USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
«Le Figaro» (საფრანგეთი): „რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“
თარიღი:  662

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) ბეჭდავს სტატიას სათაურით „რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ (ავტორი - ამორი კუტანსე-პერვენკერი), რომელშიც განხილულია ორი ერთმანეთის მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობები, მათი აღჭურვილობა და მიზნები.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მოსკოვში მოლაპარაკების დროს ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც „ახალი ერის“ მაუწყებელია პეკინ-მოსკოვის ურთიერთობებში, თუმცა სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. „ახალი ერა“ იწყება იმ დროს, როცა ჩინეთსა და რუსეთს შორის, ტექნოლოგიური და სამხედრო თვალსაზრისით, ბალანსი და წონასწორობა დარღვეულია, თანაც ჩინეთის სასარგებლოდ.

ისტორიულად კრემლი ჩინეთზე უფრო ძლიერი იყო - ყოველ შემთხვევაში, სამხედრო სფეროში მაინც, მაგრამ ბოლო წლებში პეკინმა, განავითარა რა კოლოსალური ფინანსების წყალობით თავისი თავდაცვითი მრეწველობა, სწრაფად დაეწია „მოწინავეს“ და, შეიძლება ითქვას, გაასწრო კიდეც. მარტის დასაწყისში ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვითი ბიუჯეტი 7,3%-ით ფართოვდება. „სამხედრო ასიგნებათა ზრდა განპირობებულია პეკინის პოლიტიკური ამბიციებით - ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია (APL - Armée populaire de libération - ფრანგული აბრევიატურით) ღრმა მოდერნიზაციის პროცესში იმყოფება, თუმცა ჯერ-ჯერობით მოწიფული ასაკისთვის არ მიუღწევია“, - ამბობს მარკ ჟიულენი, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IFRI) მეცნიერ-თანამშრომელი.

მართალია, რუსეთისა და ჩინეთის არმიების ერთობლივი მანევრების დროს რაიმე პოლიტიკური ინციდენტები არ ხდება, მაგრამ იგრძნობა, რომ პეკინის თავდაჯერებულობა სამხედრო სფეროში ისეთ დონეს აღწევს, რომ გარდაუვლად დაიწყება რუსული პარტნიორის დაჩრდილვა.

2016 წლიდან ჩინეთის არმიაში დიდი გრძელვადიანი რეფორმა დაიწყო, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: სამეთაურო შემადგენლობის შემცირებას და კომპარტიის პოლიტიკური კონტროლის გაძლიერებას, პარალელურად კი უამრავი ფული ხმარდება არმიის სამხედრო აღჭურვილობის გაუმჯობესებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. „უპირველესად ეს ეხება სამხედრო-საზღვაო ფლოტს და სამხედრო-საჰაერო ძალებს“, - აზუსტებს მარკ ჟულიენი „ლე ფიგაროსთან“ საუბრისას. ამას წინათ ადმირალმა პიერ ვანდემ, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ ყოველ ოთხ წელიწადში ჩინეთის ფლოტი იმდენი ახალი გემით ივსება, რომელიც რაოდენობით საფრანგეთის მთლიან ფლოტს უდრის. მისი თქმით, „2030 წლისათვის, აშშ-სთან შედარებით, ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მთლიანი ტონაჟი 2,5-ჯერ მეტი იქნება“. გარდა ამისა, მოდერნიზება ჩინეთს საშუალებას მისცემს შეწყვიტოს სამხედრო პროდუქციის იმპორტი და თვითონ აწარმოოს, თავის ქარხნებში, ეროვნული იარაღი, თანამედროვე უახლეს  ჩინურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.

ტრადიციული პარტნიორი სუსტდება?

რუსეთ-ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობა, 1960-იან წლებში შეწყვეტილი, თანდათან აღდგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. „მართალია, დიპლომატიური უთანხმოება არსებობდა, მაგრამ სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა ძალიან ინტენსიური გახდა. უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი ფართოდ სარგებლობდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საკუთარი თავდაცვის კომპლექსის ინტერესების გათვალისწინებით“, - ამბობს მარკ ჟულიენი, - მაგრამ მოსკოვში მალე შენიშნეს, რომ ჩინეთი „ეშმაკობდა“ - ყიდულობდა რუსულ ტექნიკას ვითომდა შესწავლის მიზნით, შემდეგ კი მას გარკვეულწილად აუმჯობესებდა. მაგალითად, ჩინური ავიაგამანადგურებელი J-11 ბევრად ჰგავს რუსულ „სუ-27“-ს. ამიტომ, გასაგები მიზეზების გამო, სამხედრო თანამშრომლობის ტემპი შენელდა.

რუსეთ-ჩინეთის არმიების „ცივი ომი“ 2014 წელს დასრულდა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. „რუსეთს სანქციები გამოუცხადეს, ამიტომ ვლადიმერ პუტინმა ჩინეთისათვის იარაღის მიწოდების სფეროში მოთხოვნები შეარბილა. ასე, მაგალითად, პეკინმა უპრობლემოდ შეიძინა საზენიტო-რაკეტული კომპლექსი С-400. მაგრამ აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მოსკოვი პეკინს სამხედრო ტექნოლოგიებში თანდათან ჩამოუვარდება. „შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი, ოდესღაც „უფროსი პარტნიორი“, ახლა „უმცროსი პარტნიორის“ რანგში გადადის“, - ამბობს ლეო პერია-პენე, ფრანგი სამხედრო ექსპერტი უსაფრთხოების სფეროში.

ორიოდე წლის წინ ჩინეთი რუსეთზე იყო დამოკიდებული თავისი საბრძოლო თვითმფრინავებისათვის რეაქტიული ძრავების იმპორტის საკითხში, მაგრამ ახლა J-11 ავიაგამანადგურებელი, რომელსაც ტაივანზე შეჭრის შემთხვევაში „ჩაკეტილი საჰაერო ზონის“ უზრუნველყოფა ევალება, „სუფთა“ ჩინური წარმოების ძრავებით დაფრინავს. პეკინის მიერ სამხედრო-ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისი ამბიციების მატებაზე ე.წ. „ჩინური ზღვების“ აკვატორიაში.

განსხვავება რუსულ და ჩინურ სამხედრო რეფორმებში

რა თქმა უნდა, რეალობა კრემლისათვის საკმაოდ სამწუხაროა: რუსეთის არმიამ, თავისი  61 მილიარდიანი ბიუჯეტით და 700 ათასიანი სამხედრო პერსონალითმ საეჭვოა, რომ კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის არმიას, რომელიც ორ მილიონ სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, ბიუჯეტი კი 225 მილიარდი დოლარი აქვს. რუსეთის არმიისათვის, რომელშიც 2008 წლიდან რეფორმა განხორციელდა, პრიორიტეტული იყო მოდერნიზება და ახალი ტექნიკით აღჭურვა, განსაკუთრებით ეს შეეხო უკრაინის იმდროინდელ ტერიტორიაზე - ყირიმში განლაგებულ ბაზებს. ჩინეთმა კი მთლიანად განაახლა თავისი საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები, ტაივანის ირგვლივ შექმნილი კონფრონტაციის გათვალისწინებით. „რუსეთის არმიის რეფორმის გატარების დროს შეცდომები იქნა დაშვებული. ვერ აღმოიფხვრა სამხედრო მომზადების სისტემური განსხვავება სხვადასხვა ჯარის სახეობებში. დაბალ დონეზე დგას სამხედრო მოსამსახურეების სწავლება და წრთვნა“, - ამბობს ლეო პერია-პენე, - „ჩინეთის არმია კი ჰომოგენიზაციას (ერთგვაროვან მომზადებას) დიდ ყურადღებას უთმობს“.

„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის არმია ამჟამად, 21-ე საუკუნეში, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება, ჩინეთის არმია კი ძალას იკრებს, ვითარდება, ამცირებს პირად შემადგენლობას და მათ უახლესი „ინტელექტუალური“ სამხედრო ტექნიკით ანაცვლებს... თუმცა სრულყოფისათვის ჩინელ სამხედროებს სწავლა მაინც ჭირდებათ, რაშიც დახმარების გაწევა, გასაგები მიზეზების გამო, ამჟამად მხოლოდ რუსეთს შეუძლია. მაგალითად, ეს ეხება ჩინელი მეზღვაურების მომზადებას. მართალია, 2008 წელს ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ინდოეთის ოკეანეში მეკობრეების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში მონაწილეობდა, მაგრამ ეს გამოცდილება ცოტაა ისეთ ძალასთან კონკურენციაში, როგორსაც აშშ-ის ფლოტი წარმოადგენს“, - ამბობს მარკ ჟულიენი.

„თანამედროვე სამხედრო ტექნიკის ეფექტურობა განისაზღვრება  მათი უნარითა და გამოცდილებით, რომლებიც მის გამოყენებას აპირებენ. გასაგებია, თუ როგორი გამოცდილება ექნებათ ჩინელ ჯარისკაცებს, რომლებსაც 1979 წლიდან, ვიეტნამთან სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, არავის წინააღმდეგ არ უბრძოლიათ“, - ხაზს უსვამს ლეო პერია-პენე. ამას ადასტურებენ ფრანგულ სამხედრო წრეებშიც: „ჩინელები ბევრ ფულს ხარჯავენ სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად, რომლის ეფექტურობა რეალურ სიტუაციაში დამტკიცებული არ არის. იმიტომ, რომ ჩინეთის არმიას ბრძოლის გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ფაქტიურად, ახალი იარაღი განკუთვნილია იმ ჯარისკაცებისათვის, რომლებსაც არ უომიათ და არ იციან, ნამდვილ ბრძოლაში მას როგორ გამოიყენებენ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ტექნიკას ისეთი ეფექტი არ ჰქონდეს, როგორიც ჩაფიქრებული იყო“.

სხვათა შორის, რუსეთის არმიის მიერ უკრაინასთან ომში განცდილმა სირთულეებმა პეკინში ეჭვები გააჩინა: „ჩინელები, ისევე როგორც სხვა ექსპერტები, გაკვირვებულები დარჩნენ იმ სიძნელეებით, რომლებმაც თავი იჩინეს რუსეთის არმიაში. პეკინი ფიქრობს, თუ რამდენად წარმატებული იქნება ტაივანზე შეჭრა და მისი გაკონტროლება“, - ამბობს ლეო პერია=-პენე.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ომი ტაივანს მშვიდი ძილისა და ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ჩინეთის არმიის ძლიერება სრულყოფილებას არ მიაღწევს.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/l-armee-chinoise-a-t-elle-depasse-l-armee-russe-20230322

 

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის