USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Le Figaro» : „როგორ შეიკრა ხელები ევროკავშირმა ბაქოს გაზით“
дата:  488

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ შეიკრა ხელები ევროკავშირმა ბაქოს გაზით“ (ავტორი - კლარა გალტიე), რომელშიც მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული მოვლენებია განხილული: რატომაა ჩუმად ევროკავშირი? როგორც ირკვევა, საქმე აზერბაიჯანულ ნავთობსა და გაზშია. ევროპა, რომელიც ადრე რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული და მასზე უარი განაცხადა, ახლა აზერბაიჯანულ გაზზე აღმოჩნდა დამოკიდებული, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აზერბაიჯანი ევროკავშირისათვის ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი ალტერნატიულ მიმწოდებელს წარმოადგენს. ბოლო დროს ევროკავშირი ისე ესწრაფვის რუსულ საწვავზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევას, რომ კასპიის გაზის გამო სომხეთის ინტერესები და ყარაბაღელი სომხების ბედი უგულვებელყო.

„ევროკავშირმა ვერაფერი უკეთესი გზა ვერ გამონახა და საბოლოოდ მოწყალება  აზერბაიჯანს სთხოვა“ - ასე შეიძლება განვაზოგადოთ ევროკავშირის მოქმედება სამხრეთ კავკასიაში“, - ამბობს ნერსეს კოპალიანი, აშშ-ის ლას-ვეგასის (ნევადა) უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი, რომელიც აღშფოთებით იხსენებს ევროკავშირსა და კავკასიაში სომხეთის მუდმივ მოწინააღმდეგეს - აზერბაიჯანს შორის დადებულ შეთანხმებას გაზის გაორმაგებული მიწოდების თაობაზე. უფრო ადრე კი 65-მა ფრანგმა კანონმდებელმა ბრიუსელს სთხოვა, რომ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონოდა იმ ქვეყანასთან, რომელიც მთიან ყარაბაღში განხორციელებულ „ეთნიკურ წმენდაში“ იყო დადანაშაულებული.

სამწუხაროდ, არაფერმა არ გაჭრა. აზერბაიჯანი დაუსჯელად აგრძელებდა ანტისომხურ კურსს, 2022 წლის ივლისში კი ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში ვიზიტით ყოფნის დროს ღიმილით პოზიორობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, ოღონდაც როგორმე მიზნისთვის მიეღწია - 2027 წლისათვის ევროკავშირში კასპიის გაზის ექსპორტი რომ გაზრდილიყო. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ბაქომ ევროკავშირს 12 მლრდ. კუბმეტრი გაზი მიაწოდა, რაც თითქმის 30%-ით მეტია წინა 2021 წელთან შედარებით. ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ილჰამ ალიევს შორის დადებული შეთანხმებით კი მიწოდებული გაზის მოცულობამ 5 წლის შემდეგ 20 მლრდ. კუბმეტრამდე უნდა მოიმატოს. როგორც ვხედავთ, ევროკავშირი აზერბაიჯანის ძირითადი კლიენტი ხდება.

ევროკავშირი სომეხ ხალხს არ ეხმარება

სომხეთის მხარდამჭერებს არ შეუძლიათ შერიგება ასეთი სიტუაციის მიმართ. ზოგიერთი დამკვირვებელი ევროკავშირს ადანაშაულებს იმაში, რომ ბრიუსელი ყურადღებას არ აქცევს სომხეთის ინტერესებს და სომეხ ხალხს არ ეხმარება, აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებს არ გმობს. პოლიტიკოსები მსჯელობენ იმ კარტ-ბლანშზე, რომელიც ევროკავშირმა ბაქოს მისცა: „ურსულა ფონ დერ ლაიენი ისე შორს წავიდა, რომ აზერბაიჯანი საიმედო პარტნიორად შერაცხა“, - აღშფოთებას ვერ მალავს სენატორი პიერ უზულიასი, - ეს არის სიგნალი ილჰამ ალიევისათვის, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს. ბაქო დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი მის წინააღმდეგ არ გამოვა. ეს ევროპის კაპიტულაციას ნიშნავს“.

გარდა ამისა, ყველასათვის ცნობილია, რომ ბაქო ნავთობიდან მიღებული მილიარდიანი შემოსავლებით დიდი რაოდენობით იარაღს ყიდულობს. ენერგოშემცველების ექსპორტი აზერბაიჯანის ეკონომიკის ძირითად მკვებავ წყაროს წარმოადგენს. მასზე დღეს დიდი მოთხოვნაა ევროკავშირში, რომელიც აზერბაიჯანს მუდმივად აკრიტიკებდა არასაკმარისი დემოკრატიულობის გამო.

ევროკავშირის ინტერესი ბაქოს გაზის მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, როცა ბრიუსელმა რუსეთის დასჯა გადაწყვიტა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო და გაზის იმპორტი ნაწილობრივ შეამცირა. იმ დროისთვის ევროკავშირის მოთხოვნილება გაზზე 40%-ით ციმბირული გაზით კმაყოფილდებოდა. ცხადია, ბრიუსელი აცნობიერებდა რუსული ენერგომონოპოლიზმის საფრთხეს და ალტერნატიულ წყაროებს, დივერსიფიცირების გზებს ეძებდა... და ამ დროს ევროპულ ჰორიზონტზე აზერბაიჯანის აჩრდილი  გამოჩნდა.

ბაქოს გაზი ევროპაში

2020 წელს კასპიის ფსკერიდან ამოღებული გაზის პირველი კუბმეტრები ევროპისკენ გაიგზავნა იმ მილსადენით, რომელიც აზერბაიჯანში იწყება, შემდეგ საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიას გაივლის (სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლიის მილსადენით), გადაკვეთს ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ადრიატიკის ზღვას და აპენინის ნახევარკუნძულამდე (იტალიამდე) მიდის. ეს პროექტი ბრიუსელის მნიშვნელოვანი ძალისხმევით განხორციელდა.

გასულ წელს „ევროკავშირის ქვეყნებმა, რუსული გაზის შეწყევეტის გამო, სასწრაფოთ დაიწყეს ახალი მიმწოდებლის ძებნა, - იხსენებს ფრენსის პერონი, პარიზში არსებული  საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IRIS) ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, - ზოგიერთ ქვეყანას დიდი მარაგი არ აქვს, ზოგიერთებს მოწოდების საშუალება არ გააჩნიათ, ზოგი კი მაინცდამაინც დიდ სურვილს არ ამჟღავნებს. საჭირო იყო ისეთი ქვეყნის პოვნა, რომელსაც გაზი აქვს, შეუძლია მილსადენით მოწოდება და ექსპორტის სურვილსაც გამოხატავს. და ევროკავშირმა ასეთი ქვეყანა იპოვა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, რუსეთთან პრობლემები რომ არ გაჩენილიყო, ევროპა გაზს აზერბაიჯანს არ სთხოვდა. მეორე მხრივ, გაზის დეფიციტის გამო ევროკავშირი იძულებული გახდა თავი შეეკავებინა ჩვეული კრიტიკისაგან ბაქოს მიმართ (როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმის მიერ გატარებული პოლიტიკა ევროპულ ფასეულობებს არ შეესაბამება). „და მაინც, მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანს უფრო ჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირს - აზერბაიჯანი. ბაქოსათვის ევროპა ენერგოშემცველების გაყიდვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს“, - ამბობს ფრენსის პერონი.

წყარო: https://www.lefigaro.fr/international/comment-l-union-europeenne-s-est-lie-les-mains-avec-le-gaz-de-bakou-20230922

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати