ არ ბრუნავს.

წყარო: https://www.lepoint.fr/monde/vladimir-poutine-possede-le-meilleur-atout-la-patience-15-04-2025-2587332_24.php

 

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის