USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
«Le Figaro» (საფრანგეთი): „უკრაინა სამხედრო მარცხის წინაშე დგას“
дата:  291

ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) 22 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა სამხედრო მარცხის წინაშე დგას: რუსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არაჩვეულებრივად ამტანები არიან, საბჭოთა დიქტატურის წლებში გამოწრთობილები“ (ავტორი - იზაბელ ლასერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რა იქნება, თუ უკრაინა ომში დამარცხდება, რუსეთი კი გაიმარჯვებს? ამ კითხვას ჯერ კიდევ ადევს ტაბუ უკრაინელებსა და მათ დასავლელ მოკავშირეებს შორის, რადგან მას სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით უკრაინელებში - მათთვის, ვინც ასეთ კითხვას დასვამს. მაგრამ 21-თვიანი ბრძოლების შემდეგ, როცა კონტრშეტევა ჩაიფუშა, როცა ფრონტის ხაზი ფაქტიურად უცვლელი და გაყინულია, ზოგიერთები მსგავსი კითხვის დასმას უკვე ფრთხილად, მაგრამ მაინც იწყებენ. დიახ, ჯერ ღია კითხვების დრო არ დამდგარა, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა კიევიდან ცუდი ამბები მოდის, ქვეყნის წინაშე სულ უფრო მეტი პოლიტიკური და დიპლომატიური პრობლემები დგება.

რუსეთის პოტენციალის შეუფასებლობის შედეგი

პირველ რიგში ეს ეხება სამხედრო სფეროს, რომელშიც ჩიხური სიტუაცია უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე შემოდგომის წვიმები და ზამთრის პირის ყინვები დაიწყებოდა. ზოგიერთები ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში თვლიდნენ, რომ რუსეთის არმიის კრახი „დღეს თუ არა, ხვალ-ზეგ აუცილებლად მოხდებაო“, ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამჟამად ეს იმედი გამქრალია. „ევროპელებმა ობიექტურად ვერ შეაფასეს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები“, - ამბობს ალენა გეტმანჩუკი, კიევის ანალიტიკური ცენტრის „ახალი ევროპის დირექტორი. რუსებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი არაჩვეულებრივად ამტანები არიან, საბჭოთა დიქტატურის წლებში გამოწრთობილები, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის ტრადიციებზე გაზრდილები და მანამდე კი - რუსეთის იმპერიის, ცარიზმის პერიოდში.

რუსებმა ასევე აჩვენეს თავიანთი უნარი სამხედრო პირობებისადმი ადაპტირებაში, შეცვალეს რა თავიანთი ტაქტიკა მოწინააღმდეგის ტაქტიკის გათვალისწინებით: მაგალითად, რუსებმა „გაანადგურეს“ დასავლეთის მონოპოლია დრონების საკითხში. ამჟამად რუსეთი სულ-უფრო და უფრო მეტ საკუთარი წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს ამზადებს. რუსეთის სამხედრო მრეწველობა ომის პირობებს ემორჩილება - თუ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გამოთქმას გავიხსენებთ, „წარმოება სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი“, იარაღის ქარხნები და ფაბრიკები სადღეღამისო რეჟიმით მუშაობენ. ამ ყველაფერს კი უძღოდა რუსეთის მეგობარი ქვეყნების - ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარება.

რუსეთის ეკონომიკური კოლაფსი, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა სანქციების 12 პაკეტით, არ მომხდარა. მოსკოვმა მშვიდად აუარა გვერდი ემბარგოებს და აკრძალვებს თავისი მოკავშირეების დახმარებით. ის სოციალური უკმაყოფილება კი, რომლის გამოწვევას დასავლეთი ცდილობდა რუსეთის მოსახლეობაში - რუსული არმიის დიდი დანაკარგების პროპაგანდით, კრემლმა დროულად ჩააქრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისადმი მატერიალური და ფინანსური დახმარების გაწევით. გარდა ამისა, რუსული საზოგადოება ყოველდღიურად უსმენს და უყურებს კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მუსაობის შედეგს.

რაც შეეხება დიპლომატიურ იზოლაციას, არც რუსეთის „გარიყვა“ არ მომხდარა: მოსკოვს მხარი დაუჭირეს (ან კრემლისადმი თავიანთი პოზიტიური ნეიტრალიტეტი გამოავლინეს) „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებმა.

რუსეთის არმია განახლდა და მნიშვნელოვანი შევსება მიიღო ჯერ ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციით, შემდეგ სამხედრო კონტრაქტების ფართო გავრცელებით. საბოლოო ჯამში კი უკრაინის არმიის მთავარსადალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ მისი ჯარი ჩიხში აღმოჩნდა. მართლაცდა, სანამ უკრაინელები დასავლური იარაღის მორუგი ულუფის მიღებას უცდიდნენ, რუსები თავდაცვის ზღუდეებს აშენებდნენ და სიტუაციისადმი ადაპტირებას ახდენდნენ.

„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე: უკრაინისათვის ძალზე უდროო დროს

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოულოდნელად დაწყებულმა ომმა კიევის იმედები დაჩრდილა: სულ რაღაც რამდენიმე საათში უკრაინა მსოფლიო მასმედიიდან ისე გაქრა, თითქოს ვიღაცამ ჯადოსნური ჯოხი აიქნიაო. ყველას ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკონფლიქტმა მიიპყრო.

„ჩვენ ამჟამად  ისრაელთან კონკურენციაში ვართ ამერიკული საბრძოლო მასალების მიღების მხრივ. სამომავლოდ სიტუაცია უფრო გაუარესდება, როცა ამერიკულ თვითმფრინავებს „ფალკონებს“ (F-16-ებს) მივიღებთ. იმიტომ, რომ ასეთივე ავიაგამანადგურებლები აქვს ისრაელსაც და უკვე აშკარაა, ვის უფრო მეტად დაეხმარება იარაღით ამერიკა. პრინციპში, ამერიკა თავისი სამხედრო ბიუჯეტით oრივე ქვეყანას გაწვდება, მაგრამ ნატოს წევრებსაც დახმარება უნდათ. გარდა ამისა, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს“, - განმარტავს პავლე კლიმკინი, უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

რუსეთის ხელმძღვანელებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან და მოვლენებს აჩქარებენ: რამდენიმე კვირაა ქვეყნის ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად აკეთებენ ტრიუმფალისტურ განცხადებებს: „ვლადიმერ პუტინი ამჟამად ძალიან აქტიურია. მას სურს, რომ რუსეთის მოსახლეობამ ომის პოზიტიური შედეგები 2024 წლის მარტის არჩევნებამდე იხილოს. ამ თარიღამდე ომის დეესკალაცია არ მოხდება“, - გამაფრთხილებლად აღნიშნავს პავლე კლიმკინი. იმ დროს, როცა რუსეთის პრეზიდენტი აქტიურად გამოდის ანტიუკრაინული განცხადებებით, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ „კიევს კაპიტულაციის გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა თავის არსებობას შეწყვეტს“.

ევროპაში კრემლის მხარდამჭერებს რწმენა დაუბრუნდათ. ისინი გარკვეულ სარგებელს ხედავენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის უთანხმოებაში. ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაშიც ისევ დაიწყეს ლაპარაკი - „ახლა ომი მიდის. ერთი მხრივ. რუსეთისა და მეორე მხრივ - აშშ-ნატოს შორის, უკრაინა კი ამ ბრძოლაში მხოლოდ იარაღის როლს ასრულებს“. შეუძლებელია შეედავო იმ პროკრემლურ ანალიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ევგენი პროგოჟინის ამბოხებას რუსეთის ხელისუფლება არანაირად არ დაუსუსტებია.

რუსეთის ელიტა პუტინის ირგვლივ და დასავლეთის ახალი ხარჯები

რუსეთის ელიტა ვლადიმერ პუტინის ირგვლივ გაერთიანდა და შემჭიდროვდა. დღევანდელ პრეზიდენტს ხვალინდელი პრეზიდენტის გვირგვინი უკვე გარანტირებული აქვს - გაზაფხულზე ვლადიმერ პუტინს, დიდი ალბათობით, ახალი ვადით ისევ ქვეყნის მეთაურად აირჩევენ. „უკრაინის საკითხი ბრძოლის ველზე გადაწყდება. ცვენ მოლაპარაკებას არ დავიწყებთ. უკრაინას სამხედრო კრახი ელოდება, რომელიც მაისისთვის მოხდება“, - განაცხადა რუსული ელიტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. კრემლის მომხრეები ფსონს იმაზე დებენ, რომ უკრაინის არმიას მებრძოლები აღარ ჰყოფნის, ხოლო ევროპელები და ამერიკელები ომით „დაიღალნენ“. მათ კიდევ ერთი კოზირი აქვთ - ჯო ბაიდენის შესაძლო წასვლა თეთრი სახლიდან, მის ნაცვლად კი დონალდ ტრამპის მოსვლა. „დონალდ ტრამპი რთული პიროვნებაა, მაგრამ მასთან მოლაპარაკება შეიძლება“, - ამბობს ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსი.

რუსეთის ბირთვული პოტენციალის გამო დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინამ „პუტინის წითელ ხაზს“ (ყირიმს და დონბასს) არ უნდა გადააბიჯოს, თორემ ასეთმა მოქმედებამ შეიძლება „აფეთქება“ და ესკალაცია გამოიწვიოს. ამიტომაც დასავლეთი უკრაინას ეკონომიურად, ნელა და გაჭიანურებულად ეხმარებოდა. ასეთმა დახმარებამ კიევს შესაძლებლობა მისცა წინააღმდეგობა გაეწია კრემლისათვის 21 თვის განმავლობაში, მაგრამ ეს არასაკმარისია რუსეთზე გასამარჯვებლად. დღეს, როცა აშშ იძულებულია მატერიალური და ფინანსური სახსრები ახლო აღმოსავლეთისაკენ მიმართოს, ხოლო 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა შეიძლება კიევისადმი დახმარება „დამარხოს“, უკრაინის საკითხი ევროპელებს ისევ საფიქრალს უჩენს.

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკელებს ევროპელები ჩაანაცვლებენ?

ვერ ვიტყვით, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად აღებულ თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ, განსაკუთრებით ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში. მასზე თვით ახლო აღმოსავლეთის კრიზისმაც კი ვერ მოახდინა გავლენა - ბრიუსელი ამ მხრივ ურყევია. „უკრაინის დაცვა ჩვენთვის ისევ პრიორიტეტია, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი“, - ამბობს ერთ-ერთი ფრანგი ჩინოვნიკი, მაგრამ თუ სამხედრო სფეროს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია, პრაქტიკულად კი საქმე წინ ნელი ტემპით მიდის.

ევროკავშირი 2023 წლის დასაწყისში უკრაინას უცხადებდა, რომ 2024 წლის გაზაფხულამდე მილიონ ერთეულ საბრძოლო მასალას (ჭურვებს) მიაწვდიდა, მაგრამ ეს გეგმა ფქტიურად უკვე ჩაშლილია - დაპირება მხოლოდ 30%-მდეა შესრულებული, გაზაფხულამდე კი სამი თვე რჩება. ევროპის ეკონომიკის „სამხედრო რელსებზე გადასვლა“, რასაც მკაცრად  ამტკიცებდა ზოგიერთი ფრანგი  ლიდერი, არ განხორციელდა. „გეოპოლიტიკურად ერთიანი ევროპა“ და „სტრატეგიული ავტონომია აშშ-საგან“ მხოლოდ ლოზუნგებად დარჩა, რომლებიც პარიზს არ გასცილებია.

„პრობლემა ისაა, რომ ევროპელებს საკითხის გადაუდებლობის შეგრძნება არ აქვთ. დიდი ქვეყნები ამერიკული არჩევნების მოლოდინით ცხოვრობენ და იმედი აქვთ, რომ მანამდე უკრაინაში რაიმე სასწაული მოხდება. ყველას სჯერა, რომ გმირი უკრაინელები რუსებს წინააღმდეგობას კიდევ ერთი ან ორი წელი გაუწევენ დამატებითი დახმარების გარეშე, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე ბრძოლა“, - ამბობს ალენა ჰეტმანჩუკი. ევროპელებისაგან განსხვავებით, რომლებსაც პაციფისტური ხედვები აბრკოლებთ, განსაკუთრებით „ცივი ომის“ შემდეგ, ფრონტის ხაზზე მდგარი უკრაინა ფიქრობ გეგმა „ბ“-ის შესახებაც - იმ შემთხვევისათვის, თუ გამარჯვება ძალიან შორს იქნება. „ნატოში გაწევრიანება მე-5 მუხლის გარეშე მეტ-ნაკლებბად შესაძლებლობას მოგვცემს ოკუპირებული ტერიტორიები დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ. ჩვენ არამარტო ამბიციურები უნდა ვიყოთ, არამედ რეალისტურებიც. ჩვენ აღარ გვაქვს 100%-იანი გამარჯვების სცენარი, მაგრამ არ ვიცით - აქვს თუ არა დასავლეთს რაიმე სტრატეგია უკრაინის მიმართ? - ასეთი კითხვა აქვს ერთ-უკრაინელ მაღალჩინოსანს. მას ეჭვი ეპარება, რომ ნატოს 2024 წლის ივლისის სამიტზე ვაშინგტონში რაიმე რადიკალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კიევის სასარგებლოდ.

მაგრამ ისიც ცხადია, რომ ომში უკრაინის სავარაუდო დამარცხებას დასავლეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება: კვლავდღის წესრიგში დადგება კრემლის პროექტი ყოფილი საბჭოთა იმპერიის აღდგენის მიზნით, რაც დასავლეთის ბანაკს დაასუსტებს და მის ფასეულობებს შებღალავს. ავტოკრატი ვლადიმერ პუტინი, თავის ჩინელ კოლეგასთან - კომუნისტ სი ძინპინთან ერთად, დასავლეთს აქტიურად შეუტევს. „თუ აშშ უარს იტყვის უკრაინისადმი დახმარებაზე, ჩინეთი იმავწუთს ამოქმედდება და მის სიმტკიცეს შეამოწმებს, [ვთქვათ, ტაივანის საკითხში]. და თუ ევროპა ხელებს ჩამოუშვებს, რუსეთიც ამოქმედდება, რაც ევროკავშირის სიკვდილს მოსწავებს“, - აღნიშნავს ერთ-ერთი ფრანგი ჩინოვნიკი.

როდის გამოიღვიძებს ევროპა?

ევროპელთა გამოღვიძებისათვის ცოტა დრო რჩება. ჯო ბიდენის ადმინისტრაციას სულ უფრო აღიზიანებს ევროპელთა ნელი და დაყოვნებული ტემპი, მათი „არასერიოზული“ მიდგომა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება რუსეთისათვის მირთმეული ტორტი იქნება: „ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ ცივი ომის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართ ყოველთვის იმედი გვქონდა, მისი იარაღის რეზერვების გამოყენების თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ეს იმედი ამოიწურა. ჩვენ მოგვიწევს კონტინენტის რეინდუსტრიალიზაციის განხორციელება“, - გვაფრთხილებს ერთ-ერთი წყარო საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ომის გაგრზელების შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს ამტანობისა და გამძლების გამოვლენა მოუწევთ.

რუსეთის არმიის სარდლობამ უკვე გამოაცხადა, რომ 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, 70%-ით გაიზრდება. „იმ ფულით, რომელიც კრემლს აქვს, რუსეთის არმია კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იომებს“, - ასეთია უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პავლე კლიმკინის თვალსაზრისი.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/l-ukraine-face-au-spectre-de-la-defaite-militaire-20231120

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати