USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
«Le Figaro» (საფრანგეთი): „სომხეთი რუსეთს შორდება: დღეს ერევანში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო“
Date:  383

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სომხეთი რუსეთს შორდება: დღეს ერევანში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო“ (ავტორი - რეჟი ჟანტე).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

სომხეთი, რომელიც თავისი ტრადიციული მოკავშირის - რუსეთის - მხარდაჭერას ვეღარ გრძნობს აზერბაიჯანის [აგრესიულ ქმედების] შესაჩერებლად, პირს ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ იბრუნებს.

სომხეთისაგან ასეთი ნაბიჯი თითქმის გაუგონარია: ბოლო დღეებში მთავრობამ მიიღო  რამდენიმე (ხუთამდე) გადაწყვეტილება, რომელიც მიიანიშნებს ერევნის დისტანცირებაზე მოსკოვისაგან. დღეს სომხეთში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. არადა ოფიციალურად, ხელშეკრულებების საფუძველზე, სომხეთისათვის რუსეთი „სტრატეგიულ პარტნიორად“ და მისი დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტორ სახელმწიფოდ ითვლება 1991 წლიდან. მაგრამ ეერევნის ამჟამინდელი განცხადებები იმდენად ხისტი და მკაცრია, რომ ბევრ სამხრეთკავკასიელ დამკვირვებლებს კითხვები ებადებათ: ხომ არ კარგავს რუსეთი ერთ-ერთ თავის ყველაზე ახლო მოკავშირეს პოსტსაბჭოთა სივრცეში? მით უმეტეს, რომ რუსი პროპაგანდისტები უკვე გაჰყვირიან სომხეთის „ღალატზე“...

მივყვეთ ქრონოლოგიას:

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 4-დან 10 სექტემბრამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა: 1) იტალიური გაზეთ La Repubblica-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევნის დამოკიდებულება მოსკოვზე „სტრატეგიული შეცდომა“ იყო; 2) უკან გაიწვია სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში („ოდკბ“-ში), რომელშიც რუსეთი დომინირებს; 3) დათანხმდა სამხედრო წრთვნებში მონაწილეობას აშშ-სთან ერთად, რომელზეც ადრე უარს ამბობდა ხოლმე; 4) პირველად გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას და 5) პრემიერ-მინისტრის ცოლი ანა აკოფიანი სკანდალურ ისტორიაში გაეხვია, როცა კიევში ჩავიდა „პირველი ლედების“ სამიტზე და ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს შეხვდა.

რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილებები წინა პერიოდში მზადდებოდა, მაგრამ მათი ოფიციალური გამოცხადება გასულ კვირაში მოხდა. პარალელურად მიკოლ ფაშინიანმა გააკეთა განცხადებაც, რომ „აზერბაიჯანი თავისი ჯარის კონცენტრაციას სომხეთის საზღვართან და მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზთან ახდენსო“.  გამოდის, რომ სომხეთი მარტოდმარტო რჩება იმ დროს, როცა აზერბაიჯანთან შეიძლება სამხედრო კონფლიქტი განახლდეს...

დრამატული სიტუაცია

ერევანმა რუსეთი უმოქმედობაში დაადანაშაულა, თუმცა მოსკოვმა, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დასრულდა, 2020 წლის ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელი შეიყვანა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობითა და ძალისხმევით. „ერევანმა, უბრალოდ, თავისი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება გადაწყვეტა და მხარდაჭერისთვის დასავლეთს მიმართა და არამარტო მას - მაგალითად, ინდოეთსაც, რომლისგანაც ჩვენ იარაღს ვყიდულობთ“, - განმარტავს ტიგრან გრიგორიანი, ერევანში არსებული დემოკრატიისა და უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი. შესაბამისად, სომხეთის ხელმძღვანელობა, რომელიც  ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად, დასავლეთს სიგნალებს უგზავნის და ევრო-ამერიკულ ბანაკში გადასასვლელად ემზადება. ერევნის მოქმედებას რუსი პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები, რბილად თუ ვიტყვით, ნეგატიურად აფასებენ.

ტიგრან გრიგორიანის თქმით, „ორიენტაციის შეცვლის ასეთი სქემა აუცილებლობა გახდა რუსეთის უმოქმედობისა და დუმილის გამო, როცა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიას ემუქრება, კლავს სომხებს და  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას ახდენს“. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც სომხეთს და მთიან ყარაბაღს (სომხებით დასახლებული აზერბაიჯანის რეგიონს) ერთმანეთთან აკავშირებს.

ბლოკადაში მთიანი ყარაბაღის 120 ათასამდე მცხოვრები აღმოჩნდა, რომლებიც სურსათ-სანოვაგის, მედიკამენტებისა და პირველი მოხმარების საგნების დეფიციტს უჩივიან. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღელ სომხებს შეუძლიათ რუსული და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება აგდამის გზით (ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით) მიიღონ, მაგრამ სომხები ლაჩინის დერეფნის განბლოკვას ითხოვენ, როგორც ეს 2020 წლის ნოემბრის შეთანხმებაშია ჩაწერილი.

ასეთი დრამატული სიტუაცია იმიტომ განვითარდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს რუსეთის სისუსტით სარგებლობს (მოსკოვი ახლა უმთავრესად უკრაინის ომით არის დაკავებული) და სურს ის დათმობები გააუქმოს, რომლებსაც იგი 2020 წლის ნოემბერში დათანხმდა, კერძოდ, დაპირება, რომ მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე ჯარს არ შეიყვანს. ამჟამად აზერბაიჯანს, „უსაფრთხოების ზონაში“ მდებარე შვიდი რაიონის გარდა, რომელთა ოკუპაცია სომხეთმა 1990-იან წლებში განახორციელა, საკუთრივ ყარაბაღის სეპარატისტული პროვინციის მხოლოდ რამდენიმე პუნქტი აქვს დაკავებული.

აზერბაიჯანთან ომში დამარცხებული სომხეთი დათანხმდა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის იურისდიქციაში დაბრუნებულიყო. ამ საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებეი ბრიუსელის ეგიდით, პერმანენტულად გრძელდება. ნიკოლ ფაშინიანი ითხოვს გარანტიებს მთიანი ყარაბაღის სომხებისათვის, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები უნდა გახდნენ. „სამწუხაროდ, ილჰამ ალიევი ამ გარანტიებს არ იძლევა. ამ კონტექსტში ყარაბაღელებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ: ან შიმშილით დაიხოცნონ, ან გაიქცნენ. ვშიშობ, რომ 2024 თებერვლისათვის ერთ-ერთი ვარიანტი რეალიზებული იქნება, თუ დასავლეთიდან არავინ არ ცაერევა“, - ამბობს ბენიამინ პოღოსიანი, სომხეთის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/l-armenie-s-eloigne-de-la-russie-20230910

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way