USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«Le Figaro» (საფრანგეთი): „დასავლეთი უკრაინის ომთან მიმართებით „ჩიხურ სიტუაციაში“ მოექცა“
Date:  

„ჯერ კიდევ გასულ 2023 წელს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ომში უკრაინა გაიმარჯვებდა, ახლა კი, წლევანდელ ფორუმზე მათ თავიანთ რწმენაში ეჭვი შეეპარათ და იქითკენ იხრებიან, რომ სამწუხაროდ, შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დასავლეთი უკრაინის ომთან მიმართებით „ჩიხურ სიტუაციაში“ მოექცა“ (ავტორი - პიერ ავრილი), ამიტომაც მიუნჰენის ამჟამინდელი კონფერენციამ გაურკვევლობისა და  მღელვარების ფონზე ჩაიარა“, მით უმეტეს, რომ სწორედ ფორუმის დროს გავრცელდა სამწუხარო ინფორმაციები რუსეთის არმიის წარმატებაზე ქალაქ ავდეევკის აღების შესახებ, ალექსი ნავალნის სიკვდილისა და უკრინის დახმარების დაბლოკვა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ.

„კონფერენციის მონაწილეები მართლაც ძალიან შეშფოთებულები გამოიყურებოდნენ მსოფლიოში და უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე შექმნილი სიტუაციის გამო. სადარდებელი მათ მართლაც ჰქონდათ: უკრაინის არმიამ, შარშანდელი კონტრშეტევის ჩაშლას, წლევანდელი კიდევ ერთი წარუმატებელი ფაქტი დაუმატა - ავდეევკიდან უკან დაიხია და ამრიგად, ქალაქი რუსებს ჩაუვარდათ ხელში, მოკვდა ალექსი ნავალნი - ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე, რომელიც რუსულმა თემიდამ გაასამართლა და არქტიკულ ზონაში მდებარე შორეულ კოლონიაში გაგზავნა მკაცრი სასჯელის მოსახდელად. ამას დაემატა ამერიკელი კანონმდებლების, უმეტესად კი რესპუბლიკელ კონგრესმენთა უარი უკრაინისათვის დახმარების გაწევაზე... არადა, ამერიკის დახმარება უკრაინის არმიას ჰაერივით ესაჭიროება. მოკლედ, დასავლურ ბანაკს უმწეობის შეგრძება გაუჩნდა“, - ნათქვამია სტატიაში.

საბოლოოდ, მართალია, კონფერენცია დასრულდა დაპირებებით, რომ დასავლეთი უკრაინისადმი დახმარება გააგრძელებს, თუმცა მსგავსი დაპირებები მუდმივად უკვე ორი წელია ისმის. ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები გრძნობენ, რომ უკრაინის პერსპექტივა ეჭვქვეშ დადგა. „სამწუხაროდ, დღეს საფრთხეები უფრო ღრმა და მკაფიოდ შესამჩნევია. შარშანდელი გადაჭარბებული ოპტიმისტური იმედები ბურუსიანი გაურკვევლობებით შეიცვალა. ჩვენ ჩიხში ვართ შესულები“, - ამბობს დენ სმიტი, მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის (შვედეთი) ინსტიტუტის დირექტორი. „გასულ წელს ჩვენ გვეგონა, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა. ახლა კი იმის ნიშნებია, რომ რუსეთი გაიმარჯვებს“, - აცხადებს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის, ამას ცოტა წინათ სწორედ ნორვეგიის სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს მოხსენება, რომლის თანახმად, კრემლისჯარები უკრაინის არმიასთან ბრძოლაში თავის უპირატესობას იბრუნებენ.

ვლადიმერ ზელენსკიმ, როგორც ყოველთვის, იარაღის უკმარისობაზე დაიჩივლა და აღნიშნა, რომ რუსეთს მართლაც უპირატესობა აქვს და ეს ხელს უწყობს მოსკოვს ინტენსიური ომისადმი ადაპტირების საქმეში. მართალია, უკრაინის პრეზიდენტმა კონფერენციის ჩარჩოებში ხელი მოაწერა უასაფრთხოების შეთანხმებებს თავის გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი თვლის, რომ ეს ძალიან მცირეა და უკვე შეიძლება დაგვიანებულიც. „შარშან უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა უკრაინისათვის, ომის დაწყებისთანავე... ჩვენ კი თავს ვარიდებდით ქმედით დახმარებას“, - განაცხადა კონფერენციაზე გამოსვლისას დანიის პრემიერ-მინისტრმა.

აშკარად ჩანდა, რომ დანიელი ლიდერის კრიტიკა ირიბად გერმანიის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან ბერლინმა თავდაპირველად ომიდან განზე დგომა არჩია და ხშირად გაუბედავად მოქმედებდა, მაგრამ დღეს სხვანაირი სიტუაციაა: გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა წაიტრაბახა კიდეც - „ჩვენ, აშშ-ის შემდეგ უკრაინას ყველაზე მეტ დახმარებას ვუწევთო“. თუმცა კანცლერმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე - გადასცემს თუ არა გერმანია უკრაინას „ტაურუსის“ სისტემის შორსმოქმედ ფრთოსან რაკეტას, რომელიც ერთგვარ „სასწაულმოქმედ იარაღად“ არის შერაცხული. სხვათა შორის, გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის ავიაციის გადაცემაზეც და კიევში ბუნდესვერის ინსტრუქტორების გაგზავნაზეც.

როგორც კვლევები აჩვენებენ, ევროკავშირს მხოლოდ იმის ნახევარი აქვს გაკეთებული, რაც ივალდებულა და, ალბათ, ასევე მთლიანად არ შეასრულებს იმას, რასაც უკრაინას პირდება. ევროპის ქვეყნები ყველაზე უუნარონი აღმოჩნდნენ საბრძოლო მასალების (ძირითადად, ჭურვების) მიწოდებაში და ამ პრობლემის როგორმე მოგვარების მიზნით ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ევროკომისიაში შექმნილია ახალი თანამდებობა - „ევროპული თავდაცვის კომისარი“.

ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საკმაოდ ეჭვის თვალით შეხედა ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საყრდენად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წარმოადგენს, „ამიტომ რაიმე დუბლირება და ან კონკურენცია ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ევროკავშირის ქვეყნების დაცვაში ნატოს მეტოქე არ ჭირდება“. მან კონფერენციის მონაწილეებს გაახსენა, რომ ნატოს ბიუჯეტის 80%-ს ის ქვეყნები იხდიან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან (გენმდივანს მხედველობაში ჰყავდა აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი).

დიახ, ნატოს დაფინანსების მთავარ წყაროს ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს , მაგრამ ის ფაქტი, რომ შეიძლება ვაშინგტონის მხარდაჭერის გარანტიები შესუსტდეს, დასავლური ბანაკის ქვეყნებში პანიკას იწვევს. „მე ძალიან კარგად მესმის თქვენი იმედგაცრუება, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ ამერიკას სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც ავს და მათი მოგვარება აუცილებელია“, - განაცხადა უკრაინელების გასაგონად ამერიკელმა სენატორმა პიტ რიკეტსმა, - „სანამ თქვენ საკუთარ მიწას იცავთ და რუს დამპყრობელ ჯარისკაცებს ებრძვით, მანამ ჩვენს მიწაზე ასობით ათასი მიგრანტი ცდილობს გადმოსვლას და საზღვრების დარღვევას. ჩვენ ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას, რისთვისაც აუცილებელია საზღვრების გამაგრება“.

„ცეცხლს ნავთი დაასხა“ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებმაც ნატოს ზოგიერთი წევრების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ფაქტიურად, ევროპელები ორ ბანაკად გაიყვნენ: ერთი მხრივ, აშშ-სთან კეთილი ურთიერთოების მსურველებად, რომლებსაც ვაშინგტონის დახმარება ჭირდებათ, მეორე მხრივ - პანიკიორებად. „ჩვენ დონალდ ტრამპის განცხადებას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ... რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ნატოს ბიუჯეტში გადახდისა და საკუთარი თავდაცვისათვის შესაბამისი თანხის გამოყოფის საკითხებში იგი მართალია“, - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/les-occidentaux-face-a-l-impasse-de-la-guerre-en-ukraine-20240218

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way