USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Tbilisi
«Le Parisien» (საფრანგეთი): „ომი უკრაინაში: რატომ ჩაიშალა კიევის კონტრშეტევა“
Date:  361

უკრაინის ჯარებს ძალ-ღონე ელევათ, კონტრშეტევა სულს ღაფავს და ამას ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოესი მრჩევლებიც აცნობიერებენ“, - აღნიშნულია ფრანგულ გაზეთ „ლე პარიზიენში“ (Le Parisien) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ომი უკრაინაში: რატომ ჩაიშალა კიევის კონტრშეტევა“ (ავტორი - ფელიქს დ’ორსო). და მაინც, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ასეთ სიტუაციაშიც კი, სამშვიდობო მოლაპარაკებაზე საუბარი არ სურს და ოცნებობს იმ იარაღზე, როგორიც ჩინელებისთვის დენთი იყო. მას უნდა, რომ რუსეთის არმიის მიმართ მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდეს.

უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან ხუთ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ წარმატება მაინცდამაინც თვალსაჩინო არ არის - კიევის არმიის მიერ დაკავებულ-გათავისუფლებული სოფლების ჩამოთვლა ხელის თითებზე შეიძლება. უკრაინის ხელისუფლებას აქვს შეშფოთების მიზეზი: ამჟამად მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი, დნეპრის ნაპირებზე და დონბასში მიმდინარე ომმა კი უკანა პლანზე გადაიწია. უკრაინის ჯარებმა ნახევარი წლის ბრძოლებში წინ მხოლოდ 17 კილომეტრით წაიწიეს. უფრო მეტიც - რუსეთის ჯარები თვითონაც გადავიდნენ შეტევაზე და ამჟამად დიდი ბრძოლები ქალაქ ავდეევკასთან მიმდინარეობს.

„უკრაინის არმია დაიქანცა, ჯარსკაცები უკანასკნელი ძალებით იბრძვიან“, - ამას პრეზიდენტის უახლოესი მრჩეველბიც აღიარებენ. ზოგიერთი მეთაური არ ემორჩილება შეტევაზე გადასვლის ბრძანებას, ისინი სანგრებში დარჩენასა და ფრონტის ხაზის შენარჩუნებას ამჯობინებენ.

არაოფიციალური მონაცემებით, უკრაინამ ბრძოლის ველზე 70-დან 100 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა. კონტრშეტევა არმიისათვის დიდ მსხვერპლთან არის დაკავშირებული, ამაში საეჭვო არაფერია. ამიტომაც ჯარი სამხედრო მოსამსახურეების მწვავე ნაკლებობას განიცდის. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ გასაწვევი ასაკის გადიდების გამო უკრაინელი ჯარისკაცის საშუალო ასაკმა დღეისათვის 43 წელს მიაღწია. დანაკარგების დიდი რაოდენობა ნეგატიურ გავლენას ახდენს უკრაინის მოსახლეობის მორალურ მდგომარეობაზე. ამას წინათ ომში დაღუპულების ოჯახებმა პრეზიდენტის ოფისის წინ საპროტესტო აქცია მოაწყეს.

რუსეთის ცოცხალი ძალის რესურსები სამჯერ აღემატება უკრაინის რესურსებს. კრემლმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომ ისიც, თავის მხრივ, დანებებას და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით, ფრანგი გენერალი ჟან-პოლ პალომარესი იხსენებს რუსეთის დიდი ბრძოლების ისტორიას: „არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვლადიმერ პუტინმა შეძლო რუსული საზოგადოებისთვის შთაეგონებინა - „უკრაინის ომი აუცილებელია რუსეთის გადარჩენისათვის“.

უკრაინელებზე ნეგატიური გავლენა მოახდინა იმ ფაქტმაც, რომ კიევისთვის დასავლეთის მიერ გადაცემულმა ტანკებმა „ფეხები დაიმტვრიეს“ რუსების მიერ აღმართულ „დრაკონის კბილებზე“ და თავდაცვით ზღუდეებზე, როლებიც უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთს ეგონა.

ჩვეულებრივად, სანამ კონტრშეტევას დაიწყებს, შემტევი მხარე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ძალთა თანაფარდობა დაახლოებით ერთ სამზეა მის სასარგებლოდ. მაგრამ უკრაინელები ილუზიებში იყვნენ და ეგონათ, რომ მაღალტექნოლოგიური დასავლური იარაღი მათ საშუალებას მისცემდა ბალანსის პრინციპითვის ყურადღება არ მიექციათ“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი ჟერომ პელისტრანდი.

„როგორც ჩანს, ჩვენმა დასავლელმა სამხედრო სპეციალისტებმა ვერ გათვალეს რუსეთის მრეწველობის პოტენციალი და ის, რომ რუსული იარაღის ქარხნები მუშაობას სანქციების პირობებშიც გააგრძელებდნენ“, - აცხადებს გენერალი ჟან-პოლ პალომარესი.

„ამ ჩიხიდან გამოსასვლელად ჩვენ რაღაც ახალი გვინდა“, - ამბობს „ეკონომისტთან“ ინტერვიუში უკრაინის ჯარების სარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, - „ვთქვათ, რაღაც დენთის მსგავსი იარაღი, ჩინელების მიერ გამოგონილი. ჩვენ ეს დენთი უნდა შევქმნათ, სწრაფად ავითვისოთ და გამარჯვებისთვის გამოვიყენოთ. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მივხვდებით: ჩვენ რუსეთის დასამარცხებლად ადამიანები არ გვეყოფა“.

თუმცა თეორიულად არსებობს შედარებით იოლი და უსისხლო გამოსავალი: კიევის მიერ  სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმება, თუნდაც ტერიტორიის 17%-ზე უარის თქმა მოუწიოს... მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამაზე ლაპარაკიც არ სურს.

წყარო: https://www.leparisien.fr/

მოამზადა სიმონ კილაძემ

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way