მეტეხი ისტორიული უბანია მტკვრის კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში. მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, რომელიც მტკვრის ნაპირზე კლდეზეა აშენებული თითქოს შეზრდილია მასთან და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს. დღის განმავლობაში იგი სხვადასხვაგვარად ნათდება და მისი სილუეტი ცის ფონზე მომხიბვლელ სურათს ქმნის. ტაძარი, რომლის კედლები თითქოს სალი კლდის გაგრძელებას წარმოადგენენ აირეკლება მტკვარში და ამით ადიდრებს მთებში მომწყვდეული და გაშენებული ქალაქის თავისებურ სურათს.
მეტეხი, თავისი ადგილმდებარეობის გამო, ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ხალხში გავრცელებულია თქმულება, რომ დიდი ხნის წინათ, მოპირდაპირე მხრიდან მეტეხის კლდეს რომ შემოხედავდით, შეიძლებოდა დაგენახათ ათი ქვის ბუმბერაზის ღრმა ნაოჭებით დასერილი მახინჯი სახე. მრავალი საუკუნის წინათ ამბოხებული გოლიათები სამეფო ციხის კედლებიდან გადმოაგდეს და მას შემდეგ თავისი მხრებით იჭერდნენო მას. დროისა და წყლის დინებამ ისე ჩამოქნა გადმოშვერილი კლდე, სანამ მთლად არ გაუერთიანა მეტეხის ციხე-კოშკებსა და ქონგურებიან კედლებს. ამბობენ, როცა ციხე-სიმაგრის გალავნიდან ძირს ყრიდნენო უკეთურებს, გაქვავებული გოლიათები კმაყოფილებით იღიმებოდნენ, ხოლო როცა სამეფო სახლში სიმშვიდე სუფევდა, ისინი მტკვარს ყინავდნენო ცივი მზერით.
მეტეხის ტაძარი დედაქალაქის უძველესი ნაგებობაა. მისი აშენების თარიღად ვახტანგ გორგასლის დროა მიჩნეული (VI საუკუნე). ამას ადასტურებენ ვახუშტი, პლ. იოსელიანი და სხვები. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, „იტყვიან ამას აღშენებად გორგასლისაო“. მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია, ციხესიმაგრე და სასახლე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ტაძარი სიმბოლურად იერუსალიმის გეთსიმანიის ბაღში ღმრთისმშობლის საფლავზე აგებულ ტაძარს მიედარებოდა.
ტაძრის სახელწოდება ეკლესიაში დასვენებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უნდა უკავშირდებოდეს. ისტორიულ წყაროებში ეს ტაძარი „მეტეხნის“ ან „მეტეხთას“ სახელით იხსენიება.
თვით ტაძარს მემატიანე “ისანთას” უწოდებს და არა “მეტეხს”. იგი “მეტეხთა ღვთისმშობლის” ხატის “საყოფელად” აუგიათ. ეს, აწ უკვე დაკარგული, ხატი, უეჭველია, დიდად სახელმოხვეჭილი და პატივცემული უნდა ყოფილიყო. რაკი ტაძარი ხალხს “მეტეხთა ღვთისმშობლის” ბინად წარმოედგინა, ამ სახელმა ადრევე დაიმკვიდრა ადგილი. აღსანიშნავია, რომ ყველა ძველ საბუთში სახელწოდება მრავლობით რიცხვში იხმარება: მეტეხნი (“მეტეხთა”) და არა მეტეხი. მეტეხი უფრო გვიან, XVII საუკუნეში გვხვდება.
არსებობს ლეგენდა მეტეხის დაარსებაზე. ოსთა მთავარს, ბაყათარს გაუტაცნია ვახტანგის და, სამი წლის ხვარამზე. მეფემ გადაწყვიტა მისი დახსნა. დამ შეუთვალა: თუ ბაყათართან ბრძოლას მაინც არ დაიშლი, გაითვალისწინე, რომ ის სულ აბჯარასხმული დაიარება, მისი მოკვლა შეიძლება თუ იღლიაში დაჭრიო. ვახტანგმა გაუგზავნა კაცი ბაყათარს. ვახტანგი მტკვარგაღმა იდგა და ელოდა ბაყათარს. ბაყათარმა მას ფიცი ჩამოართვა: სანამ წყალს არ გამოვცდები ისარი არ მესროლოო და შეაგდო ცხენი წყალში. ვახტანგმა ფიცი გატეხა და ბაყათარს ისარი ესროლა. რადგან მან ფიცი გატეხა მონანიების მიზნით ააგო ტაძარი მეტეხი, რაც ნიშნბავს ”მე ვტეხე ფიცი”.
ნ. ჩუბინაშვილის აზრით, სიტყვა „მეტეხი“ ბერძნული „მეტოქისაგან“ წარმოსდგება, რაც ნიშნავს „ეპისკოპოსთა ან არქიმანდრიტთა დროებით სადგომს ეკლესიითურთ სხვის ეპარქიაში“. ზოგი მკვლევარის აზრით, მეტეხი ძველქართულად “არემარეს სასახლის ირგვლივ” ნიშნავს.
მეტეხი თბილისის უწმინდესი ადგილია. მასზე, როგორც „კლდოვან სასანთლეზე“ სხვადასხვა დროს „ლამპრებად“ გაბრწყინდნენ წმინდა ადგილები. ლეგენდის თანახმად ეს იყო ადგილი სადაც მე-5 საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს. თუმცა წერილობით წყაროებში წმინდა შუშანიკის დაკრძალვის ადგილი ცურტავია, ხოლო მეტეხში მისი ნეშტის გადასვენება წმინდა თამარ მეფის სახელს უკავშირდება.
მეტეხის ტაძრის ქვემოთ კლდის იყო პირზე ქვაბი-სენაკი წმ. მამა დავით გარეჯელისა (VI ს), აქვე უმოღვაწია მის მოწაფეს დოდო გარეჯელს, მეტეხის კლდის კბოდეზე იყო „სადილეგო“ – ქვაბი, სადაც დაწვეს არაბებმა წმ. აბოს გვამი.
VIII-XI საუკუნეებში მეტეხი თბილისის ამირას რეზიდენცია იყო. ქართულ ისტორიულ წყაროებში მეტეხის კლდე XI-XIII ს.ს.-ში მძლავრ გამაგრებულ ციხედ იხსენიება, სადაც ბაგრატოვან მეფეთა პალატები იყო, ბუნებრივია, შესაბამისი ნაგებობებითურთ (ეკლესია, სასახლე და სხვა..). შამქორის ომის დროს (1195 წ.), როგორც თამარის ისტორიკოსი ბასილი გვამცნობს, ჯარის გასტუმრების შემდეგ თამარი ფეხშიშველი მისულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის საქართველო ცრემლებით შეუვედრებია.
ამგვარად მეტეხის კლდე და მისი მიდამოები ისტორიულად ხუროთმოძღვრული ნაგებობებით დატვირთულ ბირთვს წარმოადგენდა. ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე პლატოს ეს კლდოვანი „გვირგვინი“, შემკული ტაძარ-სალოცავებით, მეფეთა პალატებითა და გალავან-კოშკებით მფარველი ძალისხმევით შეჰყურებდა და ნათელს ჰფენდა საუკუნეების მანძილზე ქალაქ თბილისს.
თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს, როდესაც თბილისს მონღოლთა ჯარი შემოესია და ააოხრა, მტრის მსხვერპლი შეიქმნა მეტეხის ტაძარიცა და სასახლეც.
12-ე საუკუნის შუა წლებში აღადგინეს მეფის პალატები ხოლო 1278-1289 წლებში, დიმიტრი თავდადებულის მეფობის დროს მთლიანად აღდგენილ იქნა მეტეხის ტაძარი. „ქართლის ცხოვრების“ ჟამთააღმწერელი გვამცნობს, რომ დემეტრე მეორემ „აღაშენა პალატსა შინა მონასტერი ისანთა საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობლისა და შეამკო განგებითა დიდითა“. ტაძრის დღევანდელი სახე სწორედ ამ დროს მიეკუთვნება.
XV საუკუნის 30-იან წლებში აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). ეკლესია მოგვიანებით დაზიანდა და რამდენჯერმე აღდგენილ იქნა. მეფე როსტომმა (მეფ. 1633-1658) გაამაგრა არემარე ეკლესიის ირგვლივ ძლიერი ციტადელით, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა.
XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან მეტეხის ტაძარში წირვა-ლოცვა აღარ აღესრულებოდა. შარდენის ცნობით, XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. 1660 წელს ნაგებობას მეხი დაეცა. დაზიანებული ეკლესია მაჰმადიანმა მეფემ- ვახტანგ V შაჰნავაზმა შეაკეთებინა და მასში დენთის საწყობი განათავსეს. ამავე ფუნქციას ინარჩუნებდა ტაძარი 1690-აინ წლებში, როდესაც იგი ერეკლე I ნაზარალიხანმა სპარსელებს გადასცა ციხესთან ერთად. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მეტეხი თურქებს ეჭირათ, შემდეგ სპარსთა გარნიზონიც მდგარა.
ეკლესია მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც 1748 წელს ერეკლე მეორემ აბდულა-ბეგი დაამარცხა. ციხის აღების დროს დაზიანებული ეკლესია შეაკეთა და აღადგინა მისი გუმბათი. ამ ფაქტს გვიდასტურებს ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერა.
”მეფემ ირაკლიმ ეს ციხე მტერსა წაართო ძალადო,
აიღო ჯვარი ქრისტესი,წინ მოუმძღუარა ფარადო,
გაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქვს საყდრის კარადო,
ღუთის მოყვარესა ხელმწიფეს ასე სჭირს ამის გუარადო.
ღუთის სადიდებლად, მეოხად მეფისა ერეკლესია”.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევებმა პირისაგან მიწისა აღგავა მეტეხის ციხე-სიმაგრე და სასახლე. მეტეხის სამეფო ციხე-სიმაგრის მრავალრიცხოვანი ნაგებობებიდან შემორჩა მხოლოდ მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი.
რუსეთის ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის ეკლესია განაგრძობს მოქმედებას. ძველი სიმაგრე კი, რომელიც ჯერ კიდევ ერეკლე II-ს დროს შელახული იყო, 1819 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაანგრია და მის ნაცვლად საპყრობილეს შენობები აღმართა. მეტეხის საერთო არქიტექტურა შეიცვალა: ეკლესიის გარშემო მრავალკოშკებიანი გალავნის ნაცვლად ყაზარმული ტიპის ახალი შენობები გაჩნდა. „ეხლა მეტეხის ციხეში გამართულია საპყრობილე და მეტეხის ღმრთისმშობლის ეკლესია არის სამლოცველო ტაძარი პყრობილთა და უძლურთა სულთა“ – წერს ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი (ჟურნალი „მწყემსი“, 1884, #18. გვ.6-9).
ერთ-ერთ მის ბნელ რკინის გისოსიან და ვიწროსარკმლიან საკანში ლამის პირველითაგანი დაამწყვდიეს სახალხო გმირი არსენა მარაბდელი (ოძელაშვილი). თითქმის 120 წელიწადს იარსება სატუსაღო შენობამ. 1898 წელს მეტეხის ციხეში იჯდა მაქსიმ გორკი. მეტეხში 1903 წლის აგვისტოს გარიჟრაჟზე ციხის საკნის გისოსთან ვერაგულად მოკლეს ლადო კეცხოველი.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეტეხის ციხე გაუქმდა და 1937 წელს დაანგრიეს, ხოლო ტაძარი, როგორც ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუში, ხალხის კუთვნილებად გამოცხადდა.
დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინაარმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა.
მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა (არქიტექტორები თეიმურაზ კანდელაკი და დავით მორბედაძე). ღონიერ ბედაურზე ამხედრებულ მეფეს ხელი მბრძანებლურად და მრავალმნიშვნელოვნად აღუმართავს. “სატახტო საქართველოსი იყავნ აქ!” – ასეც შეიძლება გაიგო ეს ჟესტი და “გამარჯობა, თბილისის სტუმარო!” – ასეც.
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ტაძარი უმოქმედოდ იყო. 1970 წლიდან აქ სპექტაკლებს მართავდა მეტეხის სახელმწიფო ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, რომელიც თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ჯგუფის მიერ დაარსდა. სპექტაკლისგან თავისუფალ დღეებში აქ ტარდებოდა ქალაქის შემოქმედებითი ახალგაზრდობის შეხვედრები, ხოლო ღია ცის ქვეშ, პლატოზე ეწყობოდა ხალხური კონცერტები და ლექციები.
1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და პოპულარული მხარდაჭერით დაწყებულ იქნა ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხვნით ცნობილი ქართველი დისიდენტი და მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს. კომუნისტური მმართველობის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად 1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო. 1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს. მორწმუნეებმა შეაკეთეს გაძარცვული ტაძრის კანკელი. 1992 წლიდან გარდაცვლილი შვილის სულის საოხად ტაძრის სარემონტო სამუშაოებში ჩაება მშენებელ-ინჟინერი ალექსანდრე ანთაძე.
,,ჩაწერილი ჯვრის” ტიპის ეკლესია ძველ გეგმას იმეორებს და XIII საუკუნისთვის უჩვეულო გადაწყვეტით გამოირჩევა. გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა, აღმოსავლეთის ფასადზე კი საკურთხევლის , სამკვეთლოს და სადიაკვნეს მძლავრად შვერილი ნახევარწრიული აბსიდები გამოიყოფა. ნაგებობას ჩრდილოეთით კარიბჭე ეკვრის აღმოსავლეთით გახსნილი თაღით, შესასვლელი კარია დასავლეთითაც. მრავალჯერ შეკეთებულ-განახლებული ტაძრის ფასადზე ერთმანეთს ქვისა და აგურის ფაქტურა ენაცვლება. თავდაპირველია თლილი ქვის პერანგი, აგურით ამოყვანილია კამარები, გუმბათი. აღმოსავლეთ აბსიდს პირვანდელი იერი აქვს შენარჩუნებული: ცენტრალურ შვერილზე გაჭრილი სამივე სარკმელი ორნამენტულ საპირეშია ჩასმული, რომელთაც ასეე ორნამენტული მძლავრი ჯვრები ეყრდნობათ. შუა სარკმლის ქვეშ კი უხვად მოჩუქურთმებული რომბებია მოცემული.
მეტეხის ეკლესიის სამხრეთით, კლდის გაყოლებაზე, მერცხლის ბუდეებივით მიკრულა ძველი სახლები, რომლებშიც ოდესღაც ცხოვრობდნენ ხელოსნები და წვრილი ვაჭრები. ტრადიციული აივნებიანი და შუშაბანდებიანი სახლების კედლები ისე შედუღაბებია კლდის მასივს, ვერ გაარჩევ, სად თავდება კედელი და სად იწყება ძველი შენობების საძირკველი. კლდის ნაპრალში გოგირდის წყაროსთან, მარცხენა სანაპიროზე, გოგილოს ერთადერთი აბანოა. მისი გუმბათები და დიდი ფანჯრის ვიტრაჟები გადაღმა ნაპირიდან კარგად მოჩანს.
1970-იანი წლების შუა ხანებში მეტეხის კედელში გაიყვანეს ორი პარალელური, თითოეული 900 მეტრის სიგრძის გვირაბი. ამ გვირაბებისა და ესტრადის მეშვეობით, რომელიც მტკვარს გასდევს, გამჭოლი მოძრაობა ბარათაშვილის სანაპიროზე შესაძლებელია თითქმის მთელ სიგრძეზე.
მეტეხის ხიდი
უძველესი დროიდან მეტეხის ვიწროებაში ხიდი იყო გადებული, რომელიც ისანს აკავშირებდა კალასთან. ამ ადგილზე ხიდის გადებამ დიდი როლი ითამაშა თვით ქალაქის წარმოშობაში. იგი თბილისში ყველაზე მოკლე ხიდია, მტკვრის გრძელ გზაზე, ყველაზე ვიწრო და ყველაზე ღრმა კვეთში აგებული.
19 საუკუნის 40-50 წლებიდან ამ ადგილზე ერთმანეთის ახლოს ორი ხიდი იყო გადებული. ერთ მათგანს, დინების აღმა ავლაბრისა ერქვა, მეორეს- მეტეხისა. ავლაბრის ხიდზე ტრანსპორტი ერთ მხარეს მოძრაობდა, მარჯვნიდან მარცხნივ. ავლაბრიდან მომავალი ურმები და სხვა ტრანსპორტი მარჯვენა ნაპირზე ვორონცოვის სახელობის ხიდით გადიოდა.
წინათ ხიდს ხის მასალებისაგან აგებდნენ. 1870 წელს ხის ხიდები ლითონისამ შეცვალა. ინჟინერ ზაზემანის პროექტით ხიდი ინგლისიდან შემოტანილი სტანდარტულ ლითონის ფერმაზე აღმართეს. გასულ საუკუნეს, ახალი ხიდის აშენებისას, როდესაც მშენებლებმა ხიდის ჟანგმოკიდებული ფერმა აიღეს, მასზე კიდევ შემონახულიყო ინგლისის მრეწველობის ცნობილი ტვიფარი: “გაკეთებულია ინგლისში. 1870”.
მეოცე საუკუნის 50 წლებში ძველი ხიდები მოშალეს. მეტეხის ახალი ხიდის პროექტი არქიტექტორებმა სერგო დემჩინსკიმ (დემჩინელი) და კონსტრუქტორმა გიორგი ჩომახიძემ შეადგინეს. მისი მშენებლობა 1950 წლის ოქტომბერში დაიწყეს და 6 თვესა და 17 დღეში დაამთავრეს. მეტეხის ხიდი საექსპლუატაციოდ 1951 წლის 29 აპრილს გადაეცა.
აიგო რკინა-ბეტონის ხიდი, რომლის თაღოვანი მალის ქორდა 43 მეტრს უდრიდა, სანაპიროს გასატარებელი გზახიდის სიგრძე 20 მეტრი, ხიდის სიგანე 25,6 მეტრია. მისი ორივე ფასადი შემოსილია სუფთად გათლილი ბაზალტის ქვით, რაც ფერით ეხამება მტკვრის ამ უბანზე გადმომზირალ კლდეებს. ხიდზე დაყენებული იყო ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული ოთხი თერთმეტმეტრიანი ლამპიონი მხატვრულად შესრულებული ლითონის სანათურებით, რომლებიც შემდგომ დაანგრიეს.