USD 2.5994
EUR 2.9066
RUB 3.1011
Tbilisi
«Le Figaro» (საფრანგეთი): „ამერიკულ-რუსული ვაჭრობა-გარიგება მხოლოდ იწყება, წინ ბევრი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი“
Date:  778

„რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის გაჭიანურების მიზეზთა ძიებაში ყურადღება უნდა მიექცეს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მიმდინარეობას, რომლებიც პერსპექტივასთან არის დაკავშირებული. ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ პრეზიდენტებს შორის სატელეფონო ზარები, მათი სპეციალური წარმომადგენლების აქეთ-იქით სიარული და საუდის არაბეთის ქალაქებში გამართული შეხვედრა-მოლაპარაკებები სასურველ ეფექტს და შედეგებს არ იძლევა, მაგრამ სამომავლო იმედს ნამდვილად აქვს საფუძველი“ - წერს ფრანგული გაზეთ „ფიგარო“ (Le Figaro) სტატიაში, რომლის სათაურია „ამერიკულ-რუსული ვაჭრობა-გარიგება მხოლოდ იწყება, წინ ბევრი საინტერესო მოვლენაა მოსალოდნელი“ (ავტორი - რენო ჟირარი, ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპს ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინთან ერთი სატელეფონო ზარის შედეგად ომი დაუყონებლივ შეწყდებოდა. მისი შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანია თითქმის მთლიანად რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფ დასრულებაზე იყო აგებული - „აი, ნახავთ, მე ომს 24 საათში დავასრულებ... მე პუტინს კარგად ვიცნობ...“ და ა.შ. დონალდ ტრამპი ოცნებობს ნობელის მშვიდობის პრემია მიიღოს, თანაც დამსახურებულად, თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამასაგან განსხვავებით, რომელმაც პრემიის მიღება მშვიდობის დამყარებით ვერ დაადასტურა.

დიახ, დონალდ ტრამპს სურს, მაგრამ ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, არ არის მზად თავის ამერიკელ კოლეგას ასეთი საჩუქარი გაუკეთოს. იგი გრძნობს, რომ ომის გასაგრძელებლად ძალები შესწევს: მისი არმია წინ მიდის, უკრაინის სიღრმეში; კურსკის ოლქის ოკუპირებული ნაწილი უკვე გათავისუფლებულია (ანუ კიევს ხელში კოზირი აღარ აქვს) - შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი არ ჩქარობს დათანხმდეს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტაზე და მოლაპარაკების დაწყებაზე. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ ერთი ან ორი თვის შემდეგ მისი სამხედრო პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდება და გაძლიერდება.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს ვერ შეედავები მშვიდობის დამყარების სურვილში - მას ნამდვილად უნდა, რომ სლავ „ძმებს“ - რუსებსა და უკრაინელებს - შორის უაზრო სისხლისღვრა დასრულდეს, რომელიც უკვე მეოთხე წელია გრძელდება. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ასევე მართალია იმ მხრივაც, რომ იგი უკრაინის იმედებს დონბასისა და ყირიმის დაბრუნების თაობაზე ილუზიურად და არარეალისტურად თვლის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მან დღემდე ვერ შეძლო იმის ახსნა-განმარტება, თუ რა ზომებს მიიღებს რუსეთის შესაკავებლად კრემლის ახალი აგრესიის შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ. უკრაინის დემილიტარიზაციაზე ვლადიმერ პუტინის პრეტენზიებს და მოთხოვნებს თეთრი სახლი მკაცრი რეაქციით არ პასუხობს, დონალდ ტრამპი საეჭვო დუმილს ინარჩუნებს, რაც მისი რუსი კოლეგის მადას უფრო აფართოებს. ამერიკის პრეზიდენტი თავის მრისხანებას მხოლოდ სუსტი უკრაინის ლიდერის - ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ იჩენს, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი დამცინავად ეკიდება და აბუჩად იგდებს თავის ევროპელ მოკავშირეებს. თუ დონალდ ტრამპი და ჯეიმს ვენსი ფიქრობენ, რომ ამით ვლადიმერ პუტინს გულს მოულბობენ და ის, თავის მხრივ, მათ საჩუქრად „მშვიდობას“ მიუძღვნის, ორივე ძალიან სცდება.

გავლენის სფეროების პოლიტიკა

ბრიუსელში 4 აპრილს, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „რამდენიმე კვირის  და არა თვის განმავლობაში“ გახდება ნათელი - სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან მშვიდობის დამყარება.

უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გაჭიანურება - ეს იმ დიდი „ხის ნაწილია, რომლის უკან რუსეთ-აშშ-ის მასშტაბურ გარიგება-ვაჭრობების მთელი ტყე იმალება“. ყველაფერი მხოლოდ იწყება, წინ ბევრი მოვლენა გველოდება. 

უარყო რა ის ნეოლიბერალური მულტილატერალიზმის წესრიგი, რომელსაც აშშ 1945 წლიდან ახორციელებდა, დონალდ ტრამპი ღიად უბრუნდება გავლენის სფეროების პოლიტიკის გატარებას, რომელსაც მხარს უჭერდნენ პრეზიდენტები თეოდორ რუზველტი და უილიამ მაკ-კინლი (სხვათა შორის, საიუნაგურაციო სიტყვაში დონალდ ტრამპმა მხოლოდ ისინი მოიხსენია და სხვა არცერთი თავისი წინამორბედი), მაგრამ ევროპელმა და აზიელმა მოკავშირეებმა XIX საუკუნის დიპლომატიისაკენ აშშ-ის დაბრუნებას მხარი არ დაუჭირეს.

რაც შეეხება პანამას, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ასევე მე-19 საუკუნის დროინდელი დოქტრინის აღორძინებას - პრეზიდენტ ჯეიმს მონროს მიერ გატარებულ პოლიტიკას („ამერიკა ამერიკელებისათვის“). ამერიკის კონტინენტზე სხვა კონტინენტების წარმომადგენლების (ევროპელების, აზიელების, აფრიკელების) ადგილი აღარ არის - არც ჩრდილოეთში და არც სამხრეთში. არანორმალურია, რომ ჩინეთმა პანამის არხის ზონაში დამკვიდრება მოახერხა. კარგია, რომ პეკინი პანამიდან უკვე მიდის: მარტის დასაწყისში ამერიკულმა ფონდმა BlackRock-მა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიისგან - Hutchinson-ისგან არხის ორი საკვანძო სანავსადგურო კონცესია  შეიძინა.

როცა დონალდ ტრამპი მეზობელ კანადას „ხუმრობით“ აშშ-ის 51-ე შტატს უწოდებს, ამაშიც იგივე გავლენის სფეროების იდეოლოგია არის გამოკვეთილი.

პრაგმატული პრეზიდენტი

დონალდ ტრამპის თვალსაზრისით, არაფერი არანორმალური და ცუდი არ არის იმაში, რომ რუსეთი უკრაინის დაბრუნებას ცდილობს - იმ ტერიტორიისა, რომელიც ჯერ მოსკოვის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა (1654 წელს პერეიასლავლის ხელშეკრულების გაფორმების დროიდან), შემდეგ კი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ბოლოს კი, 2014 წლის მაიდნამდე, კვლავ მოსკოვის გავლენის მქონე ტერიტორიად რჩებოდა. რა თქმა უნდა, ამერიკაც ცდილობს თავისი გავლენის სფეროების შენარჩუნებასა და ახლების მოპოვებას. აქედან გამომდინარეობს კონგრესში 2025 წლის 4 მარტს დონალდ ტრამპის გამოსვლის დროს გაჟღერებული სურვილი დანიის კუთვნილი კუნძულის - გრენლანდიის დაუფლების შესახებ, რაც, ობიექტურად თუ ვიტყვით, გაეროს წესდებას ეწინააღმდეგება.

რუსეთ-აშშ-ის დიდი გარიგება სამომავლოდ უსათოოდ შეეხება არქტიკასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან „ჩრდილოეთის საზღვაო გზას“, რომელიც ატლანტის, ჩრდილოეთ ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს ერთმანეთთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს. ამჟამად „ჩრდილოეთის საზღვაო გზის“ უდიდეს ნაწილს რუსეთი აკონტროლებს როგორც ატომური წყალქვეშა ნავებით, ასევე ატომური ყინულმჭრელებით, შედარებით მოკლე მონაკვეთით კი კანადა სარგებლობს.

დონალდ ტრამპისათვის აშშ-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება გულისხმობს ამერიკული კომპანიების დაშვებას რუსულ ტერიტორიაზე - ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, უკიდურეს ჩრდილოეთში, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოკვლეული და სადაც, გეოლოგთა შეფასებით, პლანეტის უდიდესი სიმდიდრე იმალება - ოქრო, იშვიათმიწა ლითონები, ენერგომატარებლები და სხვა სასარგებლო წიაღისეული. გარდა ამისა, ამერიკის პრაგმატული პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთთან გარიგების საფუძველზე ამერიკული პროდუქციისათვის უდიდესი ბაზრის კარი გაიღება.

აშშ-ის პრეზიდენტის სწრაფვა კრემლთან ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ ეფუძნება აგრეთვე დონალდ ტრამპის პიროვნულ პოზიციას - ომის მიუღებლობას. საინაგურაციო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ იგი შეწყვეტს ყველა ომს და ახალს არ დაიწყებს. ტრამპისათვის ყოველთვის საძულველი იყო ომი და იგი არ იზიარებდა ნეოკონსერვატორების იდეოლოგიას, რომლებიც თავიანთ წარმოდგენებს დემოკრატიის მიმართ მშვიდობაზე უფრო მაღლა აყენებდნენ. დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა თანაპარტიელ ჯორჯ ბუშ-უმცროსის გადაწყვეტილებას ერაყში შეჭრაზე (2003 წლის მარტში), რომელიც ახლო აღმოსავლეთის მთლიან „დემოკრატიზაციას“ ითვალისწინებდა.

მოუტანს რუსეთ-აშშ-ის დიდი სამომავლო გარიგებები მსოფლიოს სტაბილურობას თუ პირიქით - ახალ ქაოსს შექმნის? ჯერ სიტუაცია არაერთგვაროვნად გამოიყურება და ამიტომ რაიმეს მტკიცედ თქმა ნაადრევია. საგარეო პოლიტიკა არამარტო გაზრახვების გაცხადებით ფასდება, არამედ პრაქტიკული საქმეებით და რეალური შედეგებით.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way