„დასავლეთის სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, რომლის წინააღმდეგ პროევროპულად განწყობილი ქართველები, უმეტესად ახალგაზრდები გამოდიან. რუსეთი კი პოლიტიკური მარიონეტების მეშვეობით ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას საბოტაჟს უწყობს, სურს საქართველო კრემლის ორბიტაზე დააბრუნოს და თავის მოკავშირედ გადააქციოს“, - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სათაურით „საქართველო: რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალი არენა“ (ავტორი - იზაბელ ლასერი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
საქართველოში უკრაინის მაიდნის მსგავსი სიტუაცია მეორდება: ქვეყნის მოსახლეობა, ერთი მხრივ, ევროკავშირისა და დემოკრატიული პროგრესის მომხრეა, მეორე მხრივ - რუსეთის მოწინააღმდეგეს გამოდის და გმობს ხელისუფლების „პრომოსკოვურ გადახრებს“, რომელიც რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტის მიღებაში გამოიხატება - სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (თავდაპირველად დოკუმენტს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ერქვა).
ამ დროს კი დასავლეთი, რომელიც თვალს ადევნებს საზოგადოების საპროტესტო აქციებს და ხელისუფლების რეპრესიებს, ფრთხილად მოქმედებს და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში გადამწყვეტ ჩარევას, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას თავს არიდებს. პოლიციასა და პროევროპულად განწყობილ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირი კი მხოლოდ „შეშფოთებას გამოხატავს“ აღნიშნული კანონპროექტის მიღების გამო და ოფიციალურ თბილისს, აშშ-ის მსგავსად, სანქციების შემოღებით არ ემუქრება.
როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, ევროკავშირის აქტიურ კრიტიკულ მოქმედებას საქართველოს მიმართ ხელს უშლის რამდენიმე მიზეზი:
ა) უნგრეთის [და სლოვაკეთის] პრემიერ-მინისტრების ვიქტორ ორბანისა [და რობერტ ფიცოს] პოზიცია, რომლებიც ბრიუსელის განზრახვებს ბლოკავენ;
ბ) ევროპარლამენტის მოახლოებული არჩევნები, რომელშიც, სავარაუდოდ, მემარჯვენე ნაციონალისტურად განწყობილი პოლიტიკური ძალები წარმატებას მიაღწევენ;
გ) საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში;
დ) შიში იმისა, რომ თუ ევროკავშირი ჩაერევა, რუსეთმა შეიძლება საქართველოში დამატებითი ჯარი შეიყვანოს (ამჟამად რუსეთს ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და მისი სამხედრო ბაზა თბილისიდან 45 კილომეტრშია დისლოცირებული).
კრემლს სურს საქართველო თავის ორბიტაზე მოკავშირის სახით დაიბრუნოს და ამ მიზნით ადგილობრივ მარიონეტებს იყენებს.
ამჟამად ქვეყნის სამომავლო ბედი გაურკვეველია: საქართველოს ან მაიდანი და შემდგომ ევროპეიზაცია ელოდება, ან იძულებითი რუსიფიკაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ. თეორიულად ევროპას ხელში ბევრი ინსტრუმენტი აქვს, რომ საქართველოს რუსიფიცირების სცენარი თავიდან აიცილოს, მაგალითად, გააუქმოს გამარტივებული „უვიზო რეჟიმი“ (ანუ ვიზის მიღების პროცედურა გაართულოს). მაგრამ ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება სასურველი შედეგები არ მოიტანოს: ბრიუსელის მხრიდან განხორციელებული მსგავსი საბოტაჟი მომგებიანი იქნება მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისა“ და მისი დამაარსებლისათვის - ქვეყნის ჩრდილოვანი ლიდერის ბიძინა ივანიშვილისათვის. თავის დროზე მან მოახერხა ხალხის დარწმუნება იმაში, რომ საქართველო თითქოსდა ევროკავშირთან დაახლოებას ესწრაფვის, მაგრამ სინამდვილეში ასეთი კურსის გაგრძელება არ სურს - იმიტომ, რომ ხელისუფლებას მოუწევს რეფორმების გატარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
წყარო: https://www.lefigaro.fr/international/la-georgie-nouveau-terrain-d-affrontement-entre-la-russie-et-les-occidentaux-20240514