USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
«Le Parisien» (საფრანგეთი): „ჩვენ ვლადიმერ პუტინს „ერთ ადგილი“ უნდა მივუჩინოთ“ (ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან)
дата:  356

„უკრაინა უარს არ იტყვის ნატოს წევრად მიღებაზე და არავის დაუთმობს თავის ტერიტორიებს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ფრანგული გაზეთის „ლე პაღიზიენის“ (Le Parisien) მკითხველებთან ვიდეოკონფერენციის დროს, როცა მსოფლიოს ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და ნოტრდამის აღდგენილი ტაძარი მოინახულეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ კიევი ომს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და უკანასკნელ ჯარისკაცამდე აგრძელებს. „ჩვენ ვლადიმერ პუტინს „ერთი ადგილი“ უნდა მივუჩინოთ“, - ასეა დასათაურებული ინტერვიუ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც უძღვებიან ფრანგი ჟურნალისტები ნიკოლა შარბონო, შარლ დე სენ-სოვერი, რობინ კორდა და არიან რიუ.

გთავაზობთ ფრაგმენტებს უკრაინის ლიდერის პასუხებიდან:

- ერთ თვეში თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა შევიდეს. რა შეიცვლება ამით უკრაინისათვის?

- დიახ, ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს და, შესაბამისად, ცვლილებები გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აშშ-ის პოლიტიკური კურსი უკრაინისათვის სასარგებლო იყოს და არა პირიქით. სამწუხაროდ, უკრაინას ძალიან აგრესიული მეზობელი ჰყავს - რუსეთი, რომელიც ბევრ პოლიტიკურ სიურპრიზს გვიმზადებს. ჩემი გუნდი უკვე მუშაობს დონალდ ტრამპის გუნდთან. ჩვენ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირები გვექნება, რაც ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება. ამერიკა ჩვენთვის მთავარი დონორი იქნება თავდაცვითი ომის გასაგრძელებლად, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენთვის ევროპის დახმარებად აუცილებელია. ამერიკა და ევროკავშირი ჩვენთვის თანაბარ დონეზეა, თუმცა ისიც ცხადია, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე გავლენას, სხვა ევროპული ლიდერებისაგან განსხვავებით, უფრო მეტად მოახდენს. ევროკავშირი კი უკრაინის მომავალია და ჩვენს თავს მის შემადგენლობაში განვიხილავთ.

- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში შეწყვეტს. თქვენ მას აქ, პარიზშიც უკვე შეხვდით. აგიხსნათ აშშ-ის პრეზიდენტმა, რის გაკეთებას აპირებს ამ მიზნით?

- ეს იოლი საკითხი არ არის, თუმცა მას ამის გაკეთება ძალიან სწრაფად სურს. მე ეს ემანუელ მაკრონთან ერთად მოვისმინე ადრეც და ახლაც. დონალდ ტრამპიმა მითხრა, რომ რაღაც დეტალებს გაარკვევს, სანამ საკითხის რეალიზებას დაიწყებს.

ამასთან, იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ იგი თეთრ სახლში ჯერ არ შესულა ოფიციალურად, პრეზიდენტის რანგში - მას აშშ-ის მეთაურის უფლებამოსილება ჯერ არ აქვს. შესაბამისად, მას ასევე არ აქვს აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები, არ აქვს თავდაცვისა და დიპლომატიური უწყების მასალები... როცა ეს მოხდება, ჩვენ დონალდ ტრამპთან თანაბარ დონეზე ვისაუბრებთ. მან კარგად იცის ჩემი სურვილი, რომ არ აჩქარდეს უკრაინის საზიანოდ. ჩვენი ქვეყანა სუვერენიტეტს [და თავის ტერიტორიულ მთლიანობას] ბოლომდე დაიცავს. რამდენმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა არ უნდა გამოაცხადოს ომის შეწყვეტა, ჩვენ დათმობებს და კაპიტულაციას, დამოუკიდებლობაზე უარის თქმას არ ვაპირებთ.

ყველაზე ცუდი და საფრთხის მომტანი ის იქნება, თუ დონალდ ტრამპი იტყვის: „ჩვენ კონფლიქტს გავყინავთ და რუსებთან მოვილაპარაკებთ“.

- თქვენ ამბობდით, რომ არ არის გამორიცხული პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებაც. პირდაპირ გვითხარით, როგორი კომპრომისისთვის ხართ მზად - დაუთმოთ, დროებით მაინც, რუსეთს ყირიმი ან დონბასი?

- ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიების მტრისადმი დათმობა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა, უკრაინის კონსტიტუციით, აკრძალულია. ამჟამად ყირიმი და დონბასი დე ფაქტოდ რუსეთის მიერ კონტროლდება. სამწუხაროდ, არ გვყოფნის ძალა, რომ ისინი უკან დავიბრუნოთ. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლით ვლადიმერ პუტინზე, რომ იგი მოლაპარაკებაზე დათანხმდეს. უბრალოდ, გაკვირვებული ვარ: რატომ ფრთხილობს დასავლეთი ვლადიმერ პუტინის მიმართ იმ დროს, როცა ჩვენ მხარს გვიჭერს? რატომ არ მოგვცა დასავლეთმა იარაღი ომის დაწყებისთანავე? ჩემი სიტყვები შეიძლება ძალიან მკვეთრად მოგეჩვენოთ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინის რუსეთს ყველა უფრთხის და ეშინია. კრემლი დაუსჯელობით სარგებლობს. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკა და ევროპა ისეთი ძლიერი იყოს, რომ მათ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა მოახდინონ ამ კონფლიქტის შესაჩერებლად.

- შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ევროკავშირში და ნატოში შესვლაზე?

- მოიცათ, თქვენ ეს როგორ წარმოგიდგენიათ, განა ამის თქმა შემიძლია? ევროკავშირის წევრობა მე კი არა, მთლიანად უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა. ვლადიმერ პუტინს ამ საკითხში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. კოლონიალიზმის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. პუტინი პოლიტიკურ თამაშს კი არ თამაშობს, არამედ ის რაკეტებით გვირტყამს. რატომ აძლევს მთელი მსოფლიო ამის უფლებას რუსეთის პრეზიდენტს? აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირი... მე ეს არ მესმის. უარი ვთქვათ ნატოზე? დავუშვათ, უარი ვთქვით, მაგრამ სამაგიეროდ რას გვთავაზობთ? ჩვენ ვაცნობიერებთ გამოწვევების და საფრთხეების არსებობას. ვინმე გვაძლევს იმის გარანტიას, რომ დაგვიცავს, თუ პუტინი ისევ იარაღს მოგვიღერებს? რომელი ქვეყანა დაგვეხმარება ავიაციით, ტანკებითა და ჯარისკაცებით? თუ ვლადიმერ პუტინი უკან დაბრუნდება თავისი მილიონიანი არმიით, მერე იცით რა მოხდება? ჩვენ ისევ მარტოხელა უნდა ვიყოთ ბრძოლაში? ისევ უნდა გავხდეთ ჩვენი ქალებისა და ბავშვების დაღუპვის მოწმენი? მთავარი ნატოში შესვლა კი არ არის, არამედ ნატოს მეშვეობით ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

- ამას წინათ თქვენ ჯარში გაწვევის ასაკი შეამცირეთ. როგორი რეაქცია აქვთ ამაზე ახალგაზრდებს? თქვენ გეგმავთ ამ მიმართულებით წინსვლას?

- ყველას კარგად მოეხსენება, რომ ადამიანი რაც უფრო ახალგაზრდაა, მით უფრო ფიზიკურად მტკიცეა და ენერგიულად იბრძვის. მაგრამ მე მინდა ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლე შევინარჩუნოთ. თანამედროვე ომი მხოლოდ სანგრები და ავტომატები აღარ არის, ეს არის ავიაციაც და უპილოტო საფრენი აპარატებიც. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი არმიის  შემადგენელი ტექნოლოგიური ელემენტი და თანამედროვე ომი სწორედ ამის წყალობით უნდა მოვიგოთ. ჩვენმა პარტნიორებმა მეტი ინვესტიციები უნდა დააბანდონ ჩვენი პოტენციალის განვითარებისათვის. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველაზე თანამედროვე და ყველაზე სრულყოფილი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები. მე ხშირად მეუბნებიან, რომ დასავლეთს არასაკმარისი შესაძლებლობები აქვს ამგვარი სისტემების დამატებით შესაქმნელად და რაც აქვთ, ისიც ცოტაა და მათ ის საკუთარი უსაფრთხოებისთვის ჭირდებათ. ძალიან კარგი. მაშინ მოგვეცით ფული და ლიცენზიები, ჩვენ თვითონვე შევქმნით ჩვნს თავდაცვით იარაღს, განსაკუთრებით რაკეტებს და გავაძლიერებთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.

წყარო: https://www.leparisien.fr/international/il-faut-remettre-poutine-a-sa-place-volodymyr-zelensky-face-a-nos-lecteurs-17-12-2024-VHGEU2NPCBGJ3NQKSXOTQM2TFQ.php

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати