ევროპული საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის (EPP)“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამართულ EPP -ის კონგრესზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები და რა ტკივილებს განვიცდი სხეულში, ვგრძნობ „ევროპის სახალხო პარტიის (EPP)“ ოჯახის ძალას, ჩემი პოლიტიკური ოჯახის. ყოველთვის, ყველაზე ბნელ საათებში, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ლიდერები აჩვენებენ გზას ნათელი მომავლისკენ. დღეს ეს პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. უკრაინას სჭირდებით. საქართველოს სჭირდებით. ევროპა თქვენ გარეშე არაფერია.
მთელი ჩემი ცხოვრება ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას მივუძღვენი, რომელსაც პუტინი და ივანიშვილი განასახიერებენ, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ევროპული საზოგადოების საფუძველს – თავისუფლებას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. არ შევშინდეთ, ვიბრძოლოთ ერთად, გაერთიანებულებმა. ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენი კოლექტიური უარის თქმის ფასი მკვეთრად ძვირია.
გული მწყდება ათასობით უკრაინელზე, ჩემს მეგობრებზე, რომლებიც იარაღით სწირავენ სიცოცხლეს ევროპული ოცნების სახელით. თუ უკრაინა დაეცემა, მას ბევრი სხვა მიჰყვება, ჩემი საყვარელი საქართველოთი დაწყებული. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მოხდეს. ძალას ვეძებ, გადავლახო ჩემი ტანჯვის დღეები, ვფიქრობ ჩემი ძვირფასი მეგობრის ვილფრიდ მარტენსის მემკვიდრეობაზე, რომელმაც „ევროპის სახალხო პარტიაში“ მიმიღო, მაშინ, როდესაც რუსები უკვე ემუქრებოდნენ საქართველოს. მახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობდა. სანამ ჩემი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს, არ დავნებდები, მაშინაც კი თუ ეს უკანასკნელი ფასის გადახდას ნიშნავს. როგორც ჟან მონემ თქვა, „მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე უდრეკი ვარ“. თავისუფლება გაიმარჯვებს და დიდ ახალ ეპოქას გაუხსნის გზას“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესისადმი გაგზავნილ მიმართვაში, რომელიც პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა წაიკითხა.
როტერდამში, კონგრესი მიმდინარეობს, დარბაზში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ცარიელი მაგიდა და სკამი იდგა, სადაც „მიხეილ სააკაშვილი“ ეწერა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/